ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ფაქტია, რომ პრემიერის ინიციატივა თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით წარმატებული გამოდგა, რადგან მედიკამენტების ფასები გაიაფდა – მათი ხარისხი მკაცრად კონტროლდება
“ფაქტია, რომ პრემიერის ინიციატივა თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით წარმატებული გამოდგა, გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტების ფასები გაიაფდა. ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირდება და შემოდის საქართველოში, არის gmp-ის ხარისხის და შეუძლებელია, რომ თურქეთიდან უხარისხო მედიკამენტი შემოვიდეს”, – ამის შესახებ “კვირას” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განუცხადა.
მისივე თქმით, თურქეთში მედიკამენტების წარმოება მაღალი ხარისხით ხდება, ამიტომ, საქართველოში მათი შემოტანა წარმატებული და წინგადადგმული ნაბიჯია.
ღუდუშაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტრო ევროპის წარმატებულ ქვეყნებთან მუშაობს იმისთვის, რომ მათი მხრიდანაც მოხდეს საქართველოში მედიკამენტების იმპორტი.
“საქართველოს აფთიაქებში მედიკამენტები უკვე იყიდება 50-60-80 %-იანი შეღავათიანი ფასებით. ამ ეტაპზე, სამინისტროში რეგულირების სააგენტოში, დაახლოებით, 50-მდე განაცხადია შემოსული თურქული მედიკამენტების რეგისტრაციაზე, რომელზეც სამინისტრო დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს და ველოდებით, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში, ჯამურად, 200-მდე პირველადი მოხმარების მედიკამენტი უკვე იქნება ქართულ სააფთიაქო ქსელებში.
ძირითადად, არის მედიკამენტები ქრონიკული დაავადებებისთვის, ასევე, ის მედიკამენტები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდება, ანუ ის მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. ეს არის პირველადი პრიორიტეტი.
წამლების ფასებში რიგ შემთხვევაში არის 50 %, ყველაზე წარმატებულ შემთხვევებში 80%-მდე ფასდაკლება თურქულ მედიკამენტებსა და იმ მედიკამენტებს შორის, რომლებიც აქამდე შემოდიოდა ბაზარზე.
ყველა მედიკამენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, რეგულირების სააგენტოში ვერიფიკაციას გადის. რეგულირების სააგენტოს წამლის რეგისტრაციის სავალდებულო რეგისტრაციის ჩამონათვალში არის gmp ხარისხი, შესაბამისად, ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც რეგისტრირდება და შემოდის საქართველოში, არის gmp-ის ხარისხის და შეუძლებელია, რომ უხარისხო მედიკამენტი შემოვიდეს თურქული ბაზრიდან. ამიტომ, ამ ეტაპზე იმპორტირებულ მედიკამენტებთან მიმართებით ხარისხის საკითხის ეჭვქვეშ დაყენება არასწორია.
50 მედიკამენტი უკვე რეგისტრაციის ეტაპზეა და მაქსიმუმ 10 დღეში ეს მედიკამენტები უკვე რეგისტრირებული იქნება და შემოტანა შესაძლებელი იქნება. როგორც იცით, მინისტრი წინა კვირას თურქეთში იყო ოფიციალური ვიზიტით, სადაც თავის კოლეგას შეხვდა და ასევე იქაური რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებს იმისთვის, რომ უფრო გაემარტივებინა იმპორტის პროცედურები. ეს საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.
ამავე დროს, ამ კვირაში იგეგმება ჩემი ვიზიტი თურქეთში, სადაც შევხვდები მწარმოებლებს, ასევე, დისტრიბუტორ კომპანიებს. მათთან შეხვედრის მთავარი მიზეზია ის, რომ გამარტივდეს და დაჩქარდეს პროცედურები, ხელი შეეწყოთ ჩვენს იმპორტიორებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს შეთანხმება აქაურ იმპორტიორებთან და დროულად მივიღოთ ხელმისაწვდომი მედიკამენტები საქართველოში.
ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში ის ჩამონათვალი, რომელიც უკვე საქართველოში იყიდება, გაიზრდება და, ჯამურად, მინიმუმ 200 მედიკამენტი უკვე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის.
ფაქტია, რომ პრემიერის ინიციატივა თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით წარმატებული გამოდგა გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტების ფასები გაიაფდა. თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სადაც მედიკამენტების წარმოება მაღალ დონეზეა. იქაური რეგულატორი წამლის ხარისხთან მიმართებით გამოირჩევა ასევე ძალიან მაღალი ხარისხით. შესაბამისად, თურქეთიდან იმპორტი საქართველოსთვის არის ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა მედიკამენტების ფასს გააიაფებდა. წლებია უკვე, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. პირველი ეფექტი უკვე თვალში საცემია და, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სხვა ქვეყნების ბაზრის გახსნას რაც შეეხება, ამ ეტაპზე, ვმუშაობთ და შესაძლებელია შემოტანა უამრავი ქვეყნიდან, პირველ ყოვლისა, ევროპის ქვეყნებიდან. ის ფაქტი, რომ თურქეთის ბაზარი გაიხსნა არ გამორიცხავს, რომ სხვა ქვეყნებიც გაიხსნება, რომლებიც მომავალში შეესაბამება იმ ხარისხს და სტანდარტს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მისაღები”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ, პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაახლოებით, 1 თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტის, მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი. ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე ჯანდაცვის სამინისტროში შესულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელიც დაჩქარებული რეჟიმით რეგისტრირდება. თურქეთიდან იმპორტირებული მაღალი ხარისხის მედიკამენტები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.
„სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც, თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.
ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, მედიკამენტები, რომელთა ფასიც საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული არის:
გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ;
იანუვია ტაბლეტი 100მგ;
იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ;
ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი;
ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ;
ატაკანდი ტაბლეტი 16მგ;
ბრილინტა ტაბლეტი 90მგ;
დიოვანი ტაბლეტი 160მგ;
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ;
კონკორი ტაბლეტი 10მგ;
კრესტორი ტაბლეტი 20მგ;
ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ;
აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი;
ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი;
არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ;
სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი.
მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.