პარლამენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში იმ კანონპროექტს წარადგენს, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმები უნდა დადგინდეს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიზანია თანამდებობაზე 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასების გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კრიტერიუმების ჩამოყალიბება; შეფასების პროცესის სამართლიანი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი პროცედურის დადგენა,რაც ხელს შეუწყობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის შესახებ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფას.
“მოსამართლეთა შეფასება ეყრდნობა ორ ძირითად კრიტერიუმს − კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს ცალკეულ მახასიათებლებს. შეფასების განმახორციელებელი პირი კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მიხედვით შეფასებას ახორციელებს აღნიშნული კრიტერიუმის შესაბამისი მახასიათებლების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას: მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს; მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. რაც შეეხება კომპეტენტურობის კრიტერიუმს, მისი შეფასება ქულათა სისტემის გამოყენებით ხორციელდება.კანონპროექტის შემუშავების პროცესში შესწავლილ იქნა აშშ-ის, გერმანიის, ავსტრიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაც. განხილული მასალების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, სამართლიან, ამომწურავ და მოსამართლისათვის წინასწარ ცნობილ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოსამართლის მიერ შეფასების შედეგების თაობაზე საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა“,-აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები