ცუცქირიძე: თუ უკრაინა გაძლებს მინიმუმ კიდევ ორი კვირა, რუსეთს სერიოზული პრობლემები მაშინ ელის

“აშშ- ის დაზვერვამ დათქვა 94 საათი კიევის სავარაუდო დაცემამდე, რომელიც ორშაბათს სრულდება, ეს ინფორმაცია იმდენად არის ნიშანდობლივი, რომ აშშ -ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სცენარი რუსეთის ფართო შეჭრასთან დაკავშირებით დროსა და სივრცეში ერთი-ერთზე ახდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე წერს, თუ კიევი არ დაეცა და უკრაინის არმიამ რუსეთის ინტერვენცია შეაჩერა, ანუ თუ უკრაინა გაძლებს მინიმუმ კიდევ ორი კვირა, რუსეთს სერიოზული პრობლემები მაშინ ელის.

“მაგრამ, თუ კიევი არ დაეცა და უკრაინის არმიამ რუსეთის ინტერვენცია შეაჩერა, ანუ თუ უკრაინა გაძლებს მინიმუმ კიდევ ორი კვირა, რუსეთს სერიოზული პრობლემები მაშინ ელის, “სვიფტის” გათიშვის ჩათვლით, თუმცა სანქციები და რუსეთის ე.წ ირანიზაცია ნებისმიერ სცენარში გარდაუვალია. როდესაც დასავლეთის ჩართულობის არასაკმარის ზომებზე არის ხოლმე აქცენტები გადატანილი, უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთს ხშირად ეტაპიზაცია ახასიათებს, სანქციების ზრდის თვალსაზრისითაც, მასში შემავალი ქვეყნების განსხვავებული ინტერესების გამო, რაც სვიფტიდან რუსეთის გათიშვის საკითხზეც გამოჩნდა. დასავლური მთავრობები, იძულებული არიან გადაწყვეტილებები მოქალაქეთა განწყობებიდან მიიღონ, ავტორიტარული მართველობებისაგან
განსხვავებით.

საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, რომ გაეძლო და მინიმუმ ორი კვირა მაინც, ეომა სულ სხვა მოცემულობა იქნებოდა, დასავლეთის და პირველ რიგში ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით. ამ ომის თავიდან აცილება თუ შეუძლებელ იყო, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ საომარი მოქმედებების უკეთესად დაგეგმვა, და ომის წარმოება, თუნდაც ჩვენი მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე არ იყო შესაძლებელი. ეს შინდისის ბატალიონის გმირულმა მაგალითმაც აჩვენა.

სანქციებს რაც შეეხება, რუსეთმა 250 მილიარდიანი ზარალი უკვე ნახა, წამყვანი რუსული კომპანიების კაპიტალიზაციის შემცირებით და საომარი დანახარჯების ზრდით ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, მაგრამ ზოგადად რუსული ეკონომიკა ასე მოკლე დროში ვერ ჩამოიშლება, ამ წელს 10 პროცენტითაც რომ შემცირდეს. რუსეთს საერთაშორისო რეზერვები ჯერ კიდევ საკმარისი აქვს, რუბლის კატასტროფული ვარდნის და ეკონომიკის ჩამოშლის შესარბილებლად. ომის გახანგრძლივება პუტინის რეჟიმს შიგნიდან ჩამოშლის, მზარდი სამოქალაქო პროტესტის გამო.

სანქციებზე მეტად რუსეთს ნავთობზე ფასების ვარდნა დაარტყავს, თავის დროზე სსრკ დაიშალა არა სანქციების გამო, რაც ისედაც ჰქონდა დაწესებული, არამედ ნავთობზე ფასების არნახული დაცემის გამო, როდესაც ნედლ ნავთობზე ფასები 15 აშშ დოლარს ჩამოცდა. დღესაც ყველაზე ქმედითი ნაბიჯი რუსული აგრესიის შესაჩერებლად სწორედ ნავთობზე ფასების დაცემა იქნებოდა, რომლის ბერკეტები დასავლეთს და პირველ რიგში აშშ-ს ნამდვილად გააჩნია და ვფიქრომ პროცესებიც აქეთ წავა.

დღეს დასავლეთი გაცილებით ერთიანია, რადგან უკვე ცხადია, რომ პუტინი თუ გაუვიდა უკრაინაზე არ გაჩერდება, და შემდეგი აღმოსავლეთ ევროპა იქნება, შემთხვევით კი არ ითხოვს პუტინი თავის ულტიმატუმში ნატო ს 1997 წლის სტატუსკვოს აღდგენას.

ისე, სამართლიანობისათვის თუ ამ წლებში ვინმემ რუსეთთან დაპირისპირება გაბედა და ომითაც ეომა, ფაქტიურად საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, რაც ტერიტორიების დაკარგვად და ადამიანურ მსხვერპლად დაუჯდა, ეს მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იყო.

ამიტომ, ახლა ზოგიერთი უცხოელი ექსპერტის თუ უკრაინელი პოლიტიკოსის პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების “კაპიტულანტურ” პოლიტიკაზე, არაობიექტურია და პოლიტიკურად მოტივირებული. იგივე ითქმის ქართულ ოპოზიციაზეც, პრემიერ ღარიბაშ ვილის დღევანდელი კომენტარები, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ისევეა უტრირებული და დემონიზირებული, როგორც გავრილოვის სტუმრობის პოლიტიკურ არეულობად გარდასახვა. თორემ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომ სრული უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი ამ ტიპის პოლიტიკურ განცხადებებზე, ამაზე ორი აზრი არ უნდა არსებობდეს!

საქართველომ ახლა ძალიანაც, რომ მოინდომოს რუსეთისათვის სანქციების დაწესება, საგარეო ვაჭრობაში რუსეთის ხვედრითი წილიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მოკლევადიან პერიოდში, საკუთარ თავს უფრო დაუწესებს ემბარგოს, ექსპორტზეც და იმპორტზეც ეკონომიკის ვარდნის და ფასების ზრდის თანმდევი შედეგებით”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები