საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება 1 სექტემბრიდან დროებით ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ასოცირების შეთანხმება 1 სექტემბრიდან დროებით ამოქმედდება. “კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“2014 წლის 25 ივლისს, საქართველოს საგარეო უწყებამ ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს გადასცა საქართველოს მხარის ოფიციალური შეტყობინება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე. თავის მხრივ, ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა სამდივნომ საქართველოს მხარეს იმავე დღეს გადასცა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენებისთვის აუცილებელი პროცედურების დასრულების თაობაზე ოფიციალური ნოტა. შესაბამისად, ევროკავშირის პროცედურის მიხედვით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების 431-ე მუხლის თანახმად, შეთანხმების კონკრეტული ნაწილების დროებითი გამოყენება დაიწყება 2014 წლის 1 სექტემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალაში შევა ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 80%, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DჩFთA) კომპონენტის ჩათვლით. ასოცირების შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდის განმავლობაში, მოქმედებას განაგრძობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმების ის დებულებები, რომლებიც არ ექცევა ასოცირების შეთანხმების ნაწილების დროებითი გამოყენების ფარგლებში. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება სრულად დაკარგავს ძალას ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან”,- აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები