„კორონაკრიზისით შექმნილ ჩაკეტილ პერიოდში რეგულარულად ვიღებდი პაციენტებს“ – ქართველი მკურნალის პოპულარობა გერმანიაში, კლასიკური მუსიკის ფონზე

მისი, როგორც მკურნალისა და ბიოენერგოთერაპევტის განსაკუთრებული პოპულარობა 9 აპრილს მოწამლულთა განკურნებას უკავშირდება, შემდეგ კი, 90-ან წლებში, ავტორიტეტი იმდენად მოიხვეჭა, რომ თბილისის ბავშვთა პირველ საავადმყოფოში საკუთარი ლაბორატორია გაუხსნეს.
საქართველოში წლების განმავლობაშიქალთა საბჭოსწევრი იყო და პაციენტებისგან შეგროვილი თანხით გერმანიიდან ბევრ დაწესებულებას ეხმარებოდა… თბილისის წყალდიდობის დროსაც რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს გვერდით დაუდგა.
და მაინც, გადაწყვიტა საქართველოს დატოვება. 23 წელია გერმანიაში მოღვაწეობს, ფრანკფურტის პრესტიჟულ კლინკაში ენერგოინფორმაციული მედიცინის დარგში მრჩეველია.
გერმანიაში მიწვეული ლექტორის სტატუსით ლექციებს კითხულობს, სხვადასხვა კლინიკასა და ცენტრებში იწვევენ, გამოდის მსოფლიოს ფორუმებზე…
გერმანიაში გამოცემული 10 წიგნის ავტორია და ათივე წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივებშია შეტანილი.
ფრანკფურტის ქალაქის ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოში, 90-ან წლებში შექმნილი მისი ნახატების პერსონალური გამოფენაც. ამ გამოფენის შემდეგ ნახატების ალბომი გერმანულმა გამომცემლობამ “Kann Verlag“-მა გამოსცა. – ბიოენერგოთერაპევტის მაგული გორდელაძის პერსონა.  

 – დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობთ და ფრანკფურტის მაღალპროფილიან კლინიკაში მუშაობთ. ენერგოინფორმაციული მედიცინის დარგში მრჩეველი ხართ. გვიამბეთ თქვენს საქმიანობაზე გერმანიაში…
– უკვე 23 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთ პრესტიჟულ, მრავალპროფილიან კლინიკაში, ენერგო-ინფორმაციული მედიცინის დარგში მრჩევლის სტატუსით.
უნდა აღვნიშნო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს ჩემი მუშაობა. მრავალ საინტერესო შემთხვევასთან მქონია შეხება დიაგნოსტიკური თუ თერაპევტული თვალსაზრისით. განკურნებული პაციენტები, რა თქმა უნდა, დიდ სტიმულს მაძლევენ. კორონაკრიზისით შექმნილ ჩაკეტილ პერიოდშიც არცერთი დღე არ გამიცდენია, ვიღებდი პაციენტებს რეგულარულ რეჟიმში.
– არც საქართველოში დაგკლებიათ დაფასება, როგორც საზოგადოებისგან, ასევე მთავრობისგან… „ღირსების ორდენიცგაქვთ მიღებული
– 1990 წელს თბილისში, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბავშვთა N1 საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. იქ პირადად მე ექიმებთან ერთად სამეცნიერო ლაბორატორია გამიხსნეს. მსოფლიოს ფორუმზე, შვეიცარიაში, გერმანიის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ჩემი წარდგენისას ასე აღნიშნა – დასანანია, რომ ეს ლაბორატორია პირველად საქართველოში გაიხსნა და არა გერმანიაშიო.
– თქვენი მეთოდიკის საიდუმლოება, რამაც წარმატება და აღიარება მოგიტანათ…
– თუ გადავხედავთ მედიცინის განვითარებას საქართველოში, დავინახავთ, რომ გარკვეული წლების მერე იგი პროგრესული ხდებოდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება სიახლეს მაინც შიშით და სკეპტიკურად უყურებდა. სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, ადგილობრივებისთვის ადამიანის ორგანიზმის მიმართ სრულიად ახალი მიდგომა გამეცნო, რაც სწრაფ და ეფექტურ მკურნალობაში გამოიხატება.
დღეს ამ თემაზე კვლევას მსოფლიოს მრავალი დარგის მუშაკი აწარმოებს. ფიზიკოსები ამტკიცებენ ველების ანუ ენერგიის არსებობას ორგანიზმში, მაგრამ ვინაიდან ენერგია თვალით უხილავია, ეს სკეპტიკურ განწყობას იწვევს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

– ზაარბრიუკენშიც ატარებდით სემინარებს…
– გარდა ჩემი, როგორც თერაპევტის მოღვაწეობისა, 6 წლის განმავლობაში, აგრეთვე, მიწვევდნენ ზაარბრიუკენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სემინარების ცენტრში. ყოველწლიურად ვატარებდი კურს-სემინარს, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩემი მეთოდის შესწავლის მსურველები: ექიმები და მედიცინის მუშაკები. კურსის დასრულების შემდეგ მათ ეძლეოდათ სერტიფიკატი და შეეძლოთ ამ მეთოდით პრაქტიკულად გაეგრძელებინათ მუშაობა.
– გერმანიაში ლექციებს კითხულობთ, სხვადასხვა კლინიკებსა და ცენტრებში გიწვევენ, გამოდიხართ მსოფლიოს ფორუმებზე…  კონკრეტულად რომელ გამოსვლას გაიხსნებდით?
– რეგულარულად მპატიჟებენ ასევე ლექციების ჩასატარებლად ენერგო-ინფორმაციული მედიცინის სხვადასხვა თემაზე მიწვეული ლექტორის სტატუსით.
ეს ლექციები დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩემს ლექციებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგში, ერთ-ერთ მასშტაბურ მსოფლიო სამეცნიერო კონგრესზე ქალაქ ბაზელში (შვეიცარია) 500-კაციანი მსმენელის წინაშე, ასევე ფართომასშტაბიან მსოფლიო სამეცნიერო ფორუმზე კემბრიჯში (დიდი ბრიტანეთი), რომელიც „ბი-ბი-სის“ რადიოარხზე გაშუქდა.
– თქვენი წიგნები გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის არქივში შეიტანეს… ფრანკფურტის ბაზრობაზე გაიმართა თქვენი წიგნის „ორგანიზმი მთლიანობაში“ წარდგენაც… ალბათ ბოლო წლებში ახალი წიგნებიც დაემატა თქვენს გამოცემებს…
– ჩემმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ჩემი მკურნალობის მეთოდის შესახებ გამომეცა წიგნები. ამჯერად გერმანიაში გამოცემული 10 წიგნის ავტორი ვარ. ათივე წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის არქივებშია შეტანილი.
როგორც ავტორი და გამომცემელი, სამჯერ ვიყავი დაპატიჟებული ფრანკფურტის პრესტიჟულ წიგნის გამოფენაზე, სადაც ჩემი წიგნები იყო წარმოდგენილი.
2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის გამოფენის ფარგლებში, როდესაც საქართველო, როგორც სტუმარი ქვეყანა, იყო წარმოდგენილი, ფრანკფურტის ქალაქის ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოში, 90-ან წლებში შექმნილი ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენა. ამ გამოფენის შემდეგ ალბომის სახით დაიბეჭდა ჩემი ნახატები, რომელიც გამოსცა გერმანულმა გამომცემლობამ “Kann Verlag“-მა.
გამოფენის გახსნა ფართო მასშტაბით ჩატარდა ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის და ქალაქის სხვა ოფიციალური წარმომადგენლების თანდასწრებით.
საქართველოში წლების განმავლობაშიქალთა საბჭოსწევრი იყავით,  პაციენტებისგან შეგროვილი თანხით გერმანიიდან ბევრ დაწესებულებას ეხმარებოდით…
– ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს მანიჭებს და როცა საშუალება მეძლევა, სიამოვნებით ვახორციელებ ამა თუ იმ საქველმოქმედო პროექტს.
მაგალითად, წყალდიდობის დასახმარებლადსაქართველოს ქალთა საბჭოსთან კოოპერაციით განვახორციელე დახმარების პროექტი, მათთან წლების მანძილზე მჭიდროდ ვთანამშრომლობ, როგორც საპატიო წევრი. თანხა შევაგროვე ჩემი გერმანელი პაციენტებისაგან შემოწირულობის სახით დაზარალებულთა დასახმარებლად.
ჰობი
– ჩემი ჰობი ანუ დიდი ინტერესია ხატვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა. თავისუფალ დროს ვისმენ მუსიკას და ვესწრები ჩემი შვილის, პიანისტის ეკატერინე გორდელაძის კონცერტებს.
თქვენი შვილი ეკატერინე გორდელაძე ცნობილი პიანისტია… თქვენ როგორ დაახასიათებდით? დიახ, ჩემი ქალიშვილი ცნობილი პიანისტია საერთაშორისო მასშტაბით
– ის ასევე დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ჰყავს გერმანელი მეუღლე. კონცერტების პარალელურად იგი გახლავთ ფრანკფურტის მუსიკალური უნივერსიტეტის და ციურიხის (შვეიცარია) კალაიდოს მუსიკალური უნვერსიტეტის დოცენტი. ეკატერინე მიზანმიმართული და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ხელოვანია.
ამავდროულად, ის მზრუნველი შვილი და შესანიშნავი მეუღლეა. მისდამი მსმენელის მიერ გამოხატული აღფრთოვანება – ჩემი სიამაყეა.
– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა და წარმატება, მაგრამ როდის აპირებთ დაბრუნებას?
– პაციენტების უწყვეტი ნაკადი არ მაძლევს საშუალებას, მიუხედავად დიდი მონატრებისა, ზუსტად განვსაზღვრო ჩემს ქვეყანაში დაბრუნების თარიღი.
დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს საყვარელ ქვეყანას. სულიერ სიმშვიდეს, ურთიერთპატივისცემას და საქართველოს აღორძინებას ვისურვებდი.
ცნობისათვის: მაგული გორდელაძის ვებგვერდის მისამართია: :www.gordeladze.de

მაგული გორდელაძის ნახატები

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები