დავით დარჩიაშვილი: ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი ეპითეტი – მატყუარები, კრიმინალები, დემაგოგები

   საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას უამრავი პასუხისგაუცემელი კითხვა დარჩა, რომლის გაჟღერებაც ვერ მოასწრო. მისი განცხადებით, ორი დღის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობის წევრებისგან სამი ეპითეტი მიიღო – მატყუარები, კრიმინალები, დემაგოგები. დარჩიაშვილმა მთავრობის წევრებს პოლიტიკური ეთიკა შეახსენა.
„ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, იმიტომ რომ ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად საუბარი გვქონდა პოლიტიკურ ეთიკაზე. ჩვენ მივიღეთ გუშინ და დღეს სამი ძირითადი ეპითეტი – მატყუარები, კრიმინალები, დემაგოგები. რა თქმა უნდა, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ იგივე პასუხი მიიღოთ თქვენც. თუ ელოდებით, რომ როდესმე ვინმეს ოპოზიცია ეყოლება ლოიალური, ზრდილობიანი და დამხმარე, მაშინ პოლიტიკური სისტემის დემოკრატიის ანა-ბანა არ ყოფილა თქვენთვის, სამწუხაროდ, გასაგები“, – განაცხადა დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, უმრავლესობის წევრებმა უნდა დაამთავრონ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 9 – წლიანი მმართველობის შეხსენება. „ოჯახის წევრები გვყავს თურმე ქურდები და გვაძახებთ 9 წელს. გასაგებია თქვენი დამოკიდებულება 9 წლისადმი, მაგრამ გვაცადეთ, შევასრულოთ ოპოზიციური როლი და ვილაპარაკოთ ორ წელიწადზე, რაც ახლა ხდება.“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები