ამირან გამყრელიძე – პანდემიაზე: მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ნახტომი, სამწუხაროდ, არ იქნება
“უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში 350-მდე ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.
“უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ დღეს ვინმემ მოიქნიოს და ხვალ დიდი ბედნიერება იყოს, რომ ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაიცვალოს. 1 600 მძიმე ავადმყოფი წევს კლინიკებში, 7 000-მდეა უკვე კლინიკების დატვირთვა, მაქსიმუმზე გადის. 350-ზე მეტი ადამიანია, სამწუხაროდ, ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ყველაფერი მიუთითებს ეპიდსიტუაციის რთულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვემოთ ნახტომი რაც გვინდა, სამწუხაროდ არ იქნება.
მოიმატა პირველადმა აცრებმა, ასევე პირველად აცრებში მოიმატა წილმა 60 წლის ზემოთ მოსახლეობის. თუ იყო 28%-მდე, ახლა უკვე 40%-ს აჭარბებს ამ ასაკობრივი ადამიანების ხვედრითი წილი საერთო პირველად აცრებში. ასევე მომატებულია ბუსტერი. ამასთან აქტიურდება, 518-ია უკვე აცრილი 12-15 წლის ასაკის მოზარდები და ბავშვები, თანდათან, მაგრამ ის ტემპი რა თქმა უნდა არ არის, რაც ჩვენ გვინდა. ამიტომ, ფართო მასშტაბის საკომუნიკაციო კამპანია აუცილებელია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.