ანკარა და სტამბოლი საპროტესტო აქციებმა მოიცვა – ერდოღანმა მომიტინგეებს უპასუხა
თურქული ლირის გაუფასურების ფონზე, ანკარა და სტამბოლი საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
მედია წერს, რომ აქციის მონაწილეები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებიც ითხოვენ მმართველი პარტიის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების გამართვას. აქციები ქვეყნის ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიმდინარეობს.
თურქული ლირა უკვე მეთერთმეტე დღეა, უფასურდება და, საბოლოოდ, დოლარზე 13 ლირას ზღვარიც გადალახა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ანკარასა და სტამბოლში პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მერები ჰყავთ – მანსურ იავაში და ექრემ იმამოღლუ.
საპროტესტო აქცია მშვიდ გარემოში ჩატარდა. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას კი ქვეყნის პრეზიენტი, რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამოეხმაურა.
“რა ვადამდელ არჩევნებზეა საუბარი? არჩევნები 2023 წლის ივნისში ჩატარდება”, – განაცხადა მან.