„პრემიერმა ბრიუსელში ნაყოფიერი ვიზიტი გამართა“
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს. როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრებზე ყველა ის საკითხი გაახმაურა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ალექსი პეტრიაშვილმა ნატოს დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიღწევები ალიანსის გადაწყვეტილებებზე ადეკვატურად აისახება.
“ეს შეხვედრები კონკრეტული შედეგებით დასრულდა საქართველო-ნატოს, საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. პირველი, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს არჩევანის მიმართ და აღინიშნა, რომ დაუშვებელია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახალი ღობეების მშენებლობა. მეორე, უმნიშვნელოვანესია, რომ სულ რამდენიმე დღეში ჩამოვა ნატოს სამხედრო კომიტეტი პირველი ვიზიტით – ესაა ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო და უმნიშვნელოვანესია, რომ ის ზუსტად იმ პერიოდში ჩამოდის, როცა საქართველოს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყანაში შედგება უმაღლესი დონის არაერთი ვიზიტი, როგორც ევროკავშირის, ისე ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან.
“თვის ბოლოს ჩამოვა ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბატონი ოტინგერი, მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვევა შტეფან ფულე, ასევე დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ რომპეის ვიზიტი ზაფხულამდე, ისევე როგორც საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდეტმა ბაროზომ”, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.