ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელზე: „ნაცმოძრაობა“ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს იმას, რაც 5 წლის წინ თავად გააკეთა

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის უკან, რომლითაც ორგანიზაცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი იკვეთება.

მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ანალოგიური სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიმართა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს იმას, რაც 5 წლის წინ თავად გააკეთა. მაშინ, ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აბსურდული სარჩელი არ დააკმაყოფილა და რევოლუციური სცენარიც ჩაიშალა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ამგვარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2 ოქტომბრის არჩევნებში რაიმე წარმატების მიღწევის ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს.

„ამ ფონზე, ისინი ერთადერთ გამოსავალს ხელოვნური პრობლემების შექმნასა და ვითარების არევაში ხედავენ, თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვისაა განწირული. სამწუხაროა, რომ იმ ჯგუფების ამგვარი ქმედებები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებენ, ჩრდილს აყენებს არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტიტუტს, რომელიც, მათივე კვლევებით, ქართულ საზოგადოებაში ისედაც ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს. არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას NGO-ების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას ფასს უკარგავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები