პორტრეტული თოჯინები, ძველი თბილისი, ხელოვნებით სასიამოვნო დაღლა და ქალი-რვაფეხას ამბავი

ბავშვობიდან ხატავდა, აინტერესებდა კერვა, ქარგვა, ქსოვა. ასევე თოჯინების შექმნა. დედის, ცნობილი მხატვრის ნელი არაბულის რჩევით, სამხატვრო აკადემიის სტუდიაში განაგრძო სწავლა, სადაც შეისწავლა – ფერწერა, გრაფიკა, კომპოზიცია, დეკორი, ქსოვილის მხატვრული დამუშავება. გობელენი, ბატიკა, ქანდაკება.
1999 წელს  სახვითი ხელოვნების აკადემია დაამთავრდა ენიჭა დაზგური ფერწერის კვალიფიკაცია.
ამჟამად არის პედაგოგი, ასწავლიჩუღურეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში. ყავს უამრავი მოსწავლე.
ამბობს, რომ იზიდავს მრავალფეროვნება და გამუდმებით ძიების პროცესშია.
ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის წევრია, მრავალი გამოფენაგაყიდვის მონაწილე.
დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟიშვილი.
„ბედნიერებაა, რომ  ხელოვანი ვარ და ჩემი ემოციების ფურცელზე გამოსახვა შემიძლია“, – ამბობს იგი.  ხელოვანის და მხატვრის, ირინა არაბულის პერსონა.
–  ბავშვობიდან მახსოვს დედას შემოქმედება, მისი თავდაუზოგავი შრომა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით კარგად. მახსოვს მისი ღამეების თენება ხატვის დროს, რადგან დღისით მას ამის საშუალება არ ეძლეოდა.
– ბავშვობიდან ხატავდით, გაინტერესებდათ თოჯინების შექმნა. ისწავლეთ კერვა, ქარგვა, ქსოვა...
დედაჩემის ნამუშევრების შემხედვარე, მინდოდა მეც მეხატა. მას ვბაძავდი და, შეძლებისდაგვარად, ვიმეორებდი მის ნახატებს.
მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, ჩემს დას თოჯინა აჩუქეს დაბადების დღეზე. სწორედ მაშინ ვნახე პირველი ხელნაკეთი თოჯინა, რომელიც დედამ შეკერა და მაჩუქა,რადგანაც ძალიან მინდოდა, რომ მეც მქონოდა თოჯინა.
პირველი თოჯინა 14 წლის ასაკში შევკერე. აქედან დაიწყო ჩემი თოჯინების ხელოვნებაც.
– სწავლობდით სამხატვრო აკადემიის სტუდიაში, შემდეგ – სახვითი ხელოვნების აკადემია დაამთავრეთ და დაზგური ფერწერის კვლიფიკაცია მოგენიჭათ…
– 2008 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია. სტუდენტობის წლებმა მალე განვლო. ეს პერიოდი სულ შრომასა და ახალი შედევრების შექმნაში გავატარე. ხატვა იყო ჩემთვის დასვენებაც, გართობაც, დაღლაც, მაგრამ სასიამოვნო დაღლა. მივხვდი, რომ სწორედ ხელოვნებით უნდა მეცხოვრა და, ამავდროულად, ჩემი უზრუნველი ცხოვრების მეგზური ყოფილიყო.
– მინაზე, თიხაზე, მუყაოზე „ძველი თბილისის“ ხედები გადაგაქვთ… როდესაც ხელნაკეთებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა დედა-შვილის ტანდემი… რა ისწავლეთ დედისგან და რა არის თქვენეული ამ ნამუშევრებში?
მუყაოსაგან ვქმნიდი სახლებს, 3D ნამუშევრებს, რომლის ავტორიც დედაჩემი – ნელი არაბულია. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ძველი თბილისის ხედებს და გადმომილოცა თავისი იდეები, რომ შემდგომ რეალიზება მომეხდინა. ჩემი ნამუშევრები თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გაყიდული.
დედამ მასწავლა, რომ მთელი ჩემი ემოცია უნდა გადმომეცა ფურცელზე და ამის შემდეგ ვქმნიდი სიურეალიზმებს. ეს არის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელსაც თან უნდა დაურთო შინაარსი და დამთვალიერებელმა მისი წაკითხვა უნდა შეძლოს, ასევე უნდა დაინახოს, იმ დროს რას ვგრძნობდი და ამოიკითხოს ჩემი სულის ძახილი.
– ასანთის ღერები, ქვის ნატეხები, კრისტალები, კბილის ჩხირები,  მუყაო – ეს მასალების არასრული ჩამონათვალია… 
– მუშაობის პროცესში ვიყენებ სხვადასხვა მასალას, შემდგომ პინცეტის საშუალებით ვაწებებ. ძირითადად, კარკასი იდგმება და სხვადასხვა მასალით მისი მოპირკეთება ხდება.
–  სასტუმრო ოთახში თქვენ მიერ შექმნილი ბარელიეფი გიკიდიათ…
– სახლში მაქვს ბარელიეფი, რომელიც სარემონტო მასალა შპაკლით შეიქმნა. ნამუშევარი სიბრტყიდან გამოწეულია. ამ ნამუშევარზე გამოსახულია ქალი – რვაფეხა. სულ ვცდილობდი, ყველაფერი მომესწრო – საოჯახო საქმიანობა, მუშაობა, შვილების მოვლა და ხშირად ვიმეორებდი, ნეტავ, რვა ხელი მქონდეს, რომ ყველაფერი მოვასწრო-მეთქი. სწორედ ეს გახდა ჩემი შემოქმედების წყარო, შემექმნა ბარელიეფი – რვაფეხა. ასე დაიბადა ჩემი შედევრი, რომელიც დღეს მილამაზებს სასტუმრო ოთახს.
– კარიკატურული თოჯინები… ვინ გიკვეთავთ, ძირითადად?
– კარიკატურული თოჯინები ძალიან მოთხოვნადია. ის დადებით ემოციებს აღძრავს და ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა მიკვეთავს. ასევე ვქმნი პორტრეტულ თოჯინებს.
ხართ პედაგოგი, ასწავლიჩუღურეთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში... როგორ უთავსებთ პედაგოგობას თქვენს საქმიანობას და ოჯახს?
– ვმუშაობ ნახევარი განაკვეთით, მხოლოდ შაბათ-კვირას. დანარჩენი დღეები ვარ სახლში და მრჩება იმის დროც, რომ ყურადღება გადავანაწილო  ოჯახზე და 3 შვილზე.
– ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაციის წევრი ხართ…
– ვმონაწილეობთ გამოფენა-ფესტივალებში, ვატარებთ მასტერკლასებს. ვუზიარებთ ჩვენი ხელოვნების მიმდინარეობას ფართო საზოგადოებას და ვზრუნავთ მის პოპულარიზაციაზე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია, პორტრეტული თოჯინების შექმნა თვითშრობადი თიხით.
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– მიმიღია გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა და საკუთარი ნამუშევრების რეალიზება მომიხდენია. არტ-გენის აქტიური მონაწილე ვარ.
სამომავლოდ მინდა მქონდეს პერსონალური გამოფენა, სადაც საზოგადოება გამიცნობს. მინდა ვიმოგზაურო სხვადასხვა უცხო ქვეყანაში და გავეცნო მათ არქიტექტურას. მინდა, როგორც ხელოვანი, გამიცნოს სრულიად საქართველომ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები