„დავუტოვე გასაღები მეზობელს, მეორე დღეს კი ის მკვდარი იპოვეს“- უკრაინელი ქალების ისტორიები საევაკუაციო ავტობუსიდან

საევაკუაციო ავტობუსი, რომელიც ლიტვის მიმართულებით მიდის, სავსეა ადამიანების ხმებით. მგზავრები ერთმანეთს ისტორიებსა და მოგონებებს უზიარებენ, რათა საკუთარ დარდში არ ჩაიხრჩონ. კიდევ უფრო ხმამაღლა ყვირის 70-იანების დროინდელი იკარუსის ძრავი, კონდიციონერის და ფარდების გარეშე.

ყველა იოფლება. ცდილობენ, არ იტირონ, ყურადღება შვილებსა და ძაღლებზე გადააქვთ, ხანდახან ხუმრობენ კიდეც.

ადამიანებს დარდისას ორი რეაქცია აქვთ: გაჩუმება ან გაუთავებელი საუბარი.

„უკრაინსკაია პრავდამ“ ქალების საუბარი ჩაიწერა, რომლებმაც მოახერხეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაქცევა და ბომბებს გადაურჩნენ.

სამი ტატიანა და ქრისტინა

ევაკუაციის დღეს ორი ავტობუსი საკმარისი არ აღმოჩნდა. ერთ-ერთ მათგანში, ბავშვებისთვის გამოყოფილ ადგილას სამი დედა შეიკრიბა, 5 ბავშვით. გოგონები გამხდრები, დაღლილები და ძალიან ნაზები იყვნენ, მაგრამ როგორც დედა მგლები, ისე იცავდნენ თავიანთ შვილებს. მათ ერქვათ ტანია, ტანიუშა და ტატიანა. მათ ცალ-ცალკე დატოვეს კიევის რაიონი და ავტობუსის საფეხურებზე მოუწიათ მგზავრობა.

ტანიებიდან სამივეს თავ-თავისი ისტორია აქვს, თუ როგორ გადალახეს ბლოკპოსტები, გაიარეს გრძელი გზები უსაფრთხო ხიდამდე და წინ კიდევ გრძელი გზა აქვთ. ეს შეკრული წრე ლვოვში უნდა დასრულებულიყო – ახლა ისინი მეგობრულ და უსაფრთხო ლიტვაში მიდიან. დროთა განმავლობაში, ერთმანეთს ამბებს აწვდიდნენ სამხედროების შესახებ.

– ამბობენ, რომ შენობა აღარ არის.

– ხო, მეც გავიგე, ახლა ჩვენები გამოვიდნენ და ისინი…

– ნატალიასგან კი არაფერი ისმის, ნეტავ, თუ მოახერხა იქიდან გამოღწევა. 

– ხო, თან ორი ბავშვით…

ჩემ გვერდით ზის ქრისტინა. ის ხარკოვში ცხოვრობს, შეყვარებულთან ერთად საბუთებს აგროვებდა იპოთეკისთვის და კიდევ – რამდენიმე წლის წინ ის დონბასიდან გამოიქცა იგივე „განმათავისუფლებლების“ გამო.

ის არ ტირის, რუსებზე გაბრაზებით საუბრობს და თან ფრანგულ ბულდოგს იხუტებს:

მე პირველ სართულზე ვცხოვრობდი ნაქირავებ ბინაში. დილით, 24-ში გავიღვიძე და ვერ მიხვდი – ისევ სახლში ვიყავი, დონეცკში, თუ ეს დამესიზმრა? შემდეგ დავურეკე დედას და მან მითხრა: „დაიწყო“. 

მე იქ ორი კვირა ვიცხოვრე, სააბაზანოში მეძინა. ერთხელ ძაღლს ვასეირნებდი და ჩვენ გვერდით ჭურვი აფეთქდა. ძაღლს ისე შეეშინდა, რომ სუნთქვის პრობლემები დაეწყო. მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა წავსულიყავი. 

დღისით ავტობუსში საშინელი სიცხე იყო. ყველა მცდელობა, რომ ლუქი მაინც გაგვეხსნა, წარუმატებელი აღმოჩნდა. გუგუნს ყურსასმენებიც არ შველოდა, ამიტომ ერთადერთი ხელმისაწვდომი გასართობი სხვებზე დაკვირვება იყო.

ბიჭუნა, მუქი თმებით, ერთ-ერთ ტანიას ჰიგიენურ პომადას სთხოვს. ეს რომაა, მაგრამ ის მისი შვილი არაა – ქალმა თავისი მეზობლის ბავშვი წამოიყვანა. ბიჭუნა ნერვიულობს, ამიტომ გამუდმებით ილოკავს ტუჩებს და პატარა ჭრილობებს იღრმავებს.

ქალი ჩანთაში იქექებოდა, მერე ყველა უსარგებლო ნივთის ამოღება გადაწყვიტა: ხელსახოცი, სათვალე, პორტატული დამტენი, მანქანის გასაღების საკიდი…

ლუბა და ვალია

ავტობუსი ჩერდება. ყველა ერთმანეთში აირია, ეცნობიან ერთმანეთს, რეკავენ ან წერენ ახლობლებს. საპირფარეშოს რიგში ლიუბა გავიცანი. მაღალი, სასიამოვნო გარეგნობის ქალი, დაახლოებით, 50 წლის; მუქი, ყავისფერი თვალებით და გაღიავებული თმებით.

ის დაბნეული ჭმუჭნის ხელში ცხვირსახოცს. ჯერ რაღაც ჩვეულებრივი იკითხა, შემდეგ კი, თავისი ისტორია მოყვა. ისე, უბრალოდ, ყოველგვარი შესავლის გარეშე – მას საკუთარი დარდის გაზიარება სურდა.

– ისეთი კარგი იყო ჩვენი ქალაქი… აგვისტოში ფაბრიკა 30 წლის გახდებოდა. ახლა, 50 წლის ასაკში, მიდი და წადი სიცარიელეში ერთი ჩემოდნით. ქუჩები არ არის, სახლები არ არის. აი, ქმართან უკვე მესამე დღეა არანაირი კავშირი არ მაქვს…

ის ცრემლებს იწმენდდა. რიგი ახლოვდებოდა. ჩვენ ერთმანეთს ჩამოვშორდით. გარეთ ლუბას გვერდით მისი და, ვალია იდგა – ისინი ტყუპები არიან. 

ვალია სიტყვებს ვერ პოულობს  ოკუპანტებისთვის.  ქალი ჰყვება, რომ რუსმა სამხედროებმა ჯერ დააკაკუნეს და შემდეგ მის ბინაშიც შევიდნენ.

– როდესაც ისინი შემოვიდნენ, ბინა თითქოს აღარც მქონდა. მე ორი ღამე მეზობელთან ვცხოვრობდი. მაშინ, „დერეფნის“ საშუალებით, ძლივს მივედით სუმიმდე. მანამდე, ერთი დღით ადრე, ჭურვი სახლის უკან ჩამოვარდა და ჩვენი ფანჯრები სულ ჩამოცვივდა. ჩემი ბინის თავზე გაზის მილი გასკდა. ოკუპანტები არ აძლევენ კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს საშუალებას, ადგილზე მივიდნენ და რამე გააკეთონ. ხალხი საკუთარი ძალებით არემონტებს ყველაფერს. მადლობა ღმერთს, რომ ეს მაინც არ აფეთქდა. 

– დიახ, დიახ, სინათლე 9 მარტიდან მოყოლებული არ გაქვს. ზოგიერთ რაიონში ომის დაწყებიდან მესამე დღეს გაითიშა, – ადასტურებს ლუბა.

– ჩვენ სოფელი გვქონდა, იქაც ყველაფერი გაანადგურეს – აგრძელებს ვალია. მე ფანჯრის დასახურად შევედი, მთლიანად მაკანკალებდა. 50 წლის განმავლობაში, არასდროს არაფრის შემშინებია, მაგრამ უკვე იმდენი რამე მინახავს… მაგალითად, ვესაუბრებოდი ნაცნობს, დაიწყეს დაბომბვა და ჩვენც გავიქეცით სხვადასხვა მხარეს. ნახევარი საათის მერე უკან დავბრუნდი და ის აღარ იყო, მის სახლში ჭურვი ჩამოვარდა.

ვალიას სახეზე მთელი ტკივილი ჩანდა, მაგრამ ცრემლი – არა.

– მე ცოტა ნივთები მაინც წამოვიღე, – ამბობს ლუბა, – ჩემოდანში ჩავაგდე. თხელი ქურთუკი, მაისური გამოსაცვლელად. ჩემი ოქრო სად არის, არც კი ვიცი. ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა – გამუდმებით ისროდნენ. მშვიდად ჭამაც კი შეუძლებელი იყო. ბინის საბუთები კი წამოვიღე, მაგრამ უკან დასაბრუნებელი აღარ არის, მათ ყველაფერი გაანადგურეს. 

– ჩემი საბუთები კი ნათესავებს აქვთ, ალბათ, მათ უკვე ვეღარ ვიპოვი. კიდევ საყინულე მქონდა სავსე ხორცით, რაღაც დროის სამყოფი მაინც იყო. გასაღები მეზობელს დავუტოვე, მომდევნო დღეს კი, ის გარდაცვლილი ვიპოვე. თუმცა. ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ჩემს სახლში რუსები ცხოვრობენ, – ბოლოს წინა სიტყვაზე განსაკუთრებული სიბრაზე გამოხატა ვალიამ. 

უკვე ავტობუსში ვსხდებოდით, ლუბა მხარზე შემეხო და მითხრა:

– ძალიან არ მინდა, რომ ვინმემ ნახოს ის, რაც ჩვენ ვნახეთ. მინდა, რომ კაცები ცოცხლები გადარჩნენ…

ლუბას თვალებზე კვლავ ცრემლები მოადგა.


რეპორტაჟის ავტორია ვიქტორია ანდრეევა, მომზადებულია „უკრაინსკაია პრავდასთვის“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები