როგორ აქცია ომმა ლტოლვილად მილიონობით უკრაინელი ბავშვი
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი თვის თავზე უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 10 მილიონ ადამიანს გადააჭარბა – უკრაინის მოსახლეობის, თითქმის, მეოთხედს. ომმა დამანგრეველი შედეგები გამოიღო ჯანდაცვის სისტემაში. ჰუმანიტარული მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა სისტემატური დაბომბვის ქვეშაა, ისინი იტანჯებიან საავადმყოფოების, სკოლების, საცხოვრებელი სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების გამო.
ჯანდაცვის სისტემის დაწესებულებებზე თავდასხმა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 24 თებერვლიდან სამედიცინო დაწესებულებებსა და მედპერსონალზე 60-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 15-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 37-ზე მეტი დაშავდა. ჯანმომ განაცხადა, რომ ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების და ომის წარმოების ტაქტიკის უხეში დარღვევაა.
ჯანმოს“წარმომადგენელმა უკრაინაში აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა ადამიანებს ართმევს საშუალებას, მიიღონ სამედიცინო დახმარება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
საავადმყოფოების უმრავლესობა დაკეტილია – ქვეყანა წამლების დეფიციტს განიცდის
ჯანმოს ინფორმაციით, უკრაინის საავადმყოფოთა უმრავლესობამ პროფილი შეიცვალა, დაჭრილთა გადაუდებელი დახმარების მიზნით. უკრაინული აფთიაქების დიდი ნაწილი დახურულია. სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა ან ისინი ვერ ახერხებენ სამსახურამდე მისვლას. ათასამდე საავადმყოფო უშუალოდ საომარი მოქმედების ტერიტორიასთან მდებარეობს.
ასეთი მდგომარეობა მილიონობით ადამიანისთვის სახიფათო ვითარებას ქმნის, განსაკუთებით, სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური, დიაბეტური, ტუბერკულოზის და აივ ინფექციის დაავადებების მქონე პირთათვის.
Covid-19 -ის საწინააღმდეგო და გეგმური ვაქცინაციაც შეჩერებულია. რუსეთის შეჭრამდე უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეში 50 ათასზე მეტი ადამიანი იკეთებდა, ხოლო 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ვაქცინა მხოლოდ 175 ათასმა ადამიანმა მიიღო.
უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილებულია
7 მილიონამდე ადამიანი უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილდება. დაახლოებით, 4 მილიონი უკრაინელი მეზობელ ქვეყნებში ევაკუირდა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველი მესამე იძულებით გადაადგილებული ამა თუ იმ ქრონიკული დაავადებისგან იტანჯება.
უკრაინაში 1-თვიანმა ომმა 4,3 მილიონი ბავშვის გადაადგილება გამოიწვია. საერთო ჯამში, უკრაინაში ბავშვების რიცხვი შეადგენდა 7,5 მილიონს, რაც ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი იძულებით გადაადგილდა. მათ შორის, 1.8 მილიონზე მეტი ბავშვი ლტოლვილად იქცა.
ასეთ მცირე დროში ბავშვების ასეთი ფართომასშტაბიანი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა
„ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენა მომავალ თაობებზე. ბავშვთა უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია მუდმივი ძალადობის გამო“, – განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ რასელმა.
ლტოლვილების სახიფათო ექსპლუატაცია
იმავდროულად, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისმა ყველას მოუწოდა, დაიცვან უკრაინელი ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები ტრეფიკინგისგან.
„სხვა კონფლიქტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამნაშავეები ქაოსის და სასოწარკვეთილების ფონზე სარგებლობენ ომისგან დაშავებულებით“, – განაცხადა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა, გადა ვალიმ.