გორის რაიონის პატარა სოფელ ზემო ხვითში დაიბადა, რომელიც ცხინვალიდან 3-4 კილომეტრში მდებარეობს… აქედან იწყება ჩემი სამშობლოო… – ამბობს. ბავშვობიდან ქართული ენა და ლიტერატურა უყვარდა. ფილოლოგობაზეც ოცნებობდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბოლოს, სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად ქარელის რაიონში, საზღვრისპირა სოფელ დირბში სტომატოლოგად მუშაობს.
2008 წლის აგვისტოს ომმა სწორედ მის სოფელზე და ოჯახზე გადაიარა… იგი იმ ოჯახის წევრია, რომელმაც დაჭრილი რუსი ჯარისკაცი შეიფარა და გადაარჩინა…
აუღელვებლად ვერც ახლა, 13 წლის შემდეგ, იხსენებს იმ დღეებს… ამბობს, რომ ოსსა და ქართველს შორის ჩატეხილი ხიდი სიყვარულმა და მიტევებამ უნდა გაამთელოს. – სტომატოლოგ ნათელა კუპრაშვილის პერსონა.
– ზემო ხვითში დავიბადე, საიდანაც იწყება ჩემი სამშობლო. მამაჩემი თემო კუპრაშვილი – მხარბეჭიანი, ლამაზი აღნაგობის ყველას ყურადღებას იქცევდა. ძალიან უყვარდა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და ბევრ ადგილს ზეპირადაც გეტყოდათ. კარგად იცოდა საქართველოს ისტორია.
დედა – აგნეს ელუაშვილი ძალიან ნაკითხი იყო, სახლი ბიბლიოთეკა გეგონებოდათ. გულთბილი და მოსიყვარულე. ხუთი შვილი გაზარდა, ოთხი გოგო და ერთი ვაჟი. ჩემს მშობლებს და-ძმა არ ჰყავდათ, არც მამები, ადრე დაობლდნენ.
სკოლაში 6 წლის ასაკში შევედი. განსაკუთრებით მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა… დამთავრების შემდეგ საბუთები შევიტანე ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ, უკან დაბრუნებისას, გზაში დამხვდნენ და მომიტაცეს (ზუსტად ისე მომივიდა, რომ ამბობდნენ, საოჯახოზე ჩავაბარეო).
ასე რომ, სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შემეძინა ორი ვაჟი – თემური და თამაზი. ცოტა, რომ წამოვიზარდე, ისევ დავიწყე ფიქრი სწავლაზე, ჩავაბარე სამედიცინოზე და სტომატოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე .
– მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდი. ბევრი საინტერესო რამ გექნებათ მოსაყოლი…
– ბავშვობიდან მე და ჩემი და ძმა ოჯახის საქმეებში ვიყავით ჩართული. ვეხმარებოდით სახლშიც და ბაღში მუშაობაც არ იყო უცხო. ვთესავდით, ვთოხნიდით. საღამოს, რაც ძალიან მომწონდა, ბებიაჩემი, ზღაპრებს გვიყვებოდა (ძალიან ბევრი იცოდა). განსაკუთრებით ზამთარში ღუმელის გვერდზე. დედასაც ძალიან უყვარდა ჩვენთვის წიგნების კითხვა, გადმოცემა. განსაკუთრებით ჩამრჩა „კრაზანა“.
როდესაც მეზობლის ბავშვები შევიკრიბებოდით, ვთამაშობდით ,,ორდროშობიანას“ ან „შვიდქვიანას“, დაღლილები, იქვე ჩამოვსხდებოდით (ურემი იყო ხარ-კამეჩის) და შემდეგ ლექსების გამოთქმაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. სახლში წასვლა არავის გვინდოდა.
სკოლაში ჭკვიანი და სიტყვაძვირი (ახლა აღარ) ვიყავი, ზედმეტს ვერავინ მიბედავდა. მახსოვს, ერთხელ გეოგრაფიის მასწავლებელმა ჯოხი მხარზე უხეშად დამადო, შეეშალა… უკან მერხიდან ხმაურობდნენ. წამოვდექი, მშვიდად გამივართვი ჯოხი და გადავტეხე, ხმა არ ამოუღია.
კარგი კლასელები მყავდა, სიყვარულით სავსე გულებით. სკოლიდან თუ გავიპარებოდით, ცხინვალში მივდიოდით კინოში. „ირისთონი” ერქვა. იქიდან გამოვივლიდით და სურათებს ვიღებდით.
ძალიან მიყვარდა ქართული და თითქმის ყველა ლექსი ზეპირად მახსოვს. მიყვარდა ისტორია. მასწავლებელიც კარგი გვყავდა, როცა გვიხსნიდა, ვგრძნობდით, რომ ჩვენც იქ ვიყავით.
ჩემი სოფელი, საიდანაც ჩემი სამშობლო იწყება, უზომოდ მიყვარს. მიყვარს მისი ყველა ბილიკი და მდინარე. გაზაფხული სხვანაირია ჩვენთან, იებით მორთული მდელოებით. ვცდილობ, ამ დროს ავიდე და ამ სილამაზით გული გავითბო. გაფრენილი ბავშვობაც გავიხსენო…
– ბავშვობიდან ფილოლოგობა გინდოდათ… მაგრამ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა თქვენს ცხოვრებაში და პროფესიის არჩევამ დროში გადაინაცვლა…
– ქირურგია მომწონდა, მაგრამ მაშინ ფილოლოგობა უფრო მინდოდა. ცხინვალის ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ ქულა დამაკლდა.
შემდეგ გადავიტანე დაუსწრებელზე, მაგრამ ჩემი ნების წინააღმდეგ ოჯახი შევქმენი. 2 შვილი შემეძინა. ისევ ვფიქრობდი სწავლაზე, არ მეგონა, თუ გავაგრძელებდი, მაგრამ დადგა 1992 წლის ნოემბერი, რომელმაც დიდი დაღი დაასვა ჩემი ოჯახის ცხოვრებას
ჩემი პატარა და – ჩემი თამრიკო, 21 წლის, რომელიც თბილისში სწავლობდა და მუშაობდა, დაიკარგა მეხივით დაგვეცა ეს ამბავი. დედა ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, ვეძებდით ყველგან – საავადმყოფოებში, მორგებში, საგიჟეთებში, მაგრამ უშედეგოდ. ეძებდა პოლიციაც.
ნერვიულობისგან ჩიყვი გამიჩნდა…
როცა ბავშვები სკოლაში წავიდოდნენ, კარებს და ფანჯრებს ვკეტავდი, ხატებთან დამხობილი ხმამაღლა ვღრიალებდი. ეს ბავშვებმა გაიგეს და ჩუმად მეპარებოდნენ, რომ შეემოწმებინათ, ხომ არ ვტიროდი… ხუთი წელი არანაირი სამკაული ჩემთვის არ არსებობდა. როგორც ამბობენ, მზე ჩაესვენა ჩემი ოჯახისთვის. დედას ცრემლი არ შეშრობია… ლოდინით დაუღამდა ცხოვრება. როცა თამრიკოს დაბადების დღე მოდიოდა, არ ვტოვებდით. ოთახში კუთხე მოუწყო და უწერდა ყველაფერს, ლექსებით ულოცავდა…
მამაჩემი – მუდამ მაგარი კაცი, არ მეგონა, რომ ასე დაეცემოდა. სმა დაიწყო (ფანდურზე უკრავდა კარგად). მთვრალი აიღებდა ფანდურს, უკრავდა და ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. ხან სიცილით ისტერიკამდე მიდიოდა… ერთხელ ვუთხარი, მამა, გამაგრდი, ასე რატომ აკეთებ-მეთქი.
„აბა, შვილო, აიღე პატარა კენჭი და ჯიბეში ჩაიდე, ერთი კვირა ატარე, მერე გადააგდე. ვერ გადააგდებ, მეორე ჯიბეში ჩაიდებ. მე ამდენი ხანი ვზარდე შვილი და გადამივარდა ხელიდანო“… მამა მისმა დარდმა გადაიყოლა.
ერთხელაც, ახლობელი გარდაიცვალა და წავედი. იქ დედის მამიდაშვილი იყო ჩამოსული მოსკოვიდან, მომიკითხა და ხელი რომ ჩამომართვა, გამაშლევინა და მითხრა – ძალიან გთხოვ, ცხოვრება შეცვალე, თორემ კარგი არ იქნება შენთვისო. ამ სიტყვებმა მართლაც გამომაფხიზლა…
– და შეეცადეთ ახალი ცხოვრების დაწყება… სტომატოლოგად მუშაობდით… კონფლიქტის ზონაში ოსების გვერდითაც გიმუშავიათ….
– ოჯახმა ხელი შემიწყო და ჩავაბარე სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, სწავლით დავკავდი და დიდი დრო აღარ მქონდა ფიქრისთვის, ნელ-ნელა გამოვდიოდი მდგომარეობიდან. მომწონდა ჩემი არჩევანი. მეგობრებიც კარგი შევიძინე, დღემდე არ ვკარგავთ ერთმანეთს.
დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე სოფელ წინაგარაში. ოსების სოფელია. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მათთან. მათაც უყვართ ქართველი ხალხი. იქ წლების მანძილზე ვიმუშავე.
მახსოვს, ხელების დასაბანი წყალი არ მქონდა კაბინეტში და ჯარისკაცებს მოჰქონდათ . ავტომატებს იქვე კუთხეში მიაწყობდნენ და ბოცებით შემოიტანდნენ ხოლმე. ერთხელ ვკითხე – მე ქართველი ვარ და თქვენ – ოსები. მაგ ავტომატს მესვრით-მეთქი? არაო, ეგ როგორ გვითხარიო, – გაგიჟდნენ. ჩვენც ოჯახები გვყავსო…
– ომი განსაკუთრებით შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს… ძალიან მტკივნეულად – შერეულ ოჯახებს… როგორი იყო ქართლი ომამდე და ომის შემდეგ?
– ომი რომ დაიწყო, ძალიან გავიცდიდით მეც და ისინიც – ოსები, სამსახურში სიარული შევწყვიტე. ერთ დღეს ტელეფონით დამირეკეს, ოსის ქალი მირეკავდა, მემუდარებოდა, მივსულიყავი… „ისეთი ძლიერ ტკივილები აქვს ჩემს შვილს, ძირს ხოხავს, ბიჭია, ვერ წამოვა, არ მომიკლანო, შენც ხომ დედა ხარ, მიშველე, დაგიჩოქებ, ოღონდ მოდიო“, – ტიროდა… წასვლისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ მირეკავდა და მემუდარებოდა. ვეღარ გაუძელი და წავედი. სოფლის შესასვლელთან დამხვდა ხალხი, გულში მიკრავდნენ და ტიროდნენ. იმდენად კარგად ვიყავით, არავის უნდოდა ეს ომი.
ომი განსაკუთრებით შეეხო ჩემს სოფელს, საიდანაც იწყება ჩემი სამშობლო, უაზროდ მიყვარს, მეამაყება, გულს მითბობს და მიხარებს, აქ ვარსკვლავებიც სხვანაირია, ღამე – ჯადოსნური, გაგეცინება და, მანქანაში ჩემი სოფლის მიწა მაქვს, ხელს რომ მოვკიდებ, ყველაფერი კარგი მაგონდება, ცრემლი მერევა…
ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი (დედის სოფელია), ხვითი… იმდენად ახლოს არის ცხინვალთან, ფეხით 15 წუთი გვინდოდა. ამიტომ დიდმა შიშმა დისადგურა სოფელში, გაიყვანეს ბავშვები, ქალები… ნელ-ნელა დაიცალა სოფელი. ჩემი ძმა მანქანით იყო გასული, ვაჭრობდა ხილით. უკან რომ ბრუნდებოდა, უკვე ფხვენისთან ჩაიკეტა და მანქანებს აღარ უშვებდნენ. რეზერვში წაიყვანეს. ბიძაშვილს დაავალა დედის გამოყვანა (მასაც ცოლ-შვილი უნდა გამოეყვანა), მაგრამ დედა არ წამოჰყვა და იქ დარჩა. სოფელში რამდენიმე ქალი და ცოტა კაცებიც იყვნენ. ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ (მე რამდენჯერმე წავედი, მაგრამ მანქანით არ გვიშვებდნენ, დედას კი ფეხით სიარული არ შეეძლო, ვერ წამოვიყვანდი იქიდან). სოფელში დარჩენილებს მეუფე ისაია ამხნევებდა, საკვები მიჰქონდა, გვერდიდან არ სცილდებოდა.
შემოვიდა რუსის ჯარი ცეცხლით და სისხლის გუბეები დააყენა, გაუსაძლისი გახადა ტკივილი, წლებით აშენებული სახლები მიწასთან გაასწორა, სატანა დაქროდა ყველგან. და იქ დარჩენილები არ იყვნენ გმირები? სიკვდილს თვალებში უყურებდნენ და მაინც უკან არ იხევდნენ. ამის მაგალითია დედა, კიდევ ერთი მეზობელი მახსენდება. ტანკებით ჩამოიარეს და მისი ეზო დაარბიეს, გულმა არ მოუსვენა, გავიდა და უსაყვედურა, ძმობა შეახსენა, მაგრამ ისიც არ დაინდეს, იქვე მოკლეს ალე გოგიშვილი. თბილი კაცი. მისმა ძმამ ღამით ჩუმად წაიყვანა და სასაფლაოზე დაკრძალა.
ჩემი სახლის ზემოთ თითქმის ყველა ოჯახში ვიღაც დაიღუპა. სოფლის შემოსასვლელში ერთი პატარა სახლი მოჰყვა აფეთქებაში. ოჯახი გაყვანილი ჰყავდა, მარტო იყო. ნამსხვრევებმა თავი მოაწყვიტა სულიკო მჭედლიძეს, მიცვალებულს ნამსხვრევებიდან ფეხი უჩანდა. ძაღლი ვერ მოაცილეს იმ ადგილს…
– სწორედ თქვენს ოჯახს უკავშირდება გახმაურებული ისტორია, როდესაც დედათქვენმა დაჭრილი რუსი ჯარისკაცი შეიფარა. 10 აგვისტოს ქართული ჯარი ლიახვის ხეობას ტოვებდა, დედათქვენმა, 70 წლის აგნეს კუპრაშვილმა 21 წლის რუსი სამხედრო მაქსიმ დრუჟინინი სიკვდილს გადაარჩინა. ნიქოზიდან ზემო ხვითში ჯავშანტრანსპორტიორით შესულს ჭურვი სწორედ თქვენს სახლთან მოხვდა. რუსი სამხედრო დაიჭრა აფეთქების დროს. მოგვიანებით კი ხოხვით მიადგა სახლს, რომელშიც დედა იყო…
– დიახ, ჩვენი სახლის წინ აფეთქდა ერთ-ერთი ტანკი, როგორც ვიცი, სამი დაიღუპა და ერთი დაჭრილი ამოხოხდა. ფეხში იყო დაჭრილი, სახლი რომ დაინახა, წამოვიდა, ფეხს ძლივს მოათრევდა, დედასთან შეჩერდა და უთხრა „მე რუსი ვარ და შემომიშვებო?”
დედას შეეცოდა (მოგვიანებით ასეთი რამ მითხრა, მე იმხელა სათხოვარი მაქვს უფალთან, რუს სამხედროს უარს ვერ ვეტყოდი, შვილო, ჩემი თამრიკოს თვალებით მიყურებდაო), შეიყვანა სახლში და საწნახელში (სადაც ღვინოს ვწურავდით) დამალა. შეუხვია, უპატრონა, დააპურა. როცა პური არ ჰქონდა, ხილს თვითონ არ ჭამდა და მასთან მიჰქონდა. საღამოთი დასძინებლად წავიდოდა (რამდენიმე ქალი ერთად იყვნენ), არცერთისთვის უთქვამს, რომ დაჭრილი ჰყავდა.
მესამე დღეს მეუფე ისაიამ მოინახულა დედა, გაამხნევა და ასეთი კითხვა დაუსვა: „ვთქვათ, დაჭრილი ჯარისკაცი ნახე, რას იზამდიო“. დედას გაუკვირდა – „რაო, მამაო, იცითო“? ახლა მეუფეს გაუკვირდა – „რა, მართლა გყავსო“? „კიო, და არ ვიცი კარგს ვაკეთებ თუ ცუდსო”… „კარგს აკეთებო“ და… დაულოცნია.
რუსები მესამე დღეს შევიდნენ ხვითში, დრუჟინინი ცოცხალი იპოვეს და როსტოვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. დედამ თქვა, ვისაც მკლავზე თეთრი ნაჭერი ჰქონდა მოხვეული, ისინი აგრესიულები იყვნენ, სხვები არაო…
– მაშინ, როგორც მახსოვს, ეს ამბავი პუტინმაც ახსენა თავის გამოსვლაში და ქართველი ხალხის სიკეთეზე ილაპარაკა…
– კი, ეს ჩანაწერიც არსებობს… გახმაურდა…
იმ დღეებში კიდევ ერთი ოსი ესტუმრა დედაჩემს. ტყლაპს ვიღებდიო (ამდენი სროლის და აფეთქებების შემდეგ ყურში კარგად აღარ ესმოდა). უკნიდან ვერ გაიგო მისი მისვლა. ზურგზე რომ იგრძნო შეხება, მიუხედავს და რას ხედავს… ავტომატი აქვს მიდებული. ძალიან შემეშინდაო… მან კი მკითხა, ეგ რა არისო? ჩვენთან ტყლაპს ვეძახით და თქვენებურად რა ჰქვია, არ ვიციო… არ ესროლა მაგრამ… კი შეაშინა.
– იმ დროს ბევრი ოჯახი დაობლდა, ბევრმა დედამ შავები ჩაიცვა. არადა ქართველებსაც და ოსებსაც ნათესაური კავშირები ჰქონდათ…
– სოფელში მიცვალებული მიცვალებულს ემატებოდა. გლოვობდა თავის შვილებს და გულში იხუტებდა. ოჯახი არ იყო, ოსს და ქართველს ნათესაობა რომ არ ჰქონოდა. და მომავალში რა იქნება? არ ვიცი, ალბათ სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს, მიტევება უნდა ვისწავლოთ, მაგრამ დედა, რომელსაც შვილები თვალწინ დაუხოცეს, ნაკლებად იქნება მიმტევებელი.
– ქარელის რაიონში, საზღვრისპირა სოფელ დირბში სტომატოლოგად მუშაობთ….
– სოფელში ძალიან განიცდიან შექმნილ ვითარებას. იმ სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის სიყვარულის ღრმა ხნული ჯერ კიდევ მთლად არ არის მიწამიყრილი.
რა მინდა? მინდა დავიმკვიდროთ ტიტული, რასაც ადამიანურობა ჰქვია სახელად. რაც შემეხება მე. აღარ მინდა ვიფიქრო წარსულზე, მინდა მომავალს თვალი გავუსწორო, მიყვარს ჩემი საქმე, ხალხის დახმარება, მათი პატივისცემა და იგივეს ვიღებ მათგან. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და მომავალშიც ასე მინდა გაგრძელდეს. ხალხის სიყვარულზე დიდი ჯილდო ჩემთვის არ არსებობს.
მიყვარხარ, ჩემო დარდიანო საქართველო, მიყვარხარ, თამარ…
თამარ შაიშმელაშვილი