“თქვენ ხართ ადამიანები, რომლებთან ერთად მზად ვარ, სამტრედია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანო” – ახლადარჩეულმა მერმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, დავით ბახტაძე დღეიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. სამტრედიის მერი დღეს თანამშრომლებსა და ააიპ-ების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დავით ბახტაძემ დღევანდელ შეხვედრაზე მოკლე მონახაზი გააკეთა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე. ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა ამ მიმართულებით უფრო ეფექტურად გააგრძელონ მუშაობა.

“პირველი სამუშაო დღე ჩემს უახლოეს გარემოცვასთან შეხვედრით დავიწყე. აქ არის წარმოდგენილი ყველა ის ადამიანი, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარების ფერხულშია ჩართული. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებთან ერთად მზად ვარ, კოორდინებული მუშაობით, სამტრედია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანო. ჩვენს წინ დგას ახალი გამოწვევები და ამ გამოწვევებს ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ. მჯერა, რომ მოქალაქეების ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროგრამა დაიგეგმება. ჩვენი მუშაობის 4 წელი უნდა იყოს საქმიანი, ნაყოფიერი და წარმატებული მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც თითოეული სამტრედიელის წინაშე ვგრძნობ“, – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

დღესვე, სამტრედიის მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები