„ნეტავ, რა ხდება ახლა ზემო აფხაზეთის ძვირფას მიწაზე, სად არის მისი მშვენიერი ხალხი“? – ჟურნალისტი, რომელიც ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს და კურიოზებს აგროვებს

ნინო ჯაჯანიძის ფოტო

თერჯოლის რაიონში დაიბადა. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს ბევრ ადგილას მუშაობდა, 2002 წლიდან კი თერჯოლის რედაქციის ჟურნალისტია. 76 წელს ამაოდ არ ჩაუვლია – მოსაგონარიც და საამაყოც ბევრი აქვს,
ამბობს, რომ არასოდეს უცხოვრია ანგარებით, შურით, გესლით… საკუთარი გამოცდილებით მუდამ იდგა ქვეყნის და ხალხის სამსახურში. იგივეს ურჩევს ახალგაზრდებს, რომ ბევრი იკითხონ, რადგან კარგ სახელმწიფოს განსწავლული, ეროვნული სულით ანთებული ადამიანი ააშენებს, რომ წიგნიერი კაცი ზნეობრივი და ამაღლებულია
თავადაც უყვარს პოეზია, მწერლობა… ზეპირადაც იცის ბევრი ნაწარმოები. მართალია, წლებს თავისი მიაქვთ, მაგრამ მაინც ცდილობს, ცხოვრების კვალდაკვალ იაროს და მოიძიოს გაზეთის მასალები, გადაიღოს ფოტოები, დაუზარლად ემსახუროს საყვარელ საქმეს. – თერჯოლის მუნიციპალიტეტიგაზეთთერჯოლის ჟურნალისტის ჟუჟუნა ცხადაძის პერსონა.

– დაბადებული ვარ 1945 წელს, თერჯოლის რაონის სოფელ სიქთარვაში. დავამთავრე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი – სიქთარვის კოლმეურნეობაში, საშუალო სკოლის უფროს პიონერხელმძღვანელად, პარტიის თერჯოლის რაიკომში – სტატისტიკოსად, გაზეთ „წინსვლის“ რედაქციაში – მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ, პარტიის რაიკომის საერთო, სოციალური უზრუნველყოფის, სოციალური დახმარების განყოფილების გამგედ, 2002 წლიდან დღემდე ვმუშაობ გაზეთ „თერჯოლის“ რედაქციაში ჟურნალისტად.
– ჟურნალისტიც ხართ და ფოტოკორესპონდენტიც… თვალი უმალ გამოარჩევს თქვენს შრომისმოყვარეობას, საქმის სიყვარულს…
– ფაქტმა, რომ წლებია არ გვყავს ფოტოკორესპონდენტი. მეც და სხვა ჟურნალისტებიც ვითავსებთ „ფოტოგრაფობას“.
მე პირადად კარგად ვერ ვიღებ და არც ვამტყუნებ თავს, საამისოდ  მიზეზი მაქვს, ადრეულ წლებში ფოტოებს გაზეთისათვის ერთი ცნობილი ფოტოკორესპონდენტი იღებდა. ერთხელ, მთელი საათი დააჭერინა ფერმის გამგეს კარგა მოზრდილი გოჭი და სურათი ცხადია, კარგი გამოვიდოდა, რაიკომში მოსულ სტუმრებს და მაღალჩინოსნებს თავის ჭკუაზე „აწყობდა“, სანამ არ გასცემდა „განკარგულებას“ – თავისუფლად, გადაღებულია – ყველა „სმენაზე“ იდგა. ეს შესაძლებლობები ახლა აღარაა.
მყავს ორი ძმისშვილი, მათი მეუღლეები და მათი შვილები, უახლოესი მეგობრები, რომლებიც ჩემთვის ყველაფერია. შეიძლება იმიტომაც, რომ საკუთარი ოჯახი არ მაქვს. ძირითადად, ამან განაპირობა ალბათ ზემოთ ჩამოთვლილ სამსახურებში შესაძლებლობების სრულად გამოყენება და საქმის სიყვარული. სამუშაო ჩემთვის მეორეხარისხოვანი არასდროს ყოფილა, ყველაფერს ვაკეთებდი ერთგულად, გულის კარნახით, გული კი კარგს მკარნახობდა, ვმუშაობდი ისე, სადამდეც მიდიოდა ჩემი შესაძლებლობები.
– კომუნისტების დროს მოგიწიათ ცხოვრებამ და მუშაობამ. მოსაგონარიც ბევრი გექნებათ, მითუფრო, ახლა 21-ე საუკუნეა, რომელმაც ახალი სათქმელი, სხვა ფასეულობები მოიტანა…
– პირველი ნაბიჯი სკოლაში გადავდგი, პიონერულ და კომკავშირულ ორგანიზაციებს მაშინ დიდი დატვირთვა ჰქონდა  და შემიყვარდა ახალგაზრდობა. პარტიის რაიკომში მუშაობა ურთულესი აღმოჩნდა, მაგრამ ახლა, როცა გადავხედავ რაიკომში გატარებულ თითქმის ერთ ათეულ წელს, ბევრი ტკბილ-მწარე მოგონება შემორჩენია მეხსიერებას. დღემდე ანეკდოტივით ჰყვებიან, როგორ გავხსენი კბილით მდივანთან შესატანი ბორჯომი.
ძველმა თაობამ და ახალგაზრდებმაც იციან სულ რამდენიმე თანამშრომელთან გამართული თათბირის ამბავი, რომელმაც ჩემგან „გაჟონა“… თერჯოლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებოდა, ამ თათბირზე, ისე,  სხვათა შორის, იკითხა პირველმა მდივანმა, ფორმების საქმე ხომ არის კარგადო. კი ბატონო, მართალია შეკერვას ვერ ვასწრებთ, მაგრამ ვნათხოვრობთო – უპასუხეს. ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფორმების ფული კარგა ხნის გადარიცხული იყო. კაბინეტში ავისმომასწავებელი სიჩუმე ჩამოვარდა. შენ ნათხოვარი თუ გცმია რამეო – ჰკითხა  პირველმა მდივანმა ამ საქმის ორგანიზატორს და ამ მოპასუხეს. კი ბატონოო… რა გცმია და სადო?.. პალტო, ბატონო, ჩემს ქორწილშიო. ტყუილია, ქალი ზაფხულში მოიყვანაო, – ხმამაღლა წამოსცდა ერთს. დაძაბულობის მიუხედავად, გაგვეცინა, გაიცინა მდივანმაც და „გადავრჩით“.
კომუნისტური რეჟიმის დამხობას თავისუფლება მოჰყვა. მე მაინც დისციპლინის და კანონის მორჩილი დავრჩი. თავისუფლება არ არის ჩემთვის იმის კეთება, რაც მინდა, ან რაც გამიხარდება, თავისუფლება ჩემთვის პასუხისმგებლობაა, მეტის კეთების სურვილი.
მიყვარს ნათქვამი: „მინდა ვიქცე იმად, რაც მინდა ვიყო“, მაგრამ შესრულება ძნელი აღმოჩნდა და ვერც მოვახერხე. ბიბლიური სიტყვები – მოიქეცი ისე, როგორც გინდა შენ მოგექცნენ, უფლის გარდა ნეტა თუ შეასრულა ვინმემ!
– ჟურნალისტობა საინტერესო პროფესიაა იმითაც, რომ უამრავ ადამიანს შეგახვედრებს, ბევრ საკითხზე დაგაფიქრებს, სხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს ადამიანს… როგორც ძველთაობელი, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?
– რედაქციაში მუშაობისას უფრო დავუახლოვდი ახალგაზრდებს, პედაგოგიურ კოლექტივებს, აქ ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები, რომელსაც მეც და სხვა ჟურნალისტებიც ფართოდ ვაშუქებთ.
ბევრჯერ მითქვამს მოსწავლეებისათვის, რომ პატივი სცენ ეროვნულ ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს, ბევრი იკითხონ, იარონ ბიბლიოთეკებში, რადგან ბიბლიოთეკა მარტო წიგნსაცავი კი არა, კაცობრიობის გონების სინთეზია, რომ კარგ სახელმწიფოს განსწავლული ადამიანი აშენებს, ეროვნული სულით ანთებული, რომ წიგნიერი კაცი ზნეობრივი და ამაღლებულია. კომპიუტერი და ინტერნეტი, დიახაც, არის უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ წიგნს ვერაფერი ცვლის, ეს ტექნოლოგიებიც ხომ განათლებული კაცის შექმნილია.
ძალიან გაიდგა ფესვები საკუთარ პრობლემებზე და კეთილდღეობაზე ფიქრმა. ეს, ბუნებრივია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ სხვებზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც ამის ვალდებულება აქვს.
ჩემმა თაობამ ზეპირად იცოდა პატრიოტული ლექსები, ჩვენ ვტიროდით წიქარას, შვლის ნუკრის ნაამბობის, თინას ლეკურის, ქაჯანას, იავნანამ რა ჰქმნას, ვეფხვის და მოყმის წაკითხვისას… „ხან იფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა“, „წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმარ ვუთხრა ჭირისაო“- ეს ქმედება (თუ ნათქვამი) არაფრით ჰგავს იმ დედების საქციელს – ოღონდ თავისი გადაარჩინოს და სხვისას უყოყმანოდ გაწირავს.
რატომ გვიჭირს, რატომ მიდიან ჩვენი ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული გოგო-ბიჭები საზღვარგარეთ, რატომ მიდიან დედები ლუკმა-პურის საშოვნელად და ტოვებენ შვილებს, რითაც მახინჯდება მოზარდის სული. ჩვენ დიდი ერის შვილები ვართ. როცა საქართველოში შუშანიკის და აბოს წამება, „გალობანი სინანულისანი“, „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, ზოგი ქვეყანა აღმოჩენილი არ იყო და ბევრ ქვეყანაში ხალხი ბალახს ჭამდა, ზოგგან წერა-კითხვას ითვისებდნენ.
– როგორც თქვით, სკოლებში და ბაგაბაღებში მრავალი საინტერესო ღონისძიება ტარდებოდა. ხშირად დადიოდით მათთან ერთად ღია გაკვეთილებზე, ექსკურსიებზე… ზემო აფხაზეთშიც იმყოფებოდით…
– მრავალთაგან განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო პარტნიორობის პროგრამის პროექტში გამარჯვებულ ღვანკითის საჯარო სკოლას (დირექტორი ეთერ ტურავა) კოდორში ვახლდი, პროექტში მარნეულის და ზემო აფხაზეთის ჩხალთის საჯარო სკოლებმა გაიმარჯვეს.
კოდორის ხეობაში გატარებული ორი დღე, ერთ-ერთი საუკეთესო ორი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.
იდგა 2007 წლის ოქტომბერი. გზის თავგადასავალზე თერჯოლიდან ხაიშამდე არაფერს ვიტყვი. ხაიშში სამთავრობო წარმომადგენლობამ დაცვა გამოგვიყო. ჩხალთაში თითქის მთელი ხეობა დაგვხვდა, ჩხალთის მოსახლეობა უმძიმეს პერიოდში  ხეობას იცავდა, დარაჯად ედგნენ ხეობას და სრულიად საქართველოს. „ხეობის დაცლას ვერავინ მოესწრება!“, – თქვა მაშინ აფხაზეთის ომის გმირმა ნოდარ ჩხეტიანმა. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ეს გრძელი და სახიფათო გზა გაიარა, ამიტომ გვითხრეს – „ძალა მოგვეცით აქ ჩამოსვლითო“.
და დღემდე დამამახსოვრდა კოდორის ხეობის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი, გამგებელი რევაზ გუჯეჯიანი, განათლების მინისტრი ალეკო აპლაკოვი, ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი კოდორში გურამ გურჩიანი, ჩხალთის სოფლის რწმუნებული მარინე კვანჭიანი, სკოლის პედაგოგები, დირექტორი ზურაბ გურჩიანი, სასკოლო პარტნიორობის პროგრამის კოორდინატორი ნორა გუგუსიანი, ჩხალთა-აჯარის ეკლესიის მოძღვარი მამა ნიკოლოზი და მასპინძელი როლანდ (თუ ნოდარ) მურღვლიანისა და მაია ხორგუანის ოჯახი, სადაც ღამე გავათიე ოთხ მოსწავლესთან ერთად. წამოსვლისას თაფლი გვაჩუქეს და მერე როგორი.
ბევრჯერ გამხსენებია ეს ხალხი და სხვა მაცხოვრებლები, რომლებიც გვიცდიდნენ, სანამ ოჯახებში არ წავედით, იცდიდნენ იმიტომ, რომ სურდათ სტუმრები „რგებოდათ“. მიფიქრია ჩვენს ულამაზეს კუთხეზე, „ხელის გულზე დასატევ“ და „ცრემლს რომ ოდნავ აღემატება“ იმ აფხაზეთზე, ბევრჯერ გამხსენებია ჩხალთა, ზემო და ქვემო აჯარა, მისი მშვენიერი ხალხი, ნეტა როგორ არიან, სად არიან, რა ხდება დალის, კოდორის, იგივე ზემო აფხაზეთის ძვირფას მიწაზე?
 აგროვებთ ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს, სხვების და თქვენს კურიოზებს, ორიგინალურ სადღეგრძელოებს
– ანეკდოტებსაც კი, თავ-თავის დროზე ყველა გამომადგა.
ერთხელ ერთ ათკაციან სუფრაზე შევიკრიბეთ, იმის აღსანიშნავად, რომ რაიკომის პირველი მდივანი და აღმასკომის თავმჯდომარე ერთდროულად წავიდნენ თბილისში, შენობის ორივე სართულზე ნამდვილი ზეიმი იყო, თან გვშიოდა, უკეთ რომ ვთქვა, „კუჭი ხერხემალზე გვქონდა მიკრული“ და წავედით.  რესტორნის ფული ე.წ. „პოსლეზე“ უნდა გადაგვეხადა. ფული შენ აკრიბეო – დამევალა. თამადობაზე ყველამ უარი თქვა, გადაწყდა, რიგ-რიგობით გვეთქვა თითო სადღეგრძელო, საუკეთესოს ვინც იტყოდა, ფულის გადახდისაგან თავისუფლდებოდა. აზრი, ფულის არგადახდის თაობაზე, ჭკუაში დამიჯდა და დავიწყე ფიქრი, რა მეთქვა (ჭამაში ფიქრს ხელი არ შეუშლია). ჩემი რიგი რომ მოვიდა, ვთქვი – ამ სუფრასთან ათნი, საუკეთესო მეგობრები ვართ, გვიყვარს ერთმანეთი, გვინდა თუ არ გვინდა, როცა იქნება სიკვდილი მოგვაკითხავს. აქ მსხდომ ორ კაცს გაუმარჯოს – ერთს, რომელიც პირველი წავა ამქვეყნიდან და ბედნიერი იქნება, რადგან არც ერთი ჩვენგანის ტკივილს არ წაიღებს, მეორეს, რომელიც სულ ბოლოს წავა, ანუ მეათე იქნება და არ იქნება ბედნიერი, რადგან ყველას ტკივილს წაიღებს.
დაახლოებით  ასე ჩამოვაყალიბე სადღეგრძელო. გავიმარჯვე და ფულის გადამხდელი ვიყავი? „პრიზი“ მაშინაც დავიმსახურე, როცა დედა, ზოგადად, ქალი ვადღეგრძელე იმ რანგში, როგორც ეს წარმოდგენილია ქართული ხალხური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშში – „ვეფხვი და მოყმე“, თან ზეპირად მოვყევი და მთელი კვირა რიგრიგობით მიხდიდნენ კვების თანხას რაიკომის ბუფეტში.
– როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი?
– გაზეთ „თერჯოლის“ იუბილეზე პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა გვითხრა – რაინდია ხელისუფალი, რომელიც ისე ცხოვრობს და მოღვაწეობს, რომ ჟურნალისტის არ ეშინია და რაინდია ჟურნალისტი, რომლისაც არ ეშინიათ. მაშინ პირველად მოვისმინე ეს სიტყვები და ჩამრჩა მეხსიერებაში.
თერჯოლელ ჟურნალისტებს არ გვიცხოვრია ანგარებით, შურით, გესლით, კრიტიკას თუ მივმართავდით, მხოლოდ უკეთესის სურვილით, თანადგომის გამოხატვით, რწმენით, იმედით, კეთილგანწყობით.
– გამორჩეულად გიყვართ პოეზია…
– საუკეთესოები ზეპირადაც ვიცი, ვკითხულობ მხატრულ ლიტერატურას, იმასაც მხოლოდ საუკეთესოს. ქვეყნის კონსტიტუციას, საარჩევნო კოდექსს, შრომის, საგადასახადო კოდექსს, ვიყენებ საჭიროების დროს.
მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი რაიონი, ჩემი სოფელი. აქ მცხოვრები ადამიანები, უამრავი ნაცნობი, რომლებიც ამ წლებმა დამიგროვა.
– თქვენი სურვილები…
– 76 წელი უკვე წარსულის კუთვნილებაა. ბევრია ეს წლები და მადლობელი ვარ უფლის, მაგრამ აწი გასავლელზეც რომ ვფიქრობ! იგი ვერ იქნება უფლის მიერ დადგენილი 120-ი, მაგრამ რაც იქნება, იქნება! მე ყოველთვის მიყვარდა და პატივს ვცემდი მოხუცებს, რადგან, ვიცი, რომ სიბერე ყველას მომავალია. ამ სიყვარულს ხელი შეუწყო წლების განმავლობაში სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების გამგედ მუშაობამ, საპენსიო ასაკს მიღწეულ და უკვე პენსიონერ ადამიანებთან სამსახურებრივმა ურთიერთობამ.
რა მინდა 76 წლისას? ერთიანი, ძლიერი საქართველო, ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიძლიერე, ეროვნული სულით ანთებული ხელისუფლება, ნაცნობ-უცნობის კარგად ყოფნა, ჯანმრთელობა და სიკეთე, საზღვარგარეთ წასული ჩემი თანამემამულეების ერთ ჭერქვეშ, ერთ ფრთებქვეშ შეკრება მინდა და, ბოლოს და ბოლოს, პანდემიის დამარცხება მინდა.
ერთმა მეგობარმა, დროებით ამერიკაში მცხოვრებმა, მითხრა – ერთ სადარბაზოში მცხოვრებნი ისე იბადებიან და კვდებიან, ერთმანეთს არ იცნობენო, ბედნიერია ეს ხალხი და უბედურიც, ჩვენ კი ლამის გადაგვიტანა ერთმანეთის ჯავრმა, ჩვეული პატივის მიუგებლობამ.
თუმცა რთულია, ადამიანმა თქვას, რომ ბედნიერია. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ამიტომ არ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ვიტყვი იმას, რომ მქონია და მაქვს ლამაზი დღეები, ასაკოვანს, ხშირად მიფიქრია საკუთარ თავზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, ქვეყანაზე…
ახლა ასე ვცხოვრობ: შეძლების შესაბამისი დატვირთვა სოფელში, მასალების მოძიება გაზეთისათვის, ზრუნვა ჯანმრთელობაზე, ახლობლებზე, ადრეულ წლებში აკვიატებული ფრაზა – სიკვდილის არ მეშინია, ერთგვარი ინტერესითაც კი ველოდები – მეთქი, – ტყუილი გამოდგა.
დიახ, მოვიდა სიბერე, თან მოჰყვა შიში, ახლახან წიგნების თაროდან ოთხი წიგნი გადმოვიღე – ბიბლია, „ქართლის ცხოვრება“, „ვეფხისტყაოსანი“ და იაკობის „დედა ენა“, რაღაცნაირი სიმშვიდე დამეუფლა…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები