ლევან ხაბეიშვილი: საკრებულოებში არშესვლის საკითხი არც კი განიხილება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პარლამენტში ჩვენი ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს
საკრებულოებში არშესვლის საკითხი არც კი განიხილება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პარლამენტში ჩვენი ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„საკრებულოებში შესვლა-არშესვლის საკითხი არც კი განიხილება და ამაზე კითხვის დასმასაც კი აზრი არ აქვს – არც ახლა და არც მომავალში. რა თქმა უნდა, საკრებულოებში იქნება ჩვენი წარმომადგენლობა წარმოდგენილი და მათ შორის და განსაკუთრებით იქ, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უმრავლესობა.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას და მის მანდატებს, „ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს პერიოდში მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, რომელიც არის ტყვეობაში, რომელიც შიმშილობს ჩვენთვის წარმოუდგენელია და ცხადია, რომ მის პოზიციას გავიზიარებ. მზად ვარ ეს მანდატი დავტოვო, რადგან არც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ის, რომ პარლამენტში ფრაქცია მუშაობას არ გააგრძელებს, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, – აცხადებს ხაბეიშვილი.