„ვეცდები, ზამთრის ცივ დღეებს მეტი ფერადოვნება შევძინო“ – მხატვარი პეიზაჟების სერიით და „პატარა პრინცის“ მოტანილი კარგი ამბებით

დაიბადდუშეთში, რამდენიმე წელი იზრდებოდი ბებიასთან. შემდეგ თბილისში გადმოვიდა და ვალდორფის სკოლაში სწავლობდა.
2 წლის წინ დაამთავრტექნიკურუნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ამბობს, რომ  ნდოდა აერჩია პროფესია, რომელიც ახლოს იქნებოდა ხატვასთან. ეს აღმოჩნდა არქიტექტურა. ბავშვობიდან ხატავს, თუმცა რამდენიმე წელია, მისი მთავარი საქმიანობა გახდა. ჩემი ჰობიც და სამსახურიც ხატვაა“. – არქიტექტორისა და მხატვრის, მარიამ ბადაგაძის პერსონა.
– ბავშვობის წლებიდან, პირველ რიგში, ბებია მახსენდება, რომელმაც გამზარდა. დიდი ეზო, ხეები, სიმწვანე, რომელიც ასე ძალიან არ მყოფნის ქალაქში. შეუძლებელია, ბუნება არ გახდეს შთაგონების წყარო…
– ბავშვობიდან ხატავთ. პირველი ნახატები…
– ვხატავ იმ დროიდან, როდესაც პირველად შევძელი ფანქრის ხელში დაჭერა, თუმცა მაშინ მხოლოდ ჯღაბნას თუ ვახერხებდი, მოგვიანებდით კედლებზე გადავედი და ვხატავდი ბურთებს.
ბაღის ასაკიდან მოყოლებული, უამრავი ჩემი ნახატი აქვს ბებიას დღემდე შენახული.
ვიხატავდი ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირებს და ვჩუქნიდი ოჯახის წევრებს. მიყვარდა ზღვის პეიზაჟი, ყველაზე ხშირად მზის ჩასვლას ვხატავდი.
– პროფესიით არქიტექტორი ხართ. როგორ გეხმარებათ თქვენი პროფესია ხატვაში?
– არქიტექტურა ძალიან საინტერესო პროფესიაა, ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარე უნივერსიტეტში და ვფიქრობ, ბევრი უნარი შევიძინე. ძალიან მიხარია, რომ მქონდა საშუალება, რამდენიმე განსაკუთრებულ ლექტორთან მესწავლა. ხშირად მახსენდება ჩემი ლექტორის სიტყვები: „გონებიდან ტილომდე დიდი მანძილი უნდა გაიაროს იდეამ, და რომ არ დაიკარგოს, ბევრი მუშაობაა საჭირო“.
იდეები იბადება და ქრება, ამიტომ მისი დაბადებისთანავე უნდა ჩაინიშნო, ჩაიწერო და არ დაკარგო…
ვისწავლე ის, რომ ხშირად უნდა ვხატო და არაა აუცილებელი, ეს იყოს შედევრი, მთავარია, არ მოდუნდე, ამიტომ აუცილებელია, პატარა სკეტჩების კეთება.
რამდენიმე წელია ხატვა თქვენი მთავარი საქმიანობა გახდა…
– დაახლოებით 5 წელია, ხატვა ჩემი მთავარი საქმიანობაა და ეს ყველაფერი დედაჩემის დიდი მხარდაჭერით მოხდა, რომელმაც პირველმა შეხედა ჩემს გატაცებას სერიოზულად, დაიწყო ჩემი მიმოფანტული ნამუშევრების შეგროვება, მას მერე ხშირად ვხატავთ ერთად, სხვათაშორის, ძალიან კარგად გამოსდის.
მიყვარს ნატურმორტები, ჩემთვის დღემდე განსაკუთრებით საინტერესოა მასზე მუშაობა, თუმცა ყველაფერი ცვალებადია და სიუჟეტიც ხასიათის მიხედვით იცვლება…
– ხატავთ ხეზე ზეთის საღებავებით… შექმენით: ბროწეულების სერია, ყვავილები, პიონები, გოგრები, ნისლიანი ტყე, ზამთრის ჩიტები… ბალერინები… თითოეული ნამუშევარი ფერთა ულამაზესი შეხამებით გამოირჩევა…
ამ დროის მანძილზე ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა, მაგრამ არასოდეს მავიწყდება ჩემი  პირველი შეკვეთა – ბროწეულები და იები. დამკვეთმა მას შემდეგ კიდევ მრავალი ტილო შეიძინა. ამ საქმემ ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო, ვფიქრობ, ესაა ყველაზე ღირებული, რაც მომცა მხატვრობამ.
როგორც აღნიშნეთ, ხის გადანაჭერზეც მაქვს შესრულებული ნამუშევრები, ეზოში მოჭრილმა ხეებმა მომცა შთაგონება და გადავწყვიტე, მათთვის ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა.
ყოველთვის მახსენდება ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული დამკვეთი, რომელმაც სრული თავისუფლება მომცა და სრულიად ენდო ჩემს იდეებს, მითხრა, რომ მხოლოდ სიუჟეტად უნდოდა ყვავილები…
– „შემოდგომის სერია“… როგორ იქმნებოდა ეს სერია?
ოქროსფერმა შემოდგომამ პეიზაჟების სერიის შესაქმნელად  ინსპირაცია მომცა. მიყვარს სოფლის ხედები, ყოველთვის ახალ იდეას მკარნახობს, მეც ვცდილობ, არ დავკარგო ის. ამ ეტაპისთვის მაქვს რამდენიმე პეიზაჟი და მინდა განვაგრძო ამ თემაზე მუშაობა, შესაძლოა, მალე შემოდგომის ნობათით დატვირთული ნატურმორტიც შემოგთავაზოთ.
რამდენიმე ტილო დავიწყე, დასრულების შემდეგ აუცილებლად გაგიზიარებთ. ვფიქრობ, მაინც რთულია მხატვრობაში გეგმების დალაგება… იდეები მუდმივად იცვლება, ქაოსიდან გამოგყავს ფორმები, რომლებიც უნდა მივიდეს მნახველთან და მოუყვეს ამბავი, მიიტანოს მასთან ემოცია.
– საახალწლო სასაჩუქრე ტილოები… ამ ახალი წლისთვის რა სიახლე გექნებათ?
– ახალი წლისთვის უამრავ შეკვეთას ვიღებ და დატვირთული გრაფიკით მიწევს მუშაობა, მაგრამ სხვა ნამუშევრებიც იქნება.
აუცილებლად გავაგრძელებ ყველასთვის სასურველი ბროწეულების სერიას, ბროწეული ხომ ბარაქის, ძლიერების სიმბოლოა. მექნება ზამთრის პეიზაჟების სერიაც, რომელზეც ეტაპობრივად უკვე ვმუშაობ. ვეცდები, ზამთრის ცივ დღეებს მეტი ფერადოვნება შევძინო. ჩემი მუდმივი დამკვეთებისთვის ამჯერადაც მექნება საახალწლო საჩუქრები.
– რომელ ნამუშევრებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნილება?
– ხშირად მიკვეთავენ ბალერინებს, ყვავილებს, პეიზჟებს. ეს უკვე ინდივიდუალურია, მაქვს ექსკლუზიურად შექმნილი ნამუშევრებიც, რომლებსაც არ ვიმეორებ, ხანდახან არც ვაქვეყნებ მსგავს ნამუშევრებს. ხშირად შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ყიდულობენ ნახატებს, უფროს თაობას განსაკუთრებით უყვარს ასეთი საჩუქრების გაკეთება, ეს, ძირითადად, ბალერინები ან ყვავილებია.
– „პატარა პრინცი“…
– „პატარა პრინცი“ ჩემთვის გამორჩეული ნამუშევარია, დღეს ის ძალიან კარგ ადამიანთან ცხოვრობს. ის ხომ ყველასათვის საყვარელი პერსონაჟია. ამ ნახატმა შემახვედრა ადამიანს, რომელთან ერთადაც ნამუშევრების განსაკუთრებული სერია შეიქმნა. ჯერჯერობით ისევ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და როდესაც დასრულდება, აუცილებლად გაგაცნობთ შედეგს.
„პატარა პრინცის“ დანახვისას მინდა მნახველი საკუთარ მიზნებზე, გეგმებზე და ოცნებებზე ჩაფიქრდეს…. ის, რაც გულით სურს და სჯერა, აუცილებლად მიაღწევს!
ის ჩემთვის ახდენილი და მომავალი ოცნებების სიმბოლოა, რომლის ასრულებაც აუცილებლად შეგვეძლება.
„პატარა პრინცმა“ ბევრი კარგი ამბავი მოიტანა ჩემს ცხოვრებაში…
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც და საქმიანობაც ხატვაა, ჩემი ძირითადი დრო ამ საქმიანობას ეთმობა. მაგრამ ძალიან მიყვარს სეირნობაც, ფიზიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, თავისუფალ დროს ვსტუმრობ სპორტდარბაზს.
მიყვარს ცურვა, ცხენზე ჯირითი, ფილმები, წიგნები…. ბევრ დროს ვატარებ საკუთარ თავთან.
ძალიან მიყვარს ბალეტი, ოპერა… თუმცა მითი, რომ ხელოვანი ადამიანები მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უსმენენ, ტყუილია, მაგალითად ელექტრონური მუსიკაც არანაკლებ გვაძლევს ინსპირაციას.
ოჯახი….
– ჩემი პასუხი მარტივია, ესაა ჩემი ოჯახი და ჩემი სახელოსნოს ნაწილი, მათთან ერთად იქმნება ყველა ტილო.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმების სია ვრცელი და ცვალებადია, არსებულმა მდგომარეობამ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცვალა. ძალიან მინდა გამოფენის გაკეთება, იმედია, მალე მექნება შანსი.
მინდა ნახატების განსაკუთრებული სერია შევქმნა, ტილოზე გავაცოცხლო ჩემი სიზმრის პერსონაჟები და ზღაპრული გმირები, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ჩემთან ცხოვრობენ.
შევისწავლე ბატიკაზე მუშაობის ტექნიკა და თანდათან ვხვეწავ ნამუშევრებს. ვეცდები, მალე გაგიზიაროთ ისინიც.
მჯერა, მომავალი გეგმები აუცილებლად ასრულდება, როდესაც მომავალზე ვსაუბრობ, ყოველთვის მახსენდება ჩემი „პატარა პრინცი“…

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები