არჩილ თალაკვაძე: მინდა, ოპოზიციონერ კოლეგებს გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

„მინდა, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც შიმშილობენ, პირველ ყოვლისა, ჯანმრთელობა ვუსურვო. ასევე მინდა, გულწრფელად ვურჩიო, შიმშილობა შეწყვიტონ, ვინაიდან მოთხოვნა, რომელიც ამ შიმშილობის ფარგლებში აქვთ დაყენებული, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რეალურად, არ საჭიროებს მათი მხრიდან ამ ტიპის პროტესტის გამოხატვას, თუმცა, ეს მათი უფლებაა. რა თქმა უნდა, მათთან მიმართებითაც, პარლამენტში თუ მის გარეთ, ყველა უფლება დაცული იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს, არიან: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი. მანამდე, პარლამენტში შიმშილობა “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა, შიმშილობს. ისინი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები