დმიტრო კულება – არ მესმის, რატომ უნდა შემცირდეს სამობილიზაციო ასაკი პირდაპირ 18 წლამდე, ეს იქნება უკიდურესად მტკივნეული გადაწყვეტილება

უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მიუხედავად არსებული შეშფოთებისა, სამობილიზაციო ასაკის შემცირება 25-დან 18 წლამდე ნაკლებად სავარაუდოა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს ცვლილება ისეთი დრამატული იქნება, როგორც ჟღერს. არ მესმის, რატომ უნდა შემცირდეს ასაკი პირდაპირ 18 წლამდე“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე გენერლებმა უნდა წარუდგინონ არგუმენტები პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პარლამენტს და, რაც მთავარია, უკრაინელ ხალხს.

კულებამ განაცხადა, რომ მისი 18 წლის შვილი, რომელიც სამხედრო სწავლებას გადის, მზადაა, იბრძოლოს ქვეყნისთვის.

„ვფიქრობ, რომ ერთადერთი, ვისაც ასაკის 18 წლამდე შემცირება გაახარებდა, ჩემი შვილია, რომელიც 18 წლისაა. ძლივს დავარწმუნე, რომ უნივერსიტეტში სწავლა გაეგრძელებინა“, – განაცხადა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კითხვაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებოდა შვილის გადაწყვეტილებაზე ფრონტზე წასვლის შესახებ, კულებამ უპასუხა: „პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რასაც უნდა ესწრაფვოდე, მაგრამ თუ შენი დრო დადგება, გამოწვევას ღირსეულად უნდა შეხვდე“.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ მისი მიზანი არ არის, იყოს მამა, რომელიც შვილებს თავს ახვევს საკუთარ მოსაზრებებს.

„ის 18 წლისაა და შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. ერთადერთი, რასაც ვთხოვ, არის უნივერსიტეტის დამთავრება, რადგან ფრონტის ხაზიდან დაბრუნების შემდეგ სწავლის დასრულება უკიდურესად რთული იქნება“, – აღნიშნა კულებამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები