10 წლის დიმას ჭურვის ანასხლეტი პირდაპირ თავში მოხვდა – რუსების მიერ მოკლული კიდევ ერთი ჩერნიჰიველი ბავშვის ისტორია
2022 წლის იანვარში „უკრაინსკაია პრავდა. ცხოვრება“ წერდა ჩერნიჰიველი რეკორდსმენის, მაქსიმ უსის შესახებ.
ცერებრალური დამბლის მიუხედავად, მაქსიმმა გადალახა ულტრამარათონის 100 კმ და უკრაინის რეკორდების წიგნში მოხვდა.
ერთი თვის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაიწყო. ოთხი კვირის მერე კი მაქსიმის ვაჟს, 10 წლის დიმას დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ბიჭი ვერ გადარჩა.
ბავშვი თავშესაფარში ორ საათზე მეტს ვერ ძლებდა
მაქსიმი, ევგენია და დიმა უსები ცხოვრობდნენ ჩერნიჰივში, ორსართულიან კორპუსში. როდესაც ქალაქის დაბომბვა დაიწყო, ისინი რამდენჯერმე წავიდნენ თავშესაფარში.
თუმცა, აუტისტური სპექტრის მქონე 10 წლის დიმამ იქ ორ საათზე მეტ ხანს ვერ გაძლო. ამიტომ, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დერეფანში სახლის დაბომბვას გადაურჩებოდა. 16 მარტის საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიჰივში სროლა კიდევ ერთხელ დაიწყეს.
მაქსიმეს და ევგენიას არ ესმოდათ, რას ისროდა მტერი. ფიქრობდნენ, რომ ბინაში უფრო საშიში იყო: რაკეტა ან ბომბი შეიძლება სახლის სახურავს მოხვეროდა. ამიტომ, გადავწყვიტეს, სადარბაზოში გაჩერებულიყვნენ.
მტრის პირველი მოსვლის შემდეგ ოჯახი სახლში დაბრუნდა. დიმამ ჩაძინებაც კი მოასწრო, მაგრამ რუსული ჯოჯოხეთი ხელახლა დაიწყო. ევგენიამ და მაქსიმმა შვილს ჩააცვეს, აიღეს სკამები და კვლავ სადარბაზოში წავიდნენ, პირველ სართულზე. მაქსიმი და მეზობლები გვერდით იდგნენ, ხოლო ევგენია, შვილთან ერთად, კედელთან სკამზე იჯდა. სახლიდან 7 მეტრში უეცრად ჭურვი აფეთქდა. აფეთქების დარტყმამ მთლიანად მოგლიჯა სადარბაზოს რკინის კარი. მაქსიმმა მეუღლის ყვირილი გაიგონა, მივარდა მასთან, ფანარი მიანათა და დაინახა შვილი, რომელიც სისხლიან გუბეში იწვა. ევგენია ფეხში იყო დაჭრილი.
„სროლა არ ჩერდებოდა. მე გვერდზე სახლში გავიქეცი, შველას ვითხოვდი, მაგრამ მითხრეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ. შემდეგ სხვა თავშესაფართან გავიქეცი, იქაც უარი მითხრეს. როდესაც მესამე ადგილას გავიქეცი, ქუჩაში ორ მამაკაც გადავეყარე. მათ მეგობრებს დაუძახე და ჩემი მეუღლე და შვილი თავშესაფარში გადავიყვანეთ. იქ უკვე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და ისინი საავადმყოფოში წაიყვანეს. ამ ადამიანების უზომო მადლიერი ვარ“, – ჰყვება მაქსიმი.
მეუღლეს ფეხი ჰქონდა მოტეხილი და ჭრილობები მუხლს ქვევით, ხოლო დიმას რუსული ჭურვის ანასხლეტი პირდაპირ თავში მოხვდა. ბიჭი ერთი კვირის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო, მაგრამ პულსი და წნევა მაინც სტაბილური რჩებოდა.
მაქსიმი ოჯახის წევრების მოსანახულებლად ყოველდღე დადიოდა. სროლის ფონზე, ის ველოსიპედით 6 კილომეტრს გადიოდა ერთი მიმართულებით. მეუღლე პირველ სართულზე იწვა, ბიჭი კი – მეორეზე. 23 მარტს დიმას მდგომარეობა გაუარესდა. მომდევნო დღეს მამას შეატყობინეს, რომ მისი პატარა ანგელოზი აღარ იყო.
მეუღლეს ჩერნიჰივიდან წასვლა არ უნდოდა
ომისთვის მაქსიმი მზად არ იყო. ის თებერვალში უკრაინის ჩემპიონატზე გამოდიოდა. ჩერნიჰივში 23 თებერვალს, გვიან ღამით დაბრუნდა. მომდევნო დილას უკვე ჩემოდნებს ალაგებდა.
რუსული თავდასხმის პირველ დღეს ის სამი საათით ქსელურ მარკეტში სამუშაოდ წავიდა. საღამოს უკვე სახლის ფანჯრებზე წებოვან ლენტს აკრავდა, აჭედებდა ფიცრებს და ავეჯს კედლებთან ახლოს აწყობდა.
ევგენიას არ სჯეროდა, რომ ომი დიდხანს გაგრძელდებოდა. ბოლომდე იმედს იტოვებდა, რომ ყველაფერი მალე მორჩებოდა. ქალაქიდან წასვლას მაქსიმი მეუღლეს ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს სთავაზობდა.
„მე შშმ პირი ვარ, ამიტომ საომრად არავის მივყავდი. ტერიტორიულ დაცვაშიც არავინ ამიყვანდა. ცოლს ყოველდღე ვეუბნებოდი: მოდი, მოვძებნოთ მოხალისეები, რათა წასვლაში დაგვეხმარონ, ჩვენ ხომ ავტომობილი არ გვყავს-მეთქი, მაგრამ ის დედამისს უსმენდა, რომელიც ეუბნებოდა, რომ ჩვენ სამხედრო ობიექტი არ ვიყავით და ჩვენ არ გვესროდნენ…“, – იხსენებს მაქსიმი.
უსების ოჯახმა ყველა გამოცდას გაუძლო, რომელიც ჩერნიჰივს წილად ხვდა: ოთხსაათიანი რიგები პურზე, გადაადგილება ტყვიების ცვენის ქვეშ სხვა მიკრორაიონებში საჭმლის ძიებაში, ცხოვრება წყლის, კავშირისა და შუქის გარეშე. ეს რთული ცხოვრება იყო, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ და მათი შვილი სროლებს შორის ოთახში თამაშობდა…
„არ ვიცოდი, როგორ შემეტყობინებინა ეს საშინელება“
იმ საშინელ დღეს, 24 მარტს, მაქსიმმა არ იცოდა, როგორ ეთქვა მეუღლისთვის, რომ მათი ანგელოზი აღარ იყო.
ბავშვს რეგიონულ ლანდშაფტურ პარკში დაკრძალავენ. იქ მოიყარა თავი რუსეთის აგრესიის ყველა მსხვერპლმა, ვინაიდან სასაფლაო მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. ომის შემდეგ ბიჭუნას სხვა ადგილას დაკრძალვა იქნება შესაძლებელი.
მაქსიმის თქმით, ევგენია ცუდ მდგომარეობაშია. ექიმებმა მისი ფეხიდან ჭურვის ნამსხვრევი ამოიღეს და ჭრილობა გაკერეს, მაგრამ საჭიროა მკურნალობა, რაც ჩერნიჰივში ამჟამად მიუწვდომელია. მათ სამ კვირამდე ვადა აქვთ, რომ ფეხი გადაარჩინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოკვეთა გახდება საჭირო. ამიტომ, მაქსიმი ეძებს ხერხს, როგორ გადაიყვანონ ის უსაფრთხო ადგილას.
ეს ადვილი გასაკეთებელი არაა, ვინაიდან დესნაზე გადებული ხიდი, რომლითაც ადამინები კიევში მიდიოდნენ, რუსმა სამხედროებმა 23 მარტს ააფეთქეს.
„დიმას სიცოცხლე უყვარდა, ჩვენ ვუყვარდით. მან უკვე იცოდა, რომ იატაკზე უნდა დაწოლილიყო განგაშის დროს. გვიჯერებდა და ელოდებოდა, როდის შეძლებდა თამაშს. მე დამრჩა ფოტო, სადაც შემოსასვლელში ვართ და ის მე მეხუტება… და მილიონი მოგონებას მის შესახებ. შვილების დაკარგვა ძალიან მტკივნეულია. ამის ენით აღწერა შეუძლებელია. ის ჩემი ანგელოზია და ის აღარ არის დედამიწაზე“, – ამბობს მაქსიმი.
ჩერნიჰივიდან გამგზავრებას ოჯახი უახლოეს დღეებში გეგმავს. მაქსიმი ამბობს, რომ სანამ ისინი ჩერნიჰივში არიან, ფული არ სჭირდებათ, აქ მოხალისეები აჭმევენ. როდესაც ევაკუირდებიან, ფინანსები შემდეგ დასჭირდება – ახალი ცხოვრების დასაწყებად და მეუღლის მკურნალობისთვის.