„მიყვარს ფერებით თამაში“ –  სტომატოლოგი, ბედნიერების შეგრძნებით და განსაკუთრებული სიყვარულით გაცოცხლებული ზამთარი

პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ბავშვობიდან ხატავს. მაგრამ აქტიურად ხატვას ბოლო სამი წელია მიუბრუნდა.
თვითნასწავლ მხატვარს გამოჩეულად უყვარს ბუნების ფერების გაცოცხლება, ზამთარი კი მისი საყვარელი წელიწადის დროა.
ამბობს, რომ პანდემიის დროს ბევრი დრო ჰქონდა ხატვისთვის და ნახატებიც საკმაოდ დაუგროვდა.
სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს – სტომატოლოგისა და თვითნასწავლი მხატვრის ბელა წერუაშვილის პერსონა.
– ძალიან უდარდელი ბავშვობა მქონდა. სავსე იყო ფერადი და ბედნიერი დღეებით. ლაღი  და საკმაოდ ცელქიც ვიყავი. დედა და მამა მუდმივად გვანებივრებდნენ მე და ჩემს და-ძმას, თუმცა ამავდროულად ზრუნავდნენ, რომ კარგ პიროვნებებად აღვეზარდეთ.
დავდიოდი ცეკვაზე, მუსიკაზე, მხატვრულ კითხვაზე, ცურვასა და უცხო ენებზე. მოკლედ რომ გითხრათ, საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის ღონისძიებებშიც. ჩემს ოჯახს მხატვრობასთან კავშირი არ აქვს.. მამა გელა წერუაშვილი – პოლიციის პოლკოვნიკია, დედა ნანი პაპაშვილი – საუკეთესო დედა და აღმზრდელია. მყავს და-ძმა ლეკა და ანდრო. ვფიქრობ, ჩემი ბედნიერი ბავშვობა სწორედ ჩემს მშობლებთან გატარებულ წლებს უკავშირდება.
– პროფესიით სტომატოლოგი ხართ. რატომ სტომატოლოგობა?
– როგორც ყველა ბავშვს, მეც მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი.  ადამიანების დახმარების სურვილი მქონდა, ამას კი ექიმობით ყველაზე უკეთ შევძლებდი. უკვე შემდგომ, როდესაც უნდა ამერჩია მომავალი პროფესია, მშობლების რჩევით და ჩემი დიდი სურვილით გადავწყვიტე და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. იმ დროისთვისაც საკმაოდ მოთხოვნად პროფესიად მიმაჩნდა და ვფიქრობ, რომ დღესაც ასეა.
– ამბობთ, რომ ხატვა ჰობია…
–  ხატვა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე. ჩემთვის ხატვა ჰობი, საყვარელი საქმიანობაა.
სულ თავიდან ვხატავდი პორტრეტებს, ანიმაციის გმირებს, ვაკეთებდი პატარ-პატარა ჩანახატებს, ვაფორმებდი დღიურებს ჩემი ნახატებით. თუმცა ბავშვობის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა…
დაახლოებით სამი წელია, აქტიურად დავიწყე ხატვა ტილოზე, ძირითადად, აკრილით. ვათვალიერებდი სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებულ ნახატებს და ვცდილობდი, ჩემებურად გადმომეტანა ტილოზე თავისუფალი ასლი. დღესაც მაქვს ასეთი ნახატები, ჩემი შესრულებით.
– როდის ხატავთ? ალბათ თავისუფალ დროს…
– ვხატავ, როცა თავისუფალი ვარ. ხატვის სიყვარული და მიჯაჭვულობა საკმაოდ ძლიერად მაქვს. განსაკუთრებით ღამით სიჩუმეში მიყვარს ხატვა, როდესაც არავინ და არაფერი მიშლის ხელს, დავხატო ის, რაც მინდა, ან რაც ჩემს წარმოსახვაშია, ჩემებურად გადავიტანო ტილოზე. თვითნასწავლი მხატვარი ვარ, ეს კი იმაშიც მეხმარება, არ შემეშინდეს შეცდომების, ვიყო უფრო მეტად თავისუფალი და ავირჩიო ყველა ის ფერი, რომელიც მე მომწონს და ბედნიერად მაქცევს.
– შთაგონება?
– შთაგონების წყარო ჩემთვის შეიძლება იყოს ყველაფერი, გააჩნია ჩემს ემოციას იმ მდგომარეობისთვის, სანამ ხატვას გადავწყვეტ. იმის მიხედვითაც დამიხატავს, როგორი გუნება-განწყობა მაქვს….
– თქვენს ნახატებში სჭარბობს ბუნება და პეიზაჟები… ეტყობა გიყვართ ბუნება… წელიწადის რომელი დრო გიყვართ განსაკუთრებით?
– ბუნება, სიმწვანე ძალიან მიყვარს… წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია. მაგრამ მაინც გამოვარჩევდი ზამთარს. ვცდილობ, ტილოზეც განსაკუთრებული სიყვარულით გადავიტანო სუსხიანი ზამთარი, გაცრეცილი ფერებით. ასევე ვფიქრობ, მხატვრისთვის შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს  წელიწადის დროებიც….
ჩემთვის ძვირფასია ის ნახატები, რომლებზეც ჩემი შვილი ანასტასია მყავს დახატული… მეტად ღირებულია ჩემთვის, შეუფასებელიც კი. ნახატები :
– პანდემია… ინტენსიურად ხატავდით ამ დროს თუ პირიქით?
– პანდემიის პერიოდში, ძირითადად, სახლიდან მიწევდა მუშაობა და, საბედნიეროდ, მეტი დრო მქონდა ხატვისთვის. ვინაიდან არცთუ ისე ბევრ წელს ითვლის ჩემი ე.წ. ჰობი, ამიტომ დაემთხვა ისე, რომ, შესაბამისად, პანდემიის დროს დამიგროვდა ბევრი ნახატი.
ფერები… როგორ მოდის შთაგონება?
– რამდენიმე ფერის ერთმანეთთან შერევით ვიღებ სასურველ ფერს. მონოტონურად თითქმის არასდროს ვაძლევ ფონს ტილოს.
მიყვარს ფერებით თამაში  და  საჭიროა გარისკვაც… თუ არ გამომივა პირველ ჯერზე, შემდეგში აუცილებლად ვიღებ ისეთ ფერს, როგორიც იდეაში მქონდა.  ფერები და ემოცია  ერთმანეთთან კავშირშია. ფერებს ვირჩევ ჩემი განწყობის მიხედვით… ნათელი ფერები სჭარბობს ჩემს ნახატებში, თუმცა მუქი ფერებით შესრულებული ნახატებიც მომწონს.
– როგორც სტომატოლოგი, რას გვეტყოდით თქვენს პროფესიაზე… კოვიდმა ალბათ შექმნა პრობლემები თქვენს პროფესიაში, ვირუსის გამო  ბევრი თავს არიდებს ექიმთან მისვლას…
– სტომატოლოგია ფართო მნიშვნელობის მქონე სპეციალობაა. ის არ მოიცავს მხოლოდ დამოუკიდებლად აღებულ კბილს. სასურველია ასევე ვფლობდეთ ზოგად ინფორმაციას ყველა იმ დაავადებაზე, რასაც უჩივის პაციენტი ჩვენთან მოსვლამდე. ვიზიტის პირველ ეტაპზე საჭიროა საფუძვლიანი ანამნეზის შეკრება, ეს გულისხმობს რამდენიმე საფეხურს, მათ შორის უმთავრესია – ალერგიული მდგომარეობის შეფასება, რის შემდეგად დავგეგმავთ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.
პანდემიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სტომატოლოგთან მიმართვიანობა მეტ-ნაკლებად შემცირდა, თუმცა სათანადო აღჭურვილობის და სტერილიზაციის პირობებში დაინფიცირების რისკი მინიმუმადეა დაყვანილი.
– ჰობი…
–  ხატვა და წიგნის კითხვა.
– როგორც ვიცი, თქვენს გოგონასაც უყვარს ხატვა…
– დიახ, მყავს უნიჭიერესი 11 წლის  გოგონა ანასტასია ზღუდაძე, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. თავისუფალ დროს აკეთებს ჩანახატებს, აფორმებს დღიურებს მისივე გაკეთებული სტიკერებით…
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმებიდან, ძირითადად, ორ სურვილს გამოვყოფდი…  ძირითადი პროფესიიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს საკუთარი სტომატოლოგიური კაბინეტი.
ხატვა კი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მეგზური. სურვილი მაქვს, დავხატო ბევრი და ძალიან მაგარი ნახატები, გავეცნო ფართო აუდიტორიას და ძალიან დიდ, ლამაზად გაფორმებულ  დარბაზში, მქონდეს  ჩემი ნახატების გამოფენა…

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები