საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რაგბის პოპულარიზაციას, ასევე ქართული რაგბის განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი სპორტული მიღწევების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები საქართველოში გასამართი საერთაშორისო სარაგბო ღონისძიებებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეაბილიტირებული ობიექტების ეფექტურ გამოყენებას.

თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო ქალაქთან ახალი სარაგბო მოედნების მოწყობა იგეგმება, სადაც თავდაცვის ძალების სარაგბო გუნდებს შორის ჩემპიონატები და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. ინფრასტრუქტურით სარგებლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეძლებათ. სპორტულ ბაზაზე მომზადებას სარაგბო კლუბ „არმიას“ წევრებიც გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები