კახა წერეთელი: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ბოლო არის გამართლება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის ბოლო არის გამართლება, –  ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა, კახა წერეთელმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ადვოკატი ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება არ იყო.

„პრაქტიკულად სასამართლომ არსებულ სიტუაციაში მოძებნა გამოსავალი, თითქოს არც მწვადი დაწვა და არც შამფური. სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც გამოსავალს უნდა ეძებდეს. სასამართლოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო მაინც არის განცდა და მოლოდინი იმის, რომ ეს არ არის იმ დარბაზში მიღებული გადაწყვეტილება, ეს ძალიან ცუდია და იმედია, რომ ეს ასე არ გაგრძელდება და შეიცვლება.

მტკიცებულებები არსად არ მიდის და არ იკარგება. ამ მტკიცებულებებით შეუძლებელია დანაშაულზე საუბარი. ბევრი წელია ამ სფეროში ვართ, ბევრი საქმე გვინახავს მსგავსი და ამ საქმის ბოლო აუცილებლად არის გამართლება. იურისტებს გვინდა ერთი რამ – სასამართლო დარბაზში მოლოდინები ეფუძნებოდეს გამოკვლეულ მტკიცებულებებს და არა იმას რა იქნება კარგი, ცუდი, სწორი და არასწორი.

აღნიშნულმა საქმემ ერთი კარგი რამ გააკეთა – ის, რაც ვიცოდით ჩვენ, დავდიოდით სასამართლო დარბაზში, ძალიან ბევრი რამ გახდა ნათელი საზოგადოებისთვის და ალბათ, მხოლოდ ამისთვის ღირდა ამ საქმის წამოწყება სხვა თუ არაფერი“, – განაცხადა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები