რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დაფინანსებას უმცირებს – “იმედია, 3 წლის შემდეგ დავინახავთ მათ საბიუჯეტო უზრუნველყოფას”
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ვოლვაჩის განცხადებით, დროა, აფხაზეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა რუსეთის დოტაციაზე დამოკიდებულება შეამცირონ.
ამის შესახებ მან “ტასს”-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, უკვე 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და ამ წლების განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტი მხარს უჭერდა ამ რესპუბლიკებს”.
“ვცილობდით ხელფასების გათანაბრებას და გაცემას, ამას ახლაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, ვზრდიდით შემოსავალს, ოსეთის დაბომბვის შემდეგ, ინფრასტრუქტურა აღვადგინეთ. დღემდე ჩადიხარ, და მაინც ჩანს ომის შედეგები. დავეხმარეთ გზების, საავადმყოფოების და სახლების აღდგენაში”,- თქვა მან.
ვოლვაჩის თქმით, “თანამშრომლებს დავალება მივეცი და ვეუბნები რესპუბლიკების ხელმძღვანელობას: „ახლა ამოცანაა, რომ ჩვენგან მეტი თანხა კი არ მიიღოთ, პირიქით, ნელ-ნელა ნაკლებად დამოკიდებული გახდეთ ჩვენზე.” ანუ გვინდა, ეტაპობრივად შევამციროთ ხელფასების გათანაბრების მხარდაჭერა, მაგრამ გავაკეთოთ ისე, რომ ხელფასები არ შემცირდეს. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ეკონომიკის ზრდით. ამიტომ, გვინდა, რომ მათი მშპ გაიზარდოს, ბიუჯეტის უსაფრთხოება გაიზარდოს და პირიქით, შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსეთის სუბსიდიებზე”.
“დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი საბიუჯეტო ციკლით სამი წლის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ ამ რესპუბლიკებში ადმინისტრირების, საბიუჯეტო უზრუნველყოფის, საინვესტიციო მიზიდულობის განსხვავებულ დონეს. დავინახავთ, ნაკლებ დამოკიდებულებას რუსეთის მხარდაჭერაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთისთვის, ასევე, ოსეთისთვის”, – თქვა ვოლვაჩმა.