უკრაინელი და პოლონელი სამხედროების მონაწილეობით ზამთრის შუალედური კურსი მიმდინარეობს

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გუდაურში ზამთრის შუალედური სამთო კურსი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით უკრაინელი და პოლონელი სამხედროები ქართველ კოლეგებთან ერთად მაღალმთიან რელიეფზე თოვლში გადაადგილების ტექნიკას ეუფლებიან.

“საერთაშორისო კურსის მონაწილეები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, თოვლში სრიალის, თოკში ჩაბმული სრიალის, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-გადარჩენისა და ევაკუციის ტექნიკას ეუფლებიან. მათ თოვლიან რელიეფზე მარშირება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენებაც უწევთ. ქართველ სამხედროებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებმა სამთო მომზადების პირველი ეტაპი ახალქალაქში, აბულის მთაზე გაიარეს. მათ თოვლიან რელიეფზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც მათ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე და ზემოთ სროლა განახორციელეს. ზამთრის შუალედური სამთო კურსი 11 თებერვალს საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში დაიხურება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები