ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის შეუერთდნენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოწვევა მიიღეს და #ავიცრათერთმანეთისთვის – კამპანიაში ჩაერთნენ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქციის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს.

თავის მხრივ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კამპანიაში ჩასართავად თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიწვიეს.

ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.

აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ორგანიზაცია „ქოლგაში“.

სტუდენტური აქციის ორგანიზატორების განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას პერმანენტულად სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები უერთდებიან. ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სტუდენტური აქციები უკვე ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, ახალციხესა და ბათუმში. #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიას ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. სტუდენტური კამპანია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქტივობით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები