არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება და არეულობაა – ლიდერები ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის ურთიერთდაპირისპირება და არეულობა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებენ და ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი სიმართლე სასამართლოში ამტკიცოს.

„გუშინდელ გამოსვლაში ძალიან ბევრი ისეთი რამ მოისმინა საზოგადოებამ, რაც ფაქტებითაა დადასტურებული სააკაშვილის მმართველობის დროს. 7 ნოემბერი გვახსოვს და კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ დღეს, როდესაც დაარბიეს ,,ტელე იმედი,, და ჩაატარეს ძალოვნებმა რეიდი. პრაქტიკულად, ტელევიზია და ჟურნალისტები დააპატიმრეს. ამის შემდეგ გადავიდნენ ანტენების დაპატიმრებაზე. ნოემბრის ამ დღეებში მოხდა ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევები, როდესაც ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რაც წარმოუდგენელია, პრეზიდენტის ჩართულობის გარეშე მომხდარიყო. მით უმეტეს, როდესაც მაშინდელი კონსტიტუციით პირველი პირი სწორედ პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და გადაბრალება, რასაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის ურთიერთდაპირისპირება და არეულობა. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ლიდერები საკუთარ პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ იღებენ, გაურბიან და ურთიერთგადაბრალების რეჟიმში არიან. ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი სიმართლე სასამართლოში ამტკიცოს. რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს სააკაშვილისთვის, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც და სასამართლოშიც ექნება იგივე უფლებები, რაც აქვს საქართველოში მოქალაქეს და ეს უფლებები დაცულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები