ლევან ნიკოლეიშვილი: რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით – რის გამო, არ მოსწონს და არ ეთანხმება ოპოზიცია რეზოლუციას? რომ პირდაპირ ომს არ ვუცხადებთ რუსეთს, არ მოვითხოვთ პუტინის დაპატიმრებას
„კარგი იქნებოდა ისე ოპოზიციას, ის რეზოლუციები გახსენებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს, “ნაცმოძრაობის” წევრების ხელმოწერით რომ დააბრალეთ და არც ის დაგავიწყდეთ ცხინვალის დაბომბვას კასეტური ბომბებით, რომ იჩემებდით”,- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის გავრცელებას, რის ხელმოწერაზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა.
„ოპოზიციას, რომ არ იცნობდე შეიძლება გაგკვირვებოდა ადამიანს რა არ მოსწონთ ამ რეზოლუციაშიო, მაგრამ სწორედაც, რომ იცნობ არ გიკვირს, თუმცა რაღაცის ახსნა მაინც აუცილებელია. პირველ ყოვლისა, რეზოლუცია, ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში, ყველაფერი წერია, რაც უნდა ეწეროს ასეთ რეზოლუციაში, მაინც მცირე განმარტება აუცილებლად მიმაჩნია. რეზოლუციაში: დაფიქსირებულია შეშფოთება უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო; დაფიქსირებულია, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს; საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში. მოკლედ, რეზოლუცია სრულად გამსჭვალულია მხარდამჭერი სულისკვეთებით; რის გამო, არ მოსწონს და არ ეთანხმება ოპოზიციას რეზოლუციას? რომ პირდაპირ ომს არ ვუცხადებთ რუსეთს, არ მოვითხოვთ პუტინის დაპატიმრებას, უფრო მეტიც არ ვაგზავნით შეიარაღებას და ჯარს უკრაინაში( თუნდაც ხვალ ჩვენ, რომ დაგვჭირდეს მაინც ყველაფერი იქ უნდა გავაგზავნოთ-ისე ნატოს ქვეყნებს თუ ვედრებით, ისინი ნატოს წევრები არიან და არც უპირებს რუსეთი არაფერს). კარგი იქნებოდა ისე ოპოზიციას, ის რეზოლუციები გახსენებოდა, სადაც 2008 წლის ომის დაწყება საქართველოს, ნაცმოძრაობის წევრების ხელმოწერით რომ დააბრალეთ და არც ის დაგავიწყდეთ ცხინვალის დაბომბვას კასეტური ბომბებით, რომ იჩემებდით. და ბოლოს, შემოიხვიეთ შარფებად დროშები, დაიჭირეთ ხელში ბუშტები, დაეწყვეთ ოცეულებად ან ასეულებად და წაბრძანდით უკრაინაში, ვაი და მართლა ომი, რომ დაიწყოს, უკრაინას თქვენი პოპულისტურ-პროვოკაციული რეზოლუციები კი არ დასჭირდება არამედ ცოცხალი ძალა- წინ ფრონტის ხაზზე, თან რუსეთთან ომისა და გამარჯვების გამოცდილება თქვენ, რომ გაქვთ, სწორედ ასეთი უნდა”, – წერს ნიკოლეიშვილი “Facebook”-ზე.