რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული, წალენჯიხის გამგებლის, გია მებონიას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა
დღეს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული, წალენჯიხის გამგებლის, გია მებონიას გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა.
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში 13 წლის წინ, 2008 წლის 25 ოქტომბერს აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია მებონია იყო. ასევე, დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები – ოთარ საბულუა, ხოლო ერთი პოლიციელი – ზვიად ლაგვილავა მძიმედ დაიჭრა.
შემთხვევა დღისით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულ-აფხაზური პოსტიდან, რომელიც მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობდა, მართვადი ნაღმი ააფეთქეს. სავარაუდოდ, ნაღმი შემთხვევის ადგილზე დაყრილ ჯართის გროვაში იყო ჩამონტაჟებული. გია მებონია სასწრაფოდ გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში და ზუგდიდის მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ ზომების მიღება უკვე დაგვიანებული იყო. მას ჭურვის ნამსხვრევი თავში ჰქონდა მოხვედრილი.