სოზარ სუბარი: ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიას საქციელი იყო იმ პროვოკაციების კულმინაცია, რომლებსაც ბოლო დღეებში „ნაცმოძრაობის“ წევრები აკეთებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვაა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, არ გამოუვათ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.

„რაც დღეს ნიკა მელიამ გააკეთა ევროკავშირის ოფისთან, იყო კულმინაცია იმ პროვოკაციებისა, რომლებსაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი სხვადასხვა დონის ლიდერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ორი თვის განმავლობაში ყველა ვხედავდით, რომ
ძალიან მშვიდ ვითარებაში მიდიოდა საარჩევნო კამპანია, თუ ამას კამპანია დაერქმევა, როდესაც ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად კამპანიასაც კი ვერ აწარმოებდნენ. ამან, როგორც ჩანს, ისინი შეაშფოთა და ბოლო დღეების განმავლობაში წავიდნენ პროვოკაციებზე სხვადასხვა რეგიონში. დღეს უკვე უშუალოდ მათი პარტიის თავმჯდომარემ იკადრა ის, რომ პროვოკაცია ევროკავშირის საელჩოსთან მოაწყო და სცადა, ირაკლი კობახიძე გამოეწვია, მაგრამ მას არ გამოუვიდა. აქედან კარგად ჩანს, რა არის მათი მიზანი. მიზანი არის არა არჩევნები, არამედ ვითარების დაძაბვა, რომ არჩევნების მეორე დღეს მიაღწიონ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე – ნიკა მელია და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები