პროკურატურას გია გორგაძის დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა აცნობეს

მთავარ პროკურატურას გია გორგაძის დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა აცნობეს. პროკურატურის ინფორმაციით, გორგაძის ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ გორგაძე ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო გაიტაცეს. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, დაახლოებით 11 საათზე, მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ გია გორგაძის ოჯახის წევრები, რომლებმაც აცნობეს სამართალდამცავებს, რომ არ იცოდნენ სად იმყოფებოდა გია გორგაძე, რომელსაც გათიშული ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ იგი იყო გატაცებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარადავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო და ითხოვდნენ დახმარებას.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება გია გორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, საქმეზე დაუყოვნებლივ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დადგინდა გია გორგაძის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც იგი მიყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისა და სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გია გორგაძე არის ერთ-ერთი დაზარალებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდების საქმეში, სადაც მათ ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამება. ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა მუშაობს მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ვერსიაზეც, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება“, – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები