ორიოდე თვის წინ, ნიჟნი-ნოვგოროდში, გალერეა „ლუნაში“, ქართველი მხატვრის ვახტანგ ჯანიაშვილის პერსონალური გამოფენა – „ქართული ზღაპრები“ გაიმართა.
გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ქალთა საბჭო, საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობა ნიჟნი-ნოვგოროდში, რომელსაც ვახტანგ ჯანიაშვილის მეუღლე არტმენეჯერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სლავური ფილოლოგიისა და და კულტურის კათედრის დოცენტი ანა ტალანოვა ხელმძღვანელობს.
საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ქეთევან გაბრუაშვილის თქმით, ქალთა საბჭოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში საქართველოში ვახტანგ ჯანიაშვილის გამოფენა გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ჯანიაშვილი მხატვართა ოჯახიდანაა. მამამისი ბონდო ჯანიაშვილი კარგი მხატვარი იყო. ძირითადად, პეიზაჟებს და ნატურმორტებს ხატავდა.
თავის დროზე მისი შემოქმედებასათანადოდ შეაფასა თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილმა.
„ბონდო ჯანიაშვილის ნახატებში, მის ტილოებში დასრულებული მხატვარი, შემოქმედი ჩანს, მაგრამ ეს „სისრულეც“ ახლის ძეიბისკენ მიდის. თითქოს ახლისაკენ ისწრაფვის. განახლებისაკენ, როგორც დედაბუნება… არის მასში ქართული, ჩვენი ეროვნული, არის მასში რაღაც აღმოსავლური ეგზოტიკა. ჩინური თუ იაპონური ფერწერის იუველირული ტექნიკის ნიშან-თვისებაც. მისი ფერი თავისთავადია, ორიგინალური. მონასმი – აზრობრივად დატვირთული. სწორედ კოლორიტით, ცოცხალი ფერითა და ფუნჯის მისეული მონასმით იქმნება შესანიშნავი ფერწერული ეფექტი“…
ამბობენ, რომ თავისებური მანერა ჰქონდა ფერწერაში, რომელსაც თვითონ მიაკვლია. ამერიკა-საქართველოს საწარმო „ლილეო-არტის“ მეშვეობით, ბონდო ჯანიაშვილის 19 ნახატია ამერიკის შეერთებუბლ შტატებში გატანილი. მისი ფერტილოები არის გერმანიაში, ესპანეთში, ჩინეთში, ინგლისში, ჩეხეთში…
სამწუხაროდ, ნაადრევად, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამის კვალზე, შვილი ვახტანგიც ბავშვობიდან ხატავდა.
ოჯახის ტრადიციას აგრძელებს ვახტანგის შვილი – ლუკა, რომელიც უკვე მრავალი ნახატის ავტორია.
ვახტანგ ჯანიაშვილი დღეს რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია. იგი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.
– დაიბადეთ თბილისში. რა იყო საინტერესო თქვენი ბავშვობიდან?
– კი, დავიბადე თბილისში, მაგრამ ჩემი წინაპრები კახეთიდან და წყნეთიდან იყვნენ. ბებია, დედის მხრიდან, უკრაინელი იყო. მისი ოჯახი დონეცკიდან იყო. დიდი პაპა შახტების მეპატრონე იყო. დედაჩემის მამამ ბებია ომის პერიოდში გაიცნო ხარკოვში და ომის შემდეგ წყნეთში ჩამოიყვანა, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ.
მამაჩემის წინაპრები კახელები იყვნენ, თბილისში ბავშვობიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილები – ვაკის პარკი და კუს ტბა იყო, მაგრამ ჩემი უდიდესი სიყვარული კახეთს ეკუთვნოდა, სოფელ ანაგას, სადაც მამაჩემი დაიბადა.
ამასთან ერთად, ძალიან მეამაყებოდა, რომ ჩვენი სოფლიდან იყო უდიდესი ქართველი მომღერალი ჰამლეტ გონაშვილი. ძალიან მიყვარდა ბებოსთან და პაპასთან ერთად ვენახში სიარული, მიყვარდა ცხენები და როდესაც მეკითხებოდნენ, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, ვპასუხობდი -„კახელი’’ ან მხატვარი.
– მამა ბონდო ჯანიაშვილი მხატვარი იყო, მან მოხატა სოფლის სახლი, ალბათ მამის ფაქტორma განაპირობა, მხატვარი რომ გახდით?
– მამაჩემი ბონდო ჯანიაშვილი, ძალიან ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან. ის 31 წლის იყო, როდესაც ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ 7 წლის ვიყავი, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვასწარით ერთთმანეთთან დაახლოება. მამას ბავშვობიდან იტაცებდა მხატვრობა და ცურვა. ანაგაში ჩცენს სახლში და ჩემი დეიდის სახლში – საქობოში კედლებზე შემორჩენილია მოხატულობა, მამაჩემის მიერ შესრულებული. ახლობლები მათ ძალიან უფრთხილდებიან.
მამამ თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა, ერთხანს კერამიკამაც გაიტაცა. სამწუხაროდ, ძალიან ადრე გარდაიცვალა. ამერიკაში პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა, მაგრამ არ დასცალდა, სამწუხაროდ.
– სკოლა… პირველი ნახატები…
– სკოლა არ მიყვარდა, ხშირად დავდიოდი „შატალოზე“ . მე-8 კლასიდან საერთოდ გამომაგდეს სკოლიდან, მაგრამ მე კარგად ვთამაშობდი კალათბურთს და მწვრთნელმა სპორტულ სკოლაში გადამიყვანა. 15 წლის ასაკში ჩავაბარე ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში.
– სტუდენტური წლები… ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ ჩააბარეთ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე…
– მოზარდი ვიყავი, როცა ხატვა დავიწყე. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ჩვენი ნათესავი, ცნობილი მხატვარი, მამუკა დიდებაშვილი. მან მომამზადა ნიკოლაძეში ჩასაბარებლადაც. ნიკოლაძეში გატარებული 4 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ბევრს ვხატავდი, ხშირად დავდიოდი ეტიუდებზე. გვასწავლიდნენ – ცნობილი ქართველი მხატვარი, რეალისტი მიხეილ (ბიჭიკო) გაბუნია, მხატვარი-გრაფიკოსი გია ცინცაძე, დამდგმელი მხატვარი ვაჟა ჯალაღონია, რომელიც რეზო გაბრიაძესთან მუშაობდა. ჯალაღონიასთან გავაკეთე სადიპლომო ნამუშევარი – „ქორწილი ნავში’’.
ნიკოლაძის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანე. ძნელი დრო იყო. ადრე დავქორწინდი, შემეძინა ქალიშვილი და მომიწია მუშაობის დაწყება. ვმუშაობდი რუსთაველის თეატრში მეხანძრედ, პარალელურად ვხატავდი და მშრალ ხიდზე ვყიდდი. შემდეგ ტიხრული მინანქრითაც დავინტერესდი.
– 2006 წლიდან ქართული ტიხრული მინანქრით დაინტერესდით. ფერთა გრადაციას ოსტატის ხელი ატყვია. რატომ ტიხრული მინანქარი?
– მინანქარი შემასწავლა მეგობარმა მოქანდაკემ პაპუნა დაბრუნდაშვილმა. ეს 2000-2001 წლებია, მინანქრის ბუმი. მაინტერესებდა ცხელი მინანქრის მხატვრული შესაძლებლობები. მიყვარს რთული ტიხრების დასმა, მინანქარი ამოუცნობია და ამით ძალიან მიტაცებს. სწორედ მინანქარმა მიმიყვანა მხატვართა კავშირში, რომელიც ძალიან საინტერესო გამოფენებს აწყობს მინანქრის ხელოვნებაში.
– თქვენს შემოქმედებაში შერწყნულია როგორც ქართული, ასევე ევროპული ფერწერის ტრადიციები, იპრესიონისტების მანერა. როგორ შეაფასებდით თქვენს ნამუშევრებს?
– ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი…მე ვმუშაობ სხვადასხვა ტექნიკით: ფერწერაში, გრაფიკაში, მინანქარში….ხანდახან არ არის ადვილი, გადაერთო ერთიდან მეორეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვადასხვა ფეროვნება გეხმარება, არ იდგე ერთ ადგილზე და წახვიდე წინ.
მხატვარი მუდმივად ახალი ფორმების ძიებაშია, ხშირად ფერწერა მეხმარება, მინანქარში ვიპოვო ფერთა გამა, ხოლო მინანქარი ანვითარებს ყურადღებას დეტალებზე, დეტალი მეხმარება, დეტალი ხელს უწყობს გამოსახულების დაკონკრეტებას. ეს არის მხატვრული გამოხატვის მძლავრი საშუალება.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ნამუშევრები მონაწილეობენ გამოფენებში და ზოგიერთი მათგანზე ექსპერტებმა გაამახვილეს ყურადღება.
– ნიჟნი-ნოვგოროდში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. როდის გადაწყვიტეთ სამშობლოს დატოვება?
– 2014 წ.მხატვარმა მეგობრებმა მიმიწვიეს ლიტვაში, კერძოდ, ვილნიუსში ფესტივალზე – „Anima Mundi’’, სადაც შევხვდი მომავალ მეუღლეს – ანას, რომელიც კურირებდა კონფერენციას. იმ დროისათვის გაცილებული ვიყავი პირველ მეუღლესთან და ჩვენი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა: ფესტივალიდან ორი კვირის შემდეგ ანა საქართველოში ჩამოვიდა სტუმრად და ერთ თვეში დავქორწინდით.
ვცხოვრობდით თბილისში, ერთი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა შემოქმედებითი სივრცე და მოგვეძებნა ახალი შესაძლებლობები, საცხოვრებლად ნიჟნი-ნოვგოროდში გადმოვედით.
– გაქვთ შემოქმედებითი ოჯახი – მეუღლე ანა ტალანოვა ხელოვნებათმცოდნეა. როგორ გიწყობს ხელს მეუღლე მუშაობაში?
– ანა ძალიან მიდგას მხარში. ჩვენი წარმატებები დიდი თანადგომისა და სიყვარულის საწინდარია. მე მადლიერი ვარ ღმერთის ჩვენი შეხვედრისთვის. 7 წელია ერთად ვართ, ორივეს სამი შვილი გვყავს. მე ქალ-ვაჟი და ანას – ვაჟი. სამივე განსხვავებულები არიან.
– შვილებიც ხელოვნებას გაჰყვნენ…
– რა თქმა უნდა, მიხარია, ხატვის ნიჭი რომ გრძელდება ჩემს ვაჟში. ლუკა 12 წლისაა, მაგრამ გრაფიკაში ძლიერია. ლიკაც ნიჭიერია, ზოგისთვის მუზის წყაროც კი გოგა პიპინაშვილის სტუდიაში ეუფლება თეატრის ხელოვნებას წლების განმავლობაში. წლის ბოლოს კი ხდება მისი შრომის შეჯამება სპექტაკლში თამაშით. ამ გზამ ლიკა მიიყვანა მიზნამდე, რომელსაც შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი ჰქვია. წელს ლიკა აბიტურიენტია… მინდა გზა დავულოცო.
– რას გვეტყვით ბოლოდროინდელ ნამუშევრებზე? რამდენად ნაყოფიერი იყო პანდემიის პერიოდი?
– ყველაფრისდა მიუხედავად, ყოველდღე ვმუშაობ. შევქმენი როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნახატები. პანდემიის დაწყებამდე დავამთავრე პოლიპტიქი – „წელიწადის დრონი’’, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მივუძღვენი. პოლიპტიქი მოიცავს ოთხ სურათს წელიწადის დროების მიხედვით, თვითეულ სურათს QR კოდით მიბმული აქვს გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოები და სინამდვილეში ეს ოთხი დრო ხდება ადამიანური ცხოვრების ფიზიკური და სულიერი გამოვლინების სიმბოლო.
„გაზაფხული“ – წარმოადგენს ნუშის აყვავების პერიოდს, მასთან „მიბმულია“ მუსიკა ფილმიდან – „როცა აყვავდა ნუში“.
„ზაფხული“ – ეძღვნება გია ყანჩელის და გიორგი დანელიას შემოქმედებით კავშირს. ყანჩელის მუსიკა ისმის გიორგი დანელიას თითქმის ყველა ფილმში. თავად კომპოზიტორი რეჟისორს თავის ერთერთ მასწავლებელთაგან მიიჩნევდა.
ნახატები უკავშირდება დანელიასა და ყანჩელის ორ ერთობლივ ნამუშევარს. ეს არის 1968 წელს გადაღებული ფილმი „არ დაიდარდო“ და „ქინ-ძა-ძას“ მულტიპლიკაციური ვერსია, რომელიც 45 წლის წინ გამოვიდა ეკრანებზე.
„შემოდგომა“ იყო შთაგონებული საოცარი სიმღერით – „ყვითელი ფოთლები“. იგი ეძღვნება შემოქმედებით სიმწიფეს და ამავე დროს გაცამტვერების პერიოდს.
თოვლიანი „ზამთარი“ – სიმშვიდისა და ძილის ასოციაცია – ასრულებს ციკლს, QR კოდი კი მნახველებს ამისამართებს ყანჩელის მესამე, განსაკუთრებულ სიმფონიასთან. ყველაფერი კი დაიწყო სვანეთში ჩაწერილი სამგლოვიარო ზარით, რომელსაც ყანჩელმა სიმფონიის შექმნამდე რამდენიმე ხნით ადრე მოუსმინა.
თავად კომპოზიტორი იხსენებდა:
ფოლკლორისტები სვანეთში აგროვებდნენ სამგლოვიარო სიმღერებს და ერთხელ ისე მოხდა, რომ მათ ვერ მოახერხეს მაგნიტოფონის დაყენება ოთახში (რადგან გარდაცვლილის ნათესავებმა ამის უფლება არ მისცეს) და მიკროფონების განლაგება მოუწიათ გარეთ, თითქმის სახლის ზღურბლთან. ფირზე დაფიქსირდა კუბოსთან მჯდარი მგლოვიარეთა მოთქმაც და ეზოში შეკრებილი მამაკაცების ზარიც – ვაჟკაცობისა და დიდებული ცხოვრების ნამღერი. სხვადასხვა სიმღერის სიმბიოზში ყანჩელმა დაინახა კაცობრიობის უკვდავება.
წელს პოლიპტიქი ნაჩვენები იქნა ა. სახაროვის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე, ნიჟნი ნოვგოროდში.
– გამოფენები გქონდათ დანიასა და ინგლისში. თქვენი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში – რუსეთში, ამერიკაში, დანიაში, საფრანგეთში… უახლოესი გამოფენა?
– არცთუ დიდი ხნის წინ გატაცებული ვიყავი გრაფიკით. შემოდგომაზე ყაზანის სამხატვრო მუზეუმში ბეჭდური გრაფიკის მე-6 ბიენალე გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემი სამი ლინოგრავიურა. ხოლო კალინიგრადში საიუვილერო გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ტიხრულ მინანქარში შესრულებული ჩემი ბეჭედი.
– ჰობი…
– რადგანაც მუდმივად ვზივარ სახელოსნოში, თავისუფალ დროს ჩვენ გვიყვარს აქტიური დასვენება, მაგალითად, ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობები და სხვა.
– ბოლოს ისევ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას. სამომავლო გეგმები….
– მე და ჩემი მეუღლე ვოცნებობთ საქართველოში გამოვიყენოთ გამოცდილება, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა გამოფენის ორგანიზებასა და კულტურული პროექტების განხორციელებაში.
– ახლა ნელ-ნელა უახლოვდებით მიზანს…
– დიახ, იქნებ გავხსნათ სოფელ ანაგაში პატარა რეზიდენცია, რომლის მიზანიც იქნება ინტერკულტურული კომუნიკაციები ხელოვნების კონტექსში.
თამარ შაიშმელაშვილი