„დე, ყველაფერი კარგად გვაქვს, ძაღლებმა ტყიდან შველი მოათრიეს, ყველაზე გავანაწილეთ“ – ქალაქიდან ტყეში გახიზნულები
როდესაც ომი დაიწყო, უკრაინელები მასობრივად გადავიდნენ ქალაქებიდან სოფლებში. იფიქრეს, თითქოს, რატომ უნდა გაენადგურებინათ პატარა დასახლებები, მაგრამ, კიევის დაპყრობის მიზნით, მტერმა ირგვლივ მდებარე ქალაქების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. თავისი ისტორია ლესია ლიტვინოვამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ კიევი ყველაზე საფრთხისშემცველი ქალაქი იქნებოდა
„ჩემი პირადი გმირი. ჩემი პირადი სინათლე…
ოკუპაციის ორი კვირა – შუქის, გაზის, ნაწილობრივ კავშირისა და საკვების გარეშე. არანაირი შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ისინი იქიდან გამომეყვანა. მესიჯიდან მესიჯამდე უფსკრული იყო, რომელიც სასოწარკვეთილებით ივსებოდა.
-დე, კარგად ვართ. ძაღლებმა შველი მოათრიეს ტყიდან. აქ ყველაზე გავანაწილეთ.
-დე, არ ინერვიულო. აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება. სოლისთვის (ლესიას უმცროსი შვილი) სოფლიდან ცოტა რძე მოიტანეს.
-დე, შენს თავს გაუფრთხილდი. ჩვენ გავუმკლავდებით. ომი როდის დამთავრდება? შენ ცოცხალი იქნები? მპირდები?
ისინი უსაფრთხო ადგილას გადავლენ…
ამ საშინელ ფოტოზე, სადაც დემიდოვოს ხიდის ნარჩენებია, ჩემი შვილებიც არიან. 10 მარტს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ იყო. ადგილობრივებმა დამოუკიდებლად დააორგანიზეს ევაკუაცია. ევაკუაცია, რომელსაც პოლიციელმა სიცოცხლე შესწირა. იმ საღამოს სამსახურის უფროსმა გამიშვა, რათა ღამე მათთან ერთად კიევში გამეტარებინა. ჩემი შვილი ორ კვირაში დედად და მამად გადაიქცა წლინახევრის დისთვის. ძალიან გახდა და ძალიან გაიზარდა. ჩემი პირადი გმირი… ვერც კი წარმოვიდგენ, როგორ უძლებს. ყველას ძალიან უჭირს, მაგრამ მან საკუთარ თავზე დიდი ტვირთი აიღო. სოლი თავისთან, მის გარდა, არავის უშვებს. ის მისი პატარა სამყაროა, სანამ გვერდით მშობლები არ ჰყავს.
10 მარტს ისინი უსაფრთხო ადგილას წავიდნენ, ლუცკში და იქ ომის დასასრულს დაელოდებიან. მათ ესმით, რომ ეს რამდენიმე დღეში არ მოხდება. მაგრამ იციან, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და კვლავ ერთად ვიქნებით,“ – წერს ლესია სოციალურ ქსელში.