ადვოკატ ლეილა გარსევანიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყვარელში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული შალვა მელიქიშვილი დანაშაულის ჩადენის მოტივად ბანკის ვალს ასახელებს.
ამის შესახებ გარსევანიშვილმა ჟურნალისტებს შალვა მელიქიშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც ადვოკატი ამბობს, მელიქიშვილს 52 ათას ლარამდე „თიბისი ბანკის“ ვალი აქვს.
„მოტივი ფინანსური მდგომარეობაა. მას 52 ათას ლარამდე ვალი ჰქონდა „თიბისი ბანკის“, რის გამოც ბინას გაუყიდდნენ. მან გადაწყვიტა, რომ ბანკში შესულიყო.
ამასთან, ვერაფერს გეტყვით ბრალის გადაკვალიფიცირებაზე. სამი მუხლით აქვს ბრალდება წარდგენილი და როდესაც მტკიცებულებები სრულად შეიკრიბება, მერე შესაძლებელია მოხდეს გადაკვალიფიცირება, ან სასამართლო განხილვის დროს. როგორც ბრალდებული ამბობს, თავიდან ნახევარი მილიონი დოლარი მოვითხოვეო და ჩავთვალე, რომ ნახევარი მილიონი ლარიც უნდა მომეთხოვაო, იმიტომ, რომ ლარიც საჭიროაო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შალვა მელიქიშვილი ყვარელში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 49 წლის შალვა მელიქიშვილი დააკავა.