თბილისის 30-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. შემდეგ – იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ასევე ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. 6 წელი კი ილია პატაშურის სახელოსნოში სწავლობდა.
ხატვის პარალელურად მუსიკის სიყვარულიც ჰქონდა. კონსერვატორიის ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა ვოკალზე… პედაგოგები სთხოვდნენ, მუსიკის განხრით გაეგრძელებინა სწავლა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სამხატვრო აკადემია არჩია.
ამბობს, რომ 2018 -2019 ძალიან ნაყოფიერი იყო მისთვის, შეიქმნა ნამუშევარი ,,შიში“, რაც პანდემიით გამოწვეულ დამთრგუნველ ეფექტებს ეხმიანება. „მაშინ არ ვიცოდი, რა გველოდა, მაგრამ წინასწარ ვგრძნობდი. ნამუშევრები კი ოპტიმისტურია, შინაარსითა და ფერადოვნებითაც“. – ფერმწერ თამთა მამუკელაშვილის პერსონა.
– ჩემი ბავშვობა სიკეთით და სიყვარულით სავსე იყო. მე ბედნიერი ბავშვობიდან მოვდივარ. დედა და მამა იმხელა ნდობას გვიცხადებდნენ მე და ჩემს დას, რომ მახსენდება ზოგჯერ მიკვირს. სრული თავისუფლება გვქონდა.
– ხატვა ალბათ ბავშვობიდან გიყვარდათ…
– ხატვა 3 წლის ასაკში დავიწყე. მამა მხატვარი იყო და ყველაფერი მქონდა, მაგრამ ფერადი პასტები მიყვარდა და აკვარელი. ყველა ნახატი დედას ახლაც შენახული აქვს. ფილარმონიაში ბავშვთა ნახატების გალერეა იყო და 3 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა გამოფენაში. დავასურათე „ბურატინოს თავგადასავალი“. ჟურნალისტმა გოგონამ ინტერვიუც კი ჩაწერა და ფოტოები გადამიღო.
– სკოლაში კარგად სწავლობდით, სკოლის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად იქნებოდით ჩართული…
– სკოლაში თუ რამე „კედლის გაზეთი“ იყო გასაკეთებელი, ასევე – საახალწლო აქსესუარები, ყველაფერს მე ვაკეთებდი. დირექტორი და დამრიგებელი ზოგჯერ პატივს დამდებდნენ ხოლმე და სამასწავლებლოში მსვამდნენ, ხელი რომ არ შემშლოდა. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი და სკოლის კულტურულ ცხოვრებაში ვმონაწილეობდი. გვქონდა დრამწრე, რომელსაც დედაჩემი ხელმძღვანელობდა. ვდგამდით სპექტაკლებს. ვმღეროდი სკოლის გუნდში…
– იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ, ფერწერის ფაკულტეტზე…
– იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელი უნიკალური იყო ყველა მხრივ. მე დირექტორ გურამ ქლიბაძის ჯგუფში მოვხვდი და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობდა. იქ სწავლის პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება. არაჩვეულებრივი ლექტორები გვყავდა. ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში – მეგობრობა და სიყვარული. ერთი დიდი ოჯახი იყო.
აკადემიამ დამოუკიდებლობა მასწავლა, იქ სხვა გარემო სუფევდა. იქ მივხვდი, რომ ყველას არ უხარია შენი წარმატება.
– კონსერვატორიის ექსპერიმენტალურ სკოლაში სწავლობდით ვოკალზე… გამორჩეული ხმა გქონდათ. მასწავლებლებს უნდოდათ გადაგეფიქრებინათ აკადემიაში ჩაბარება, მაინც არ გადაიფიქრეთ…
– პარალელურად კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტალურ სკოლაში ვსწავლობდი ვოკალზე. პედაგოგი ანიკო ჩიხრაძე გახლდათ, მონსერატ კაბალიეს ვეძახდით, გარეგნული მსგავსების გამო.
ისე მოსწონდა ჩემი მეცო სოპრანო, რომ მეხვეწებოდა, ჩამებარებინა კონსერვატორიაში. მე აკადემია ვარჩიე, გენებმა თავისი ქნეს. მაგრამ ვოკალის სიყვარული დედას და ანიკოს დამსახურებაა, დღესაც ზეპირად მახსოვს არიები, ნეაპოლიტანური და რუსული რომანსები. ხატვის დროს ვღიღინებ…
– 6 წელი ილია პატაშურის სახელოსნოში სწავლობდით…
– პატაშურის სახელოსნოს გასაღები მე მებარა. ათზე რომ გავხსნიდი გვიან საღამომდე იქ ვმუშაობდი. ამ სახელოსნოში სხვადასხვა კურსის ბავშვები ვიკრიბებოდით. აკადემიურობიდან შემოქმედებითობაში გადავინაცვლე და თავისუფლება გამიათმაგდა. ბატონი ილია ჩვენთან ერთად ხშირად ხატავდა და ეს მაგალითი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ფერის სიმსუბუქეზე და ჰაეროვნებაზე ბევრს საუბრობდა. ჩემი პალიტრაც უფრო ნათელი გახდა.
– თქვენი ნამუშევრები ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა, მხოლოდ თქვენეული ფერთა შეხამებით, რომელსაც სიმშვიდე მოაქვს… როგორ არჩევთ ფერებს? განწყობის მიხედვით, თუ წინასწარ იცით, რაც უნდა დახატოთ?
– წინასწარ არასოდეს იცი, რა გამოვა. ზოგჯერ უცებ სწრაფად იქმნება რაღაც და ორი ფერიც გყოფნის სათქმელად. ხან დიდი ხანი ემზადები, წინ უძღვის რაღაც ეტაპები, კულმინაციამდე არის მუშაობის პროცესი, ამ დროს ენერგიებს ათვინიერებ და…. კულმინაცია! დასრულდა ნამუშევარი, რომლის სიცოცხლეც ახლა იწყება!
– გაზაფხულის საოცარი ხეები, „სიზმრის ხეები“, „აღდგომა“ – განუმეორებელი კოლორიტით. „მე დავიკარგე“, „უყვავესობა“, „CROSS – ჯვარი“, სიყვარული… რომელი ერთი ვთქვა… თქვენ თავად რომელ ნახატს გამოარჩევდით, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ?
– ბევრი ნახატი დამიგროვდა, ძირითადად, 2018-2019 წლები ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის, კოლორიტი შევცვალე და სხვა რაკურსით შევხედე რაღაცებს. ერთ თემაზე შექმნილი სერიული ნამუშევრები შევქმენი: „CROSS – ჯვარი“.
მინდა აღვნიშნო 2018 წლის ზაფხულში შექმნილი ნამუშევარი „შიში“, რაც პანდემიით გამოწვეულ დამთრგუნველ ეფექტებს ეხმიანება. თუმცა არ ვიცოდი, რა გველოდა, წინასწარ ვგრძნობდი. მაგრამ უკვე პანდემიის დროს ამაზე არ მიფიქრია და სურათები, შინაარსითა და ფერადოვნებითაც, ოპტიმისტურია.
რაც შეეხება ჩემთვის გამორჩეულ ნამუშევრებს, კონკრეტულად ვერ გამოვარჩევდი, მაგრამ არის ნამუშევრები, რომლებსაც დავიტოვებდი.
– შთაგონება?..
– ერთი მზერა, ერთი სიტყვა, ამინდი, ქუჩის სიუჟეტი, სპექტაკლის სიუჟეტი, წაკითხული წიგნი, რაღაც მელოდია, გემო, სურნელი – ყველაფერი ეს შემოქმედებითი ადამიანისთვის შთაგონების წყაროა.
– გრაფიკა… რომელს მიანიჭებდით უპირატესობას – ფერწერას თუ გრფიკას?
– ორივე ძაან მაგარია! უბრალოდ მე ფერმწერი ვარ!
– ჰობი…
– ჩემი პროფესია – ჩემი ჰობია!
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, რომელიც სოფელში გადასახლდა. გვაქვს გეგმები, ვნახოთ, რა გამოვა.
– სამომავლო გეგმები…
– სტუდენტობის დროს ბევრი ჯგუფური და ერთი პერსონალური გამოფენის შემდეგ, გამოფენა არ გამიკეთებია. ახლა იმდენი დამიგროვდა, სხვადასხვა პერიოდის და განსაკუთრებით ბოლო სამი წლის ნამუშევრები, რომ სახლში ვეღარ ვატევ. დავიწყე გადახარისხება და მოწესრიგება, ვთვლი, რომ კარგი იქნება, თუ სხვებიც ნახავენ. ჰოდა, ვგეგმავ გამოფენას, ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მეც არ ვიცი.
თამარ შაიშმელაშვილი