„ხატვა საოცრად მამშვიდებს და სხვა სამყაროში გადავყავარ“ – პედაგოგი და ხელოვანი, პანდემიის თემა და ყავის მარცვლებისგან შექმნილი დეკორაციები

ბავშვობიდან ხატავს, უყვარს ხელოვნება, წერს ლექსებს, ქარგავს… სწავლობდ სკოლალიცეუმანიში“, რომლის დასრულების შემდეგ სულხანსაბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
ამჟამად მუშაობაღმზრდელ პედაგოგად მჭევრის დამოუკიდებელ ბიზნესსკოლასთან არსებულ საბავშვო ბაღში – „პატარა ბიზნესმენები“. „წლის საუკეთესო მასწავლებელი 2019“-ის გამარჯვებული.
ამბობს, რომ საოცრად უყვარს საკუთარი პროფესია და ხელოვნება. საბავშვო ბაღში ზეიმებისთვის არაერთი დეკორაცია ააწყო.  ახლახან  კი სურვილი გაუჩნდა, ყავის მარცვლებისგან სამზარეულოს ინტერიერის დეკორაციები შეექმნა. – პედაგოგისა და ხელოვანის, თინათინ თოთლაძის პერსონა.

– ბავშვობა ჩემთვის დაუვიწყარი წლებია. სწორედ იქიდან იღებს სათავეს ყოველივე კარგი, რაც ჩემშია… დედამ შემაყვარა წიგნი და პოეზია, ჯერ კიდევ სამი წლისამ ვიცოდი ,,ვეფხისტყაოსანი”, წიგნი იყო ბუნებრივი მოთხოვნილება და არა რუტინა…  მამა… ის ადამიანია, ვინც მასწავლა, პირველ რიგში, ვყოფილიყავი ადამიანი და ამას სულ ვცდილობ. ბებიამ შემაყვარა კერვა და გატაცებით ვუკერავდი თოჯინებს.
ხატვა სამი წლისამ დავიწყე და ნახატები შემდგომ სკოლის თვალსაჩინოების დაფას ამშვენებდა, სახლში ვაწყობდი სკოლას, სადაც ყოველთვის ვირგებდი მასწავლებლის როლს, ასევე სოფლად ვატარებდი ზეიმებს, სადაც თავად ვწერდი პროგრამას და ვყიდდი ბილეთებს. ეს მაბედნიერებდა.
სულხანსაბას უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ფილოლოგობა ვარჩიე, რადგან მსურდა გრამატიკულად და სწორედ მცოდნოდა ქართული ენა, რადგან: ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს და ოლიმპიადებშიც ყოველთვის ვმონაწილეობდი. სკოლაში მუდამ ვირჩევდი თავისუფალ თემას, რაშიც გვაკლდებოდა ერთი ნიშანი. მე კი მაინტერესებდა, რას დავწერდი და რა გამომივიდოდა, ეს სტიმული იყო ჩემთვის…

სკოლის მოხატული კედელი

– საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი ხართ. „წლის საუკეთესო მასწავლებელი-2019“-ის გამარჯვებული. რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
– მინდა გითხრათ, რომ ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა, საამისოდ დიდი შრომაა საჭირო, შემდგომ კი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ჯილდო კიდევ უფრო განამტკიცო, მაგრამ ერთს მოგახსენებთ, მთავარი მაინც საკუთარი საქმის სიყვარული და პატარებისთვის დაუზოგავი შრომაა. ისინი მოციმციმე ვარსკვლავები არიან და მე მოვალე ვარ, მათ სულიერ და გონებრივ გაბრწყინებაში დავეხმარო.
მასწავლებლობა, სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ მხრივ – მათში თითოეული უნარის განვითარება დიდი სიხარულია ჩემთვის. სწორედ ისინი არიან ნაყოფი ჩემი შრომისა… თუმცა მე ყოველთვის მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან და სულ სიახლეების ძიებაში ვარ, მასწავლებლობა – გზაა უსასრულო განვითარებისკენ…

მუყაოს და ჟატის ქაღალდით შექმნილი დეკორაცია

– წერთ ლექსებს, ხატავთ, ქარგავთ, აწყობთ დეკორაციებს ბაღში… პედაგოგობასთან ერთად ხელოვნებაც გიყვართ… როგორ მუშაობთ?
– პროფესია და ხელოვნება  ჩემთვის განუყოფელია, ყოველთვის ვცდილობ, გამოვნახო დრო და ერთმანეთს შევუთავსო… ხატვა საოცრად მამშვიდებს და სხვა სამყაროში გადავყავარ,  ჩემ მიერ შესრულებული ბოლო ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ნახატს მუყაოზე – „კოვიდ 19”, რომელიც პანდემიას ასახავს იმედით, რომ მალე დავამარცხებთ…
– ყავის მარცვლებისგან სამზარეულოს ინტერიერის დეკორაციები შექმენით. კიდევ რის გაკეთებას აპირებთ ყავის მარცვლებით?
– ის, რომ ჩემი დღე იწყება ფინჯანი ყავით და მიყვარს მისი სურნელი, გამიჩნდა იდეა, რატომაც არა, თუ ვცდი და მისი მარცვლებით შევქმნი მრავალი ქალბატონისთვის სასურველ დეკორაციას სამზარეულოს ინტერიერისთვის, რაც, დამეთანხმებით, საოცრად დადებით ემოციას იწვევს. ვაპირებ, კიდევ მეტად დავხვეწო და საინტერესო ნამუშევრები შევქმნა.

– ერთი ლექსი…

*    *    *
მე ჩემს აზრებს თითქოს ვეჭიდავები,
ბედუკუღმართს, რას გაუგებ ცხოვრებას,
უგზოობის წერტილამდე მოვედით,
ყველაფერი, თითქოს გვეცოტავება….
აზრი არ აქვს, რამდენი და როგორ გაქვს,
გაუმაძღრის სუნი ასდის სამყოფელს
და საღორეს ემგვანება ცხოვრება,
დაგვავიწყდა, რომ კეთილი გვაოცებს!
რას ვიღვაწით, რა აზრი აქვს ნაბიჯებს,
თუკი წინსვლის დაგვიკარგავს შეგრძნება,
რას მოვიმკით, იმას ვებღაუჭებით,
რა დავთესეთ, აზრშიც არ გვაგონდება.
რომ უფალი მეფობს, არა მეფენი,
რომ სიკეთე ბევრად უფრო დიდია,
ბოროტების კარიბჭესთან დამსხდარნი,
პირჯვარს ვიწერთ, ვამბობთ.. ღმერთი დიდია!
– პანდემია და ხელოვნება… როგორ იმოქმედა თქვენზე კარანტინმა, დაებითად თუ უარყოფითად?
– ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე… ვიტყოდი, რომ მოხდა რაღაცების გადაფასება, სულიერი სამყარო ფრიად აუცილებელია, ის საზრდოა, რომელიც გკვებავს და საშუალებას არ გაძლევს, მოდუნდე. ვიტყოდი, რომ როგორც ხატვა, ქარგვა, დეკორაციების შექმნაც, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცაღა ხერხდება, ყველა რესურსით სცადო და მაინც რაღაცა შექმნა,ესთეტიკურად სასიამოვნო. ვფიქრობ, ამ პანდემიას ამ მხრივ აქვს რაღაც დადებითიც და ვთვლი, რომ პოზიტივი ყოველთვის საჭიროა!
ოჯახი... ორი ვაჟის დედა ხართ…

– „ჩემი ოჯახი,
ო…. ფიქრი დიდი
და სიყვარულის უსასრულობა,
მიწიდან ცამდე სავალი ხიდი
თვით ფასეული,
დღის საოცრება“.  (თ.თოთლაძე)
ოჯახი ყოველთვის მხარში მიდგას და ჩემი დიდი გულშემატკივარია. რომ არა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, გამიჭირდებოდა, ამისთვის ფრიად მადლიერი ვარ მისი.
– ჰობი…
-კონკრეტულად ერთის არჩევა გამიჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვით –  ხატვა…
– სამომავლოდ…
– სამომავლო გეგმებზე საუბარი ცოტა ძნელია, ზოგადი ვითარებიდან  გამომდინარე, თუმცაღა ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია, მთავარია, არ გაჩერდე.
ჩემი დევიზია – „წინ შემოქმედებითი სიახლეების ძიებაში”. დავტოვოთ მეტი კეთილი სიტყვა, გავავრცელოთ სიყვარული და პოზიტივი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები