1-დოლარიანების გამყალბებელი მამაკაცი და ყველაზე ხანგრძლივი გამოძიება აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ისტორიაში

1938 წელს ნიუ-იორკში, თამბაქოს ერთ-ერთ ჯიხურში ფალსიფიცირებული ერთდოლარიანი კუპიურა იქნა აღმოჩენილი. აშშ-ის საიდუმლო სამსახური აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და საქმეზე – ნომრით 880 –  გამოძიება დაიწყო. იდუმალი ფალსიფიკატორის დაჭერა 10 წელიწადის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

დღეს მოგიყვებით, თუ ვინ იყო ის…

1890 წელს აშშ-ში ავსტრიიდან ჩამოვიდა 14 წლის მოზარდი სახელად ემერიხ იუტნერი. ახალგაზრდას სრულებით ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა: ის ნახატების ჩარჩოების მოოქროებით იყო დაკავებული.  გარკვეული დროის შემდეგ დაოჯახდა და ორი შვილიც გაუჩნდა. მეუღლისა და შვილების სარჩენად, იუტნერი შენობების მოვლის სამსახურში დასაქმდა, რაც საშუალებას აძლევდა ერთ-ერთი შენობის სარდაფში ეცხოვრა. რამდენიმე ათეული წელიწადი ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, არაფრით განსხვავდებოდა ათასობით სხვა ოჯახისგან.

​61 წლის ასაკში იუტნერი დაქვრივდა: მისი მეუღლე „ისპანკის“ გრიპისგან დაიღუპა. ცოტა ხანში ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ვინაიდან უკვე ასაკიანი იყო სამუშაოსთვის. საკმაოდ რთულ ფინანსურ ვითარებაში აღმოჩენის შემდეგ, ემერიხმა ნიუ-იორკის ნაგავსაყრელზე ნაგვის შეგროვება დაიწყო. ნორმალურ ნივთებს ჰყიდდა და იმ ფულით თავს ირჩენდა.

გაყიდული ნაგვით მიღებული ფული საკმარისი ნამდვილად არ იყო. მაშინ იუტნერმა დაიწყო ფიქრი, თუ საიდან შეეძლო დამატებით ფულის შოვნა და თავისი ახალგაზრდობის გატაცება გაახსენდა. ემერიხი გატაცებული იყო სხვადასხვა საინტერესო ნივთის შექმნით. მაგალითად, იგონებდა სპეციალურ ვენურ ჟალუზებს, მაგრამ ფარდების მწარმოებლებს მისი იდეები არ მოსწონდათ. მის გამოგონებებში იყო კიდევ ახალი ტიპის ფოტოკამერა, მაგრამ „კოდაკმა“ ის დაიწუნა.

ზუსტად ამ დროს გაახსენდა მას ფოტოკამერების სიყვარული, მაგრამ ფოტოგრაფობა კი არ დაუწყია, არამედ ყალბი კუპიურების დამზადებას მიჰყო ხელი. იუტნერმა 1-დოლარიანის ფოტო გადაიღო, მისი გამოსახულება ცინკის ორ ფირფიტაზე გადაიტანა, შემდეგ კი, ხელით დაამატა დეტალები, რომლებიც ცუდად დაიბეჭდა ყალბ კუპიურაზე. საკუთარი ნამუშევარი მოეწონა და შემდეგ მთელი სახელოსნოც მოაწყო.

კადრი ფილმიდან: „მისტერ 880“

ის მხოლოდ ერთდოლარიანებს აყალბებდა და არასდროს ამზადებდა მსხვილ კუპიურებსა და დიდ თანხებს. კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 12-15 კუპიურა გამოსდიოდა, რომელთაც სხვდასხვა მაღაზიაში იყენებდა. ეს თანხა მას არსებობისთვის ჰყოფნიდა.

სამართალდამცავები, რომლებმაც საჩივრები მიიღეს უჩვეულო კუპიურებთან დაკავშირებით, გაოგნებულები იყვნენ. ნიუ-იორკის ბევრ მაღაზიაში მხოლოდ ყალბი ერთდოლარიანები ჩნდებოდა. როგორც წესი, ფალსიფიკატორები დროს არ კარგავდნენ წვრილი კუპიურებისთვის, ისინი უფრო დიდ თანხებს ამზადებდნენ. გარდა ამისა, ყალბის ნამდვილისაგან განსხვავება ძალიან რთული იყო, ვინაიდან მათი შემქმნელები საკითხს საფუძვლიანად უდგებოდნენ. ბანკნოტები ძვირიან ქაღალდზე იბეჭდებოდა, ყველა დეტალი კარგად კოპირდებოდა. თუმცა, ახალი ერთდოლარიანი კუპიურები იაფიან ქაღალდზე იყო დამზადებული, პრეზიდენტის გამოსახულება უხარისხოდ იყო გადატანილი, ხოლო მისი გვარი შეცდომით ეწერა.

საიდუმლო სამსახურები, რომლებიც იდუმალი ფალსიფიკატორის ძებნით იყვნენ დაკავებული, დამნაშავეს „მისტერ 880“ უწოდებდნენ, მასზე აღძრული საქმის ნომრის გამო. ყალბი კუპიურები მთელი ქალაქის მასშტაბით იყო მოდებული: იაფიან მაღაზიებში, მეტროსადგურებზე, მცირე ტავერნებში. პოლიციამ დააკავა ბევრი ადამიანი, რომელიც ამ კუპიურებით გადახდას ცდილობდა, მაგრამ „მისტერ 880“ მათ შორის არ იყო.

აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებს მის დასაჭერად 10 წელი დასჭირდათ. ეს გამოძიება ყველაზე გრძელვადიანი საქმე იყო ამერიკის საიდუმლო სამსახურის ისტორიაში, მაგრამ, საბოლოდ, იუტნერი გამოააშკარავეს, თანაც სრულიად შემთხვევით.

იუტნერი

1948 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა. შენობიდან მოსახლეობას ნივთებს უყრიდნენ, რაიმე მაინც რომ გადაერჩინათ. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციელებმა სახლთან ახლოს ნახეს ბავშვები, რომლებიც ერთდოლარიანებით თამაშობდნენ.

გამოძიების შედეგად, ნახეს ის ბინა, საიდანაც ეს ერთდოლარიანები იყო გადმოყრილი. პოლიციელები ბინაში შევიდნენ და გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც 73 წლის მამაკაცი დაინახეს, რომელიც ზუსტად ის ფალსიფიკატორი აღმოჩნდა.

ემერიხ იუტნერი საკუთარ ბრალეულობას არ უარყოფდა, მას ძალიან სცხვენოდა, მაგრამ ბანკნოტების გაყალბება მას სიცოცხლის საშულებას აძლევდა. როგორც ამბობდა, დამალვა არც არასდროს უცდია.

1948 წლის 3 სექტემბერს ემერიხ იუტნერი გაასამართლეს. სასამართლომ ყურადიღო მამაკაცის პატივსაცემი ასაკი და 1-წლიანი და 1 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ასევე ჯარიმა დააკისრა 1 დოლარის ოდენობით. ოთხი თვის შემდეგ იუტნერი ვადამდე ადრე გათავისუფლდა.

გარკვეული დროის შემდეგ ჰოლივუდში ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, რომელიც მის ისტორიაზე იქნებოდა დაფუძნებული. სცენარის მომზადებისას მიღებული მონაწილეობისთვის და ფილმზე მიღებული უფლებების გამო, იუტნერმა საკმაოდ სოლიდური ფული მიიღო. დარჩენილი წლები მან კარგ პირობებში გაატარა და 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმი, რომელიც ემერიხ იუტნერის ისტორიაზე იყო დაფუძნებული – „მისტერ 880“ ეკრანებზე 1950 წელს გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები