ნარმანიას უწყება „ნაცმოძრაობას“ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ნაციონალურ მოძრაობას“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, შექმნას მაქსიმალურად ნეგატიური ფონი წინასაარჩევნოდ და ვითარება წარმოაჩინოს ისე, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი გაჩერებულია. სამინისტროს პრესსამსახური აქვე პარლამენტის წევრის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის კომენტარს ეხმაურება. ვაშაძის განცხადებით, შარშან ავტომაგისტრალზე მხოლოდ 700 მეტრი გზა დაიგო. ვაშაძის ბრალდების საპირწონედ, სამინისტრომ ავტომაგისტრალზე გზის დაგების შესახებ ციფრები გაასაჯაროვა. „2013 წელს სამშენებლო სამუშაოები ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 111 კილომეტრზე, ანუ 2012 წელთან შედარებით 34 კილომეტრით მეტ მონაკვეთზე, მიმდინარეობდა. გზის საფარი მოეწყო 28,4 კილომეტრზე, ხოლო მოძრაობა გაიხსნა 15,4 კილომეტრზე, ეს მაშინ, როცა 2012 წელს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მხოლოდ კილომეტრნახევარი გზა გაიხსნა. მთლიანობაში, 2013 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 260 კილომეტრ გზას, ანუ 60 კილომეტრით მეტს, ვიდრე შარშან, 45 ხიდს (შარშან მათი რაოდენობა 28 იყო) და 5 გვირაბს, მაშინ, როცა შარშან მხოლოდ 2 გვირაბი რეაბილიტირდა“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები