კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ორი კომპანიის კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა კონცენტრაცია, რომელიც ეკონომიკურმა აგენტებმა სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2021 წლის 20 აპრილს შპს „ჯეოფაიფის” მიერ შპს „სიბელის” 100%-იანი წილის შეძენა განხორციელდა. კონცენტრაცია ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს – შპს „ჯეოფაიფს”, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაეკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით და დაევალა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციაზე თანხმობის არ გაცემის შემთხვევაში კომპანიებს სასამართლოს გზით დაევალებოდა მათი თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა.
კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასებისა და შესაბამისი ბაზრის ანალიზის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ 2020 წელს ბაზრის მოცულობამ შეადგინა 118 მილიონი ლარი; იმპორტი განახორციელა 240-მა ეკონომიკურმა აგენტმა; ბაზარზე კონცენტრაციის – ჰერფინდალ ჰირშმანის ინდექსმა (HHI) შეადგინა 476 ერთეული – რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „ჯეოფაიფსა” და შპს „სიბელს” შორის განხორციელებული კონცენტრაცია, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, ეფექტიან კონკურენციას არსებითად არ ზღუდავს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. კერძოდ, განსახილველი სასაქონლო ბაზარი, HHI ინდექსის გათვალისწინებით, დაბალკონცენტრირებულია და განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს აღნიშული მაჩვენებლის არსებით ცვლილებას.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და, ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა – მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020-2021 წლებში 3 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა და განიხილა 1 განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობა, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა სააგენტოსთვის წინასწარ წერილობით შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების ფაქტების გამოვლენის მიზნით წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში.
2020 წლის 4 ნომებრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სააგენტოს მიერ 16 552 კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული.