„ყველა ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია“ – რა საერთო აქვთ სიღნაღის გაზაფხულს, არყის ხეებსა და მატარებელს, რომელიც ზამთრიდან გადადის გაზაფხულში…

ხატვა და მუსიკა იზიდავდა ბავშვობიდან. მოზრდილ ასაკში აღმოაჩინა, რომ ხატვა უბრალო გატაცება როდი იყო…  და ჩააბარა თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესპედაგოგიურკოლეჯის  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. შემდეგ მცირე ხნით მუშაობდა სკოლაში ხატვის მასწავლებლად.
გარკვეული დროის მანძილზე შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა. ბოლო სამი წელია აქტიურად დაიწყხატვა.  ქმნიფერწერულ ტილოებს ზეთის და აკრილის საღებავებით.
ამბობს, რომ ყველა ნამუშევარი მისი სულის ნაწილია, – მხატვარ შორენა მოსიაშვილის პერსონა.
– დავიბადე თბილისში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. ბავშვობა გავატარე ძალიან ლაღად ჩემს უმცროს დებთან ერთად. დედა – ეთერ მჭედლიშვილი, პროფესიით მკერავია. მამა – ბეგლარ მოსიაშვილი -ყოფილი რკინიგზელი. ხატვამდე მუსიკალური მონაცემები შემამჩნიეს და მშობლებმა შემიყვანეს მაშინდელ „პიონერთა სასახლეში“ ცეკვისა და სიმღერის ჯგუფებში, რამაც ძალიან საინტერესო გახადა ჩემი ბავშვობა.
– ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ… თბილისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლესპედაგოგიურკოლეჯისახვითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრეთ… ერთხანს ხატვის მასწავლებლადაც იმუშავეთ…
– ხატვა დავიწყე კითხვასთან ერთად. მიყვარდა ზღაპრის პერსონაჟების დახატვა. უფრო მოზრდილ ასაკში გავაცნობიერე, რომ ხატვა არ იყო ჩემთვის მხოლოდ გატაცება და გადავწყვიტე პროფესიულ დონეზე შესწავლა. 1992 წელს ჩავაბარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უმაღლეს პედაგოგიურ კოლეჯში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. დამთავრების შემდეგ ერთხანს ვიმუშავე სკოლაში ხატვის მასწავლებლად. ძალიან საინტერესო იყო ბავშვებთან ურთიერთობა, მათგან ყოველთვის მოდიოდა დადებითი ემოციები და ეს ძალიან მახარებდა.
– ბოლო სამი წელია აქტიურ შემოქმედებით მუშაობას ეწევით. ქმნით ფერწერულ ტილოებს ზეთის და აკრილის საღებავებით…
– გარკვეული დროის შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ერთ დღეს, როცა სახლში მარტო ვიყავი, სრულიად სპონტანურად ავიღე ფანქარი და დავიწყე რაღაც ფიგურების ხატვა, მას მერე სულ ვხატავ.
– პანდემია… როგორც ჩანს, კარანტინმა შემოქმედებითი თვალსაზრისით თქვენზე დადებითად იმოქმედა…
– პანდემიამ მართლაც უფრო მეტად შეუწყო ხელი ჩემს შემოქმედებას…
– ხატავთ ბუნებას, ყვავილებს, ნატურმორტებს… განწყობა ფერებითაა გადმოცემული… და მაინც, რომელ ნახატს გამოარჩევდით, რომელსაც ვერ შეელეოდით?
– ძალიან მიყვარს ბუნება და ფერები, რაც ჩანს ჩემს ნამუშევრებში. ჩემთვის ყველა ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილია, მაგრამ გამოვყოფდი „ზამთრის არყის ხეებს”, რომელსაც დაუსრულებლად შემიძლია ვუყურო.
– მეც ეგ ვიფიქრე – ისეთი ლამაზია, ყურება მართლაც არ მოგწყინდება კაცს… რა გაძლევთ, შთაგონება?
– ინსპირაციას ჩემში ბევრი რამ იწვევს, ეს შეიძლება იყოს გარემო, ბუნება, შეიძლება წაკითხულიდან მოვიდეს ან რაიმე ფოტოც გახდეს ინსპირაციის საგანი.
– თქვენს გვერდზე დევს სერტიფიკატი, ჯილდო…
მაქვს სერტიფიკატი, რომელიც მომანიჭა  First wish art gallery-მ, ონლაინკონკურსში მონაწილეობისათვის, სადაც ასევე განთავსებულია ჩემი ნამუშევრები.
– სიღნაღის გაზაფხული…
– როდესაც ვნახე განახლებული სიღნაღი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რამაც დამახატინა მისი ერთ-ერთი ქუჩა.
მახსოვს, ერთ-ერთ ჯგუფში განვათავსე ნახატი „სიღნაღი“,  რის შემდეგაც გამოეხმაურა ერთი ქალბატონი და მკითხა, თუ რა მაკავშირებდა ამ ქუჩასთან. მე ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს იყო ლამაზი ქუჩა, რომლითაც მოვიხიბლე. მან კი სევდიანი ისტორია მომიყვა, რომ ეს ქუჩა იყო მისი ძმის – გიორგი (გოგა) აბრამიშვილის სახელობის, რომელიც შეეწირა აგვისტოს ომს, ის ექიმი იყო.
– როგორ დახატეთ მატარებელი? ძალიან ორიგინალურია…
– ჩემთვის მატარებელი ასოცირდება მოგზაურობასთან, იმედთან, რაღაც სასიამოვნო სიახლესთან. ამ ასოციაციით დავხატე ნამუშევარი, რომელშიც მატარებელი ზამთრიდან გადადის გაზაფხულში.
– ჰობი…
– მოგზაურობა…
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე – ფირუზი ტიგინაშვილი, ორი ვაჟი – გიორგი და საბა. გიორგი ბიოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია, საბა – მე-9 კლასის მოსწავლე.
– ახალი წელი მოდის. თუ აპირებთ საახალწლო განწყობილების გადმოცემას ახალი ნახატით…
– შობა-ახალი წელი ჩემთვის ძალიან ლამაზი და თბილი დღესასწაულია. თითქმის ყოველ ახალ წელს ვქმნი ნამუშევარს, წელსაც ვფიქრობ, რომ დავხატო ამ თემაზე.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– მქონდა შემოთავაზება ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ პანდემიის  გამო თავი შევიკავე. სამომავლოდ – გამოფენებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები