ირაკლი კობახიძე: 2021 რთული და, რთულთან ერთად, ძალიან საინტერესო წელი იყო
“რა თქმა უნდა, რთული წელი იყო. რთულთან ერთად ძალიან საინტერესო – ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და სერიოზული რესურსი დააკლდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ამას დაახლოებით ერთ თვეში დაემატა ის, რომ შეიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც იმის გამო, რომ კანონი ყოფილიყო აღსრულებული, პრემიერმინისტრმა დატოვა პოლიტიკა”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 2021 წლის შეფასებისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედა.
„ჩვენ ვიმოქმედეთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და სწორედ ამ განზრახვით მოვაწერეთ ხელი აპრილის შეთანხმებას. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე შევასრულებდით ამ შეთანხმებას პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო. 100 დღის განმავლობაში ველოდებოდით მთავარ ოპოზიციურ პარტიას და დამატებით 3 ბარიერგადალახულ პარტიას, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე, რაც არ გააკეთეს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ამ შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება ჩვენი მხრიდან იყო უალტერნატივო ნაბიჯი“, – აღნიშნა კობახიძემ.