ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონს“ შედარებით აგრესიული, კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა, ის მაინც საყურადღებო შტამად რჩება
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, “ომიკრონს” აგრესიული კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. მისი თქმით, ის უფრო მეტად ზემო სასუნთქ გზებში ვრცელდება და ნაკლებად გადადის ფილტვებზე.
„კარგი ინფორმაცია, რასაც კვლევებიც ადასტურებს და მეტ-ნაკლებად ჩვენი პრაქტიკული გამოცდილებაც არის ის, რომ „ომიკრონს“ შედარებით აგრესიული, კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს. ის უფრო მეტად ვრცელდება ზემო სასუნთქ გზებში და ნაკლებად ვრცელდება ფილტვებში. ვიცით, რომ კოვიდის სიმძიმე ძირითადად განპირობებულია ფილტვების დაზიანებით. მაგრამ ეს შტამი ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მას საერთოდ არ აქვს უნარი დააზიანოს ფილტვები და გამოიწვიოს მძიმე დაავადება. აქ საუბარია “დელტა” შტამთან შედარებით, ამიტომ, „ომიკრონი“ მაინც საყურადღებო შტამად რჩება, რადგან მას სწრაფი გავრცელება ახასიათებს. ასევე, შეუძლია, ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს და დააინფიციროს ადამიანი, რომელმაც უკვე ვირუსი გადაიტანა“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ინფექციონისტი მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდებს და ამბობს, რომ აცრა უალტერნატივოა, რათა პანდემია საბოლოოდ დავამარცხოთ.