შსს-ს თანამშრომლების, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება
შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, მასობრივი აცრის პროცესი ინტენსიურად გრძელდება როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში.
“თბილისის ზღვის პლაზაში” გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.
თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესისა და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან “ფაიზერის”, „სინოვაკის” ან „სინოფარმის“ ვაქცინით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 70%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია.