“ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებს 3-4-ჯერ აღემატება” – ამირან გამყრელიძე
“დღეს 15 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რომ სინამდვილეში 3-4-ჯერ მეტია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში “ომიკრონის” ცირკულაცია მომატებულია და დღეისათვის ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა სწორედ ამ შტამს მიეკუთვნება.
“ქვეყანაში ”ომიკრონის” ცირკულაცია მომატებულია. ჩვენი გათვლებით, შემთხვევების, დაახლოებით, 90% გახლავთ ომიკრონი. მოგეხსენებათ, რომ გვახლავს ომიკრონის ორი ქვეშტამი. ერთი, რომელმაც ცირკულაცია დაიწყო ნოემბერში, ე.წ BA1 და შემდგომ გაჩნდა მეორე – BA2 და ჩვენთან ორივე იდენტიფიცირებულია, როგორც მოლეკულური სეკვენირებით, ისე სხვა დამატებითი მუტაცია სპეციფიკური PCR-ტესტებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში “ომიკრონის” ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
დღეს მთავარი გზავნილი ჩვენი მხრიდან გახლავთ ის, რომ ომიკრონის ცირკულაცია მომდევნო 2 კვირაში გაიზრდება, კიდევ მეტი შემთხვევათა რაოდენობა გვექნება. დღეს რომ 15 000-ზე მეტია აღრიცხული, ეს ნიშნავს, რომ 15 000-ზე მეტია გამოვლენილი, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რომ 3-4-ჯერ მეტია სინამდვილეში. ეს არის უსიმპტომო ან მცირე სიმპტომების შემთხვევები”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.