„იმედი გვაქვს, ოლიმპიური თამაშები მშვიდობიანად ჩაივლის“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს იმედი აქვს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები მშვიდობიანად ჩაივლის და არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
“საქართველოს მთავრობამ, მართლაც, რთული გადაწყვეტილება მიიღო. მან ხელი შეუწყო სპორტსმენების გამგზავრებას სოჭში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს თამაშები მშვიდობიანად ჩაივლის და არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. იმედი გვაქვს, რომ იქნება სპორტის დღესასწაული, როგორც ეს უნდა იყოს ნებისმიერი ოლიმპიური თამაშების დროს”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სოჭში მიწვევის შესახებ არ დასტურდება. “ოფიციალური ინფორმაცია გადამოწმებულია. ის არ დასტურდება. მსგავსი მოწვევები ოფიციალურად არ არსებობს არც ოლიმპიური კომიტეტის მიერ. იგივე დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც ბატონ ზურაბ აბაშიძესთან საუბარში. თუკი ამის მიუხედავად, მაინც ექნება ადგილი რაიმე სახის პროვოკაციას ამ მიმართულებით, მაშინ საქართველოს მთავრობას ადეკვატური რეაქცია ექნება”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.