„ბოლომდე ვიხარჯები და სულსა და გულს ვდებ თითოეულ ნამუშევარში“ – არქიტექტორი, რომელმაც ჰობი ძირითად საქმიანობად აქცია

პროფესიით არქიტექტორია, მაგრამ ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. პირველი ნამუშევრები სკოლის პერიოდს ეკუთვნის.
პოლიმერული თიხით პორტრეტულ სუვენირებს ამზადებს.
მრავალფეროვან  ნივთებს აკეთებს და ამ ეტაპზჰობი და გატაცება ძირითად საქმიანობად აქცია.
ამბობს, რომ ყველა ნივთის დამზადებისთვის ბოლომდე იხარჯებდა სულსა და გულს დებთითოეულ ნამუშევარში. – არქიტექტორისა და ხელოვანის ნიკა გაგლოშვილის პერსონა.
– ხელოვნების სიყვარული და მისით დაინტერესება ბავშვობიდანვე დაიწყო. დედაჩემი ფორტეპიანოს მასწავლებელია. მამაჩემი კარგად ხატავდა და მეც დამაინტერესა. დავიწყე ხატვა. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და მაშინვე რაღაც ხელნაკეთებსაც ვამზადებდი.
– ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეთ. პროფესიით არქიტექტორი  ხართ. მაგრამ ხატვა, ძერწვა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება ყოველთვის გიყვარდათ…
ტექნიკური უნივერსიტეტი ნამდვილად წარმატებით დავასრულე. სტიპენდიანტიც ვიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, არ არის სამუშაო ადგილები და ამიტომ ამ ეტაპზე საკუთარი პროფესიით ვერ ვმუშაობ. ხატვა, ხაზვა, ძერწვა და ხელნაკეთების დამზადება რომ მეხერხებოდა, სწორედ მაგიტომ გადავწყვიტე არქიტექტურა. მშობლების რჩევაც ეს იყო. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სფეროა არქიტექტურა. მიყვარს ჩემი პროფესია, და თუ ოდესმე მუშაობის საშუალება მომეცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი საინტერესო პროექტის გაკეთებას შევძლებ.
– პირველი ნამუშევრები…
– პირველი ნამუშევრები სკოლის პერიოდში მახსენდება. მაშინ დავიწყე ხატვაც, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადებაც. ბევრი სკოლაშიც დავტოვე  მასწავლებლებთან. მაგალითად: ხის ურემი, სასანთლე, მოლეკულისა და ატომის მცირე მოდელები და სხვა.
განი • GANI handmade   გაქვთ თქვენი გვერდი, სადაც საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ჟირაფებს, ციყვებს, გრინჩებს, სასმელებს, საჭმელებს, ანიმაციის პერსონაჟებს….
– მრავალფეროვან ნივთებს ვამზადებ და მოთხოვნილება თითქმის ყველაფერზეა, რასაც ვაკეთებ. ძირითადად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ და მათი სურვილით ვამზადებ სხვადასხვა ნივთს. ესენია, ჭიქები, ბრელოკები, სამკაულები, სუვენირები და სხვა.
– თქვენს გვერდზე ასევე განთავსებულია პოლიმერული თიხით კარიკატურის სტილში შექმნილი ადამიანები და თოჯინები… პორტრეტულ სუვენირებს ამზადებთ…
– საკმაოდ მოთხოვნადია ფოტოს მსგავსი ფიგურებიც. ვამზადებ ბრელოკებზეც და ჭიქებზეც. ძალიან ორიგინალური საჩუქარია, როდესაც ადამიანს მისი გამოსახულებით დამზადებულ ბრელოკს ან ჭიქას ჩუქნი. მიკვეთავენ როგორც დაბადების დღეებისთვის, ნათლობისთვის, ქორწილისთვის, ასევე შობა-ახალი წლისთვის და სხვა დღესასწაულებისთვის. მთელი წლის მანძილზე მაქვს შეკვეთები და ვცდილობ, ადრესატების გახარებაში დავეხმარო ყველას.
– თითოეული ნამუშევრის შექმნის პროცესი ალბათ რაღაცით საინტერესოა…
– ცალკე რომელიმეს ვერ გამოვარჩევ. ყველა ხელნაკეთი ნივთის დამზადების პროცესი თავისებურად საინტერესოა. ახალი აღმოჩენები და მიგნებები. ახალი შედეგები…
– როგორ მუშაობთ?
– ხელოვანს, როდესაც რაიმე ახალს ქმნის, ყოველთვის სჭირდება შთაგონება. თუ შეკვეთას ვამზადებ, მაშინ უფრო ვცდილობ, კარგი განწყობა შევიქმნა, რომ  უფრო კარგი ნამუშევარი გამოვიდეს. ყველა ნივთის დამზადებისთვის ბოლომდე ვიხარჯები და სულსა და გულს ვდებ თითოეულ ჩემს ნამუშევარში.
– პანდემია და ხელოვნება. ამ მხრივ როგორ იმოქმედა კარანტინმა თქვენზე – დადებითად თუ უარყოფითად?
– პანდემიამ ისევე როგორც ყველაზე, ჩემზეც უარყოფითად იმოქმედა. განსაკუთრებით პირველი ტალღის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა. ხალხი უფრო საკვები პროდუქტების მომარაგებაზე ზრუნავდა, ვიდრე საჩუქრებზე. არც დაბადების დღეებზე დადიოდნენ და – არც დღესასწაულებზე. შესაბამისად, შეკვეთებიც საერთოდ შეჩერდა. შემდგომში შევეჩვიეთ კორონასთან ერთად ცხოვრებას და ქვეყანაც ამოძრავდა. ისევ მივიღე შეკვეთები და დავიწყე მუშაობა.
– გატაცებული იყავით ფოტოხელოვნებით, ფეისბუქკონკურსებშიც გაიმარჯვეთ… თუ აგრძელებთ ამ მხრივ მოღვაწეობას?
– ფოტოხელოვნება სკოლის პერიოდიდან მაინტერესებდა და მოყვარულის დონეზე სულ ვიღებდი სურათება, რაც რამე საინტერესოდ და ლამაზად მომეჩვენებოდა. დღემდე ვაგრძელებ. რამდენიმე ფოტოკონკურსი მოვიგე ფეისბუქზე, რამაც ძალიან გამახარა. მიყვარს გამოწვევები. კარგია, როდესაც სხვადასხვა სფეროში რაღაც მცირეოდენ წარმატებას მაინც აღწევ.
– პროფესიით თუ მუშაობთ? და როგორ უთავსებთ ძირითად საქმიანობას და თქვენს გატაცებას ხელნაკეთი ნივთებით?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, არქიტექტურა წარმატებით დავამთავრე, მაგრამ, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილების სიმცირის გამო ჯერჯერობით ვერ დავსაქმდი. ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. თუ ოდესმე ამ მიმართულებით დავსაქმდები, ბევრ საინტერესო პროექტს შევქმნი. სწორედ ამიტომ ვაქციე ჩემი ჰობი და გატაცება ჩემს ძირითად საქმიანობად ამ ეტაპზე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ხატვა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ფოტოების გადაღება, ნადირობა, თევზაობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, ასევე ვვარჯიშობ და ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ა.შ.
– დღეს უამრავი ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს. როგორ უნდა იყო ასეთ დროს ყველაზე საინტერესო?
– ნამდვილად ბევრი ხელნაკეთების გვერდია სოციალურ ქსელებში. საინტერესო იქნები, როდესაც ორიგინალურ, განსხვავებულ და გამორჩეულ პროდუქციას შექმნი. როდესაც გექნება შენი ხელწერა და მაღალი ხარისხი, მაშინ მიმხმარებელი შენ აგირჩევს. ამ კონკურენტულ გარემოში მე არასოდეს მქონია მაგის პრობლემა. საკმაოდ ბევრი დამკვეთი მყავს და ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის ჩემ შესახებ.
– სამომავლო გეგმები…
– ამ ეტაპზე გამოფენის გაკეთებას არ ვაპირებ. ფიზიკურად დრო არ მაქვს, რომ ჩემი სურვილით დავამზადო რაიმე ნივთები და გამოვფინო. ძირითადად, ინდივიდუალურ შეკვეთებზე ვმუშაობ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები