სოზარ სუბარი: ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს მივაწვდი სააკაშვილს, რომლებიც მისი ბრძანებით მოკლეს ქუჩაში, ბოდიში მოუხადოს, სასჯელი მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ვილაპარაკოთ

„მივაწოდებ მას ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლულნი ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ეროვნულ შერიგებაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

სუბარის თქმით, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი შერიგებაზე.

„შეთავაზება მიღებულია, დოდო აფრასიძის ნომერს მივაწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. მას შეხვდეს, დაელაპარაკოს, ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს. მივაწოდებ მას ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს, რომლებიც მისი ბრძანებით იყვნენ მოკლულნი ქუჩაში, თუ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული, მოუხადოს ყველას ბოდიში, მიიღოს მათგან პატიება. მოიხადოს სასჯელი და მერე ვილაპარაკოთ შერიგებაზე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაელოდონ 2024 წელს და მოიგონ არჩევნები. შერიგების იდეა მისაღებია, ოღონდ ჩამოვუთვლი ასეულობით ადამიანს, რომელთა ოჯახის წევრებიც მოკლეს მისი პირადი ბრძანებით. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ ამ შემთხვევაში მან პირადად აღიარა, რომ გასცა ოჯახის განადგურების და მოკვლის ბრძანება, მან პირადად აღიარა ეს “რედისონში”, ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ პირადად გასცა ოჯახის განადგურების ბრძანება, შეგიძლიათ თქვენს არქივებში დაძებნოთ”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები