აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოშია.
ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.
„საქართველოში, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება, რათა დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზი გაუსვას აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების მოგვარებაში. ლიდერები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონში უფრო მეტ რეგიონალურ თანამშრომლობას წაახალისებენ“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა.