თამარ გაბუნია: კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ დროისთვის 9 000-მდე საწოლია მობილიზებული.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის ჯანდაცვის სისტემას შესაძლებლობა აქვს, თუმცა, ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია რეგულაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
“კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება. 9 000-მდე საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული. კახეთში, სადაც საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, საწოლფონდი ზოგადად მცირეა, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში, ძირითადად, თბილისში, თუკი ამის საჭიროება არსებობს.
შესაძლებლობა იმის, რომ ეს ტალღა იმართოს ეფექტურად, რა თქმა უნდა, არსებობს. ჯანდაცვის სისტემის ამის ძალისხმევას მოახერხებს, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იმ დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე, არა მხოლოდ აღსრულებაზე, რომელიც გარკვეულწილად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არამედ შესრულებაზე, რომელიც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა”, – აცხადებს თამარ გაბუნია.